რამდენიმე თვეა, ეროვნული ბიბლიოთეკის
ლიტერატურული ფორუმი ებლიტფო ახორციელებს უნიკალურ პროექტს "ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი". 1776 მსურველს შეუძლია გადაწეროს ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი, ამ ხელნაწერებით კი გამოიცემა ერთადერთი გამოცემა, რომელიც შეინახება ეროვნული ბიბლიოთეკის რარიტეტის განყოფილებაში. ეს წიგნი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ გაფორმდება სპეციალურად მისთვის შექმნილი ილუსტრაციებით – მათი მოწოდება ასევე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. უკვე გადაწერილია პოემის 7 თავი და არსებობს რამდენიმე ილუსტრაცია. წიგნი აიკინძება ტყავის ორიგინალურ ყდაში, ხოლო ელექტრონული ვარიანტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამისათვის ზრუნვა უკვე დაწყებულია: ეროვნული ბიბლიოთეკის საიტის
ელექტრონული ბიბლიოთეკის განყოფილებაში ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნისთვის" მომზადდა
გვერდი, სადაც განთავსებულია როგორც პოემის სრული ტექსტი, ისე – ხელნაწერები. გვერდს აქვს საძიებო სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გადამწერების მოძებნა. ეს კი ასე ხდება:
შედით ზემოთ აღნიშნული გვერდის თემატურ კატალოგში –
თემატიკა, გახსენით ვეფხისტყაოსნის განყოფილება ("გამოცემები") და ნახეთ წიგნის 61 თავი. დააწკაპუნეთ სასურველ თავზე და აირჩიეთ ტექსტი ან ხელნაწერი დოკუმენტი. ხოლო ხელნაწერებში გადამწერის მოსაძებნად
ძებნაში ჩაწერეთ გვარი. მოძიებულ დოკუმენტში ის ყვითელი ფერით მოინიშნება.
ჯერჯერობით გადაწერილია 7 თავი და, შესაბამისად, ხელნაწერებიც საიტზეა განთავსებული.
შემოუერთდით ამ მშვენიერ პროექტს –
ფორუმ ებლიტფოს ფეისბუკის გვერდზე ყოველკვირა ქვეყნდება გადასაწერი სტროფები. ამოირჩიეთ და ამავე გვერდზე დააფიქსირეთ, რომელ მათგანს გადაწერთ (რადგან, არჩევანის დაფიქსირების გარეშე ჩაითვლება, რომ სტროფი გადასაწერი დარჩა და მას ბიბლიოთეკის თანამშრომლებიდან რომელიმე მსურველი გადაწერს); თაბახის ფურცელზე გადაწერილი ტექსტი მიიტანეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ (III) კორპუსში, ან სკანერით გადაღებული გაგზავნეთ ფოსტაზე:
giorgi_x2000@yahoo.com თქვენი ხელნაწერი შეინახება ეროვნული ბიბლიოთეკაში, მისი ელექტრონული ვარიანტი კი წიგნისთვის მომზადდება.
გარდა გადაწერისა, ფორუმში გამოითქვა სურვილი, რომ მსურველებს გამოეგზავნათ ვიდეოჩანაწერები, სადაც წაიკითხავდნენ "ვეფხისტყაოსნის" თითო სტროფს. უკვე არაერთი ჩანაწერი არსებობს, მათი ნახვა ასევე
ებლიტფოს გვერდზე შეგიძლიათ.