Showing posts with label ვეფხისტყაოსანი. Show all posts
Showing posts with label ვეფხისტყაოსანი. Show all posts

Friday, October 26, 2012

ახალი გამოცემა: ყვავილნარი

წელს ნაბეჭდი "ვეფხისტყაოსნის" 300 წელი აღინიშნება, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად ეხმაურება. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა იყო. ეს პროექტი შარშან დაიწყო და თითქმის დასრულებულია. სიახლე კი ის გამოცემაა, რომელზეც ახლა მინდა, დავწერო: ალბათ გსმენიათ ე. წ. "ყვავილების ფლირტის" შესახებ, იქნებ თქვენს ბებიებსაც შემორჩათ ძველი, ყვავილებიანი ბარათები და გინახავთ კიდეც. ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა სწორედ ყვავილების ფლირტია, ოღონდ რუსთაველის ციტატებით გაფორმებული. ილუსტრაციები (ჩემთვის "ვეფხისტყაოსნის" ალბათ ყველაზე საყვარელი ილუსტრაციები) ეკუთვნის მე-17 საუკუნის მხატვარს და პოემის გადამწერს – მამუკა თავაქარაშვილს, მცენარეების სახელწოდებები ალექსანდრე მაყაშვილის ბოტანიკის ლექსიკონიდან არის შერჩეული:

Friday, June 10, 2011

ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი"

რამდენიმე თვეა, ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმი ებლიტფო ახორციელებს უნიკალურ პროექტს "ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი". 1776 მსურველს შეუძლია გადაწეროს ვეფხისტყაოსნის ერთი სტროფი, ამ ხელნაწერებით კი გამოიცემა ერთადერთი გამოცემა, რომელიც შეინახება ეროვნული ბიბლიოთეკის რარიტეტის განყოფილებაში. ეს წიგნი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ გაფორმდება სპეციალურად მისთვის შექმნილი ილუსტრაციებით – მათი მოწოდება ასევე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. უკვე გადაწერილია პოემის 7 თავი და არსებობს რამდენიმე ილუსტრაცია. წიგნი აიკინძება ტყავის ორიგინალურ ყდაში, ხოლო ელექტრონული ვარიანტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამისათვის ზრუნვა უკვე დაწყებულია: ეროვნული ბიბლიოთეკის საიტის ელექტრონული ბიბლიოთეკის განყოფილებაში ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნისთვის" მომზადდა გვერდი, სადაც განთავსებულია როგორც პოემის სრული ტექსტი, ისე – ხელნაწერები. გვერდს აქვს საძიებო სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გადამწერების მოძებნა. ეს კი ასე ხდება:
შედით ზემოთ აღნიშნული გვერდის თემატურ კატალოგში – თემატიკა, გახსენით ვეფხისტყაოსნის განყოფილება ("გამოცემები") და ნახეთ წიგნის 61 თავი. დააწკაპუნეთ სასურველ თავზე და აირჩიეთ ტექსტი ან ხელნაწერი დოკუმენტი. ხოლო ხელნაწერებში გადამწერის მოსაძებნად ძებნაში ჩაწერეთ გვარი. მოძიებულ დოკუმენტში ის ყვითელი ფერით მოინიშნება.
ჯერჯერობით გადაწერილია 7 თავი და, შესაბამისად, ხელნაწერებიც საიტზეა განთავსებული.

შემოუერთდით ამ მშვენიერ პროექტს – ფორუმ ებლიტფოს ფეისბუკის გვერდზე ყოველკვირა ქვეყნდება გადასაწერი სტროფები. ამოირჩიეთ და ამავე გვერდზე დააფიქსირეთ, რომელ მათგანს გადაწერთ (რადგან, არჩევანის დაფიქსირების გარეშე ჩაითვლება, რომ სტროფი გადასაწერი დარჩა და მას ბიბლიოთეკის თანამშრომლებიდან რომელიმე მსურველი გადაწერს); თაბახის ფურცელზე გადაწერილი ტექსტი მიიტანეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ (III) კორპუსში, ან სკანერით გადაღებული გაგზავნეთ ფოსტაზე: giorgi_x2000@yahoo.com
თქვენი ხელნაწერი შეინახება ეროვნული ბიბლიოთეკაში, მისი ელექტრონული ვარიანტი კი წიგნისთვის მომზადდება.

გარდა გადაწერისა, ფორუმში გამოითქვა სურვილი, რომ მსურველებს გამოეგზავნათ ვიდეოჩანაწერები, სადაც წაიკითხავდნენ "ვეფხისტყაოსნის" თითო სტროფს. უკვე არაერთი ჩანაწერი არსებობს, მათი ნახვა ასევე ებლიტფოს გვერდზე შეგიძლიათ.

Saturday, June 27, 2009

წიგნის ფესტივალი' 09

გახლდით, როგორც ყოველ წელს, ანუ მთელწლიან მოლოდინს + ორი დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ წიგნს ვერ ვიძენ, საშინლად ცხელა და უკვე მეორე წელია, ფესტივალის სახელწოდებაც არ მომწონს (პატარა ქვეყნის კომპლექსის გამოვლინება – შავი ზღვის ფესტივალად მონათვლა რომ არ მომეწონა, ამაზე ჯერ კიდევ შარშან დავწერე აქ), მაინც ყოველთვის საზეიმო განწყობით მივდივარ – დიდ ფართში გამოფენილი ახალი წიგნების ნახვა ძალიან მიყვარს.

მაშ ასე, დღეს: პირველი, რაც პავილიონში შესვლისას თვალში მომხვდა, სტენდების წინა წლებისგან განსხვავებული განლაგება იყო და, ჩემი აზრით, წარმატებულიც – ასე ფართი სრულად ათვისებული ჩანდა. თუ რითი იყო ათვისებული, სხვა საქმეა: ვფიქრობ, წელს გაცილებით ნაკლები გამომცემლობა იყო წარმოდგენილი. ფასები – არც თუ დიდად განსხვავდებოდა მაღაზიების ფასებისგან. საერთოდაც, ბოლო წლებში ასეა. წიგნის მაღალი საგამომცემლო ღირებულების ფონზე მაღაზიების პროცენტის ჩამოკლება დიდ განსხვავებას არ იძლევა. ასევე, ჩემი იქ ყოფნის რამდენიმე საათის მანძილზე, მგონი შედარებით ნაკლები პრეზენტაცია ჩატარდა. წინა წლებში გაცილებით მეტი ფუსფუსი მახსოვს, საათების მიხედვით გაწერილი. ჰო, კიდევ, რაც თვალსა და ცხვირს არ გამოეპარა – "დიოგენეს" წიგნებს დამწვრის სუნი ასდიოდა.. მაგალითად, კენ კიზის წიგნს გვერდებიც შეტრუსული ჰქონდა. ისე კი, მათგან ერთი სასურველი წიგნის შეძენა ვეღარ მოვახერხე.

რამდენიმე პროზაულ კრებულთან ერთად ჩემი "ყველაზე" შენაძენი "თბილისური სადარბაზოებია". ეს ხომ ჩემი საოცარი გატაცებაა – ძველი აივნებისა და სადარბაზოების გადაღება; ჰოდა, რომ დავინახე და გადავფურცლე, პირველი ის ვიფიქრე, უსაშველო ფასი არ ჰქონდეს–მეთქი, რადგან კარგი ხარისხის ფურცელზეა დაბეჭდილი. ისე, წიგნში ბევრი ლამაზი სადარბაზო არ არის შესული. რამდენიმე უნიკალური კადრი მეც მაქვს გადაღებული და თბილისში კიდევ არაერთია გადასაღები. გამოცემის ფორმატი ალბათ მეტი მასალის განთავსების საშუალებას არც იძლევა, ამიტომ ვფიქრობ, განსხვავებული ფორმატით და აკინძვით ინფორმაციულად გაცილებით მასშტაბური გამოცემის მომზადება შეიძლება. ასე თუ ისე, შენაძენით კმაყოფილი ვარ და ამ ზაფხულს ერთგვარ გზამკვლევადაც გამოვიყენებ თბილისური სადარბაზოების დალაშქრვისას.
აქვე, ერთ პრეზენტაციაზეც: "ვეფხისტყაოსნის" მე-100, მინიატურულ გამოცემას ვგულისხმობ. ადრე დავწერე მის შესახებ. დღეს პრეზენტაციასთან ერთად ფესტივალის ისტორიაში პირველი აუქციონიც ჩატარდა: ამ გამოცემის ერთი ცალი, რომელიც განსხვავდება დანარჩენი 600–ისგან – აქვს განსაკუთრებული ყდა და ჩასადები, გამოცემის მხატვრის, ქეთი მატაბელისვე ერთ ნამუშევართან ერთად 750 ლარად გამოიტანეს. რა თქმა უნდა, მყიდველი არ გამოჩნდა (მიუხედავად იმისა, რომ ეს ფასი ნამდვილად ღირდა), სამაგიეროდ ეს ყველაფერი საჩუქრად გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ჰო, კიდევ: შინ მოსულმა, "კურიერის" სიუჟეტში იმდენი შეუსაბამობა მოვისმინე, რომ მომინდა, ორი წუთით საინფორმაციო ბლოკის უფროსი (თუ რაც ჰქვია) ვყოფილიყავი.. ყველაფერთან ერთად ისიც თქვეს, რომ ეს "ვეფხისტყაოსანი" ეროვნულ მუზეუმს გადაეცა და ფესტივალი კი, დღეს დამთავრდა..
მოკლედ (თუმცა, მოკლედ არ გამომივიდა), ასეთი იყო ჩემი თვალით დანახული წიგნის მე-11 ფესტივალი, შავი ზღვისა. ვინ იცის, მომავალ წელს, იქნებ მის აკვატორიასაც გავცდეთ :)

Wednesday, May 13, 2009

ვეფხისტყაოსანი 1712-2008


დღეს კიდევ ერთხელ გამიხარდა და, რა თქმა უნდა, სიხარულის მიზეზზე აქაც დავწერ:
ეს "ვეფხისტყაოსნის" ბიბლიოგრაფიაა, რომელშიც 1712 წლიდან დღემდე, საქართველოში და უცხოეთში დაბეჭდილი ყველა გამოცემა შევიდა, ანუ: მსოფლიოს 37 ქვეყანაში, 46 ენაზე დაბეჭდილი 383 წიგნის აღწერილობა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ასეთი ბიბლიოგრაფია საქართველოში ჯერ არ შედგენილა და, მგონი, არც მის ფარგლებს გარეთ: თითოეულ აღწერილობას გამოცემის ყდისა და ტიტულის ფურცლის ფერადი ფოტო ახლავს.
აქვე, წიგნის მაღალ პოლიგრაფიულ ხარისხს აღვნიშნავ;
გარეკანი კი: შეგიძლიათ, თქვენი მესამე თვალი "მოიმარჯვოთ" და.. ყდაზე რუსთაველის პორტრეტი დაინახოთ.
ბიბლიოგრაფიის შემდგენლები ლევან თაქთაქიშვილი და მამუკა ჩხეიძე არიან. წიგნი გამომცემლობა "სეზანმა" დაბეჭდა. ამ წიგნზე მუშაობისას დადგინდა, რომ 2009 წლამდე "ვეფხისტყაოსნის"
99 ქართული გამოცემა არსებობდა; მე-100 – წელს, ამავე გამომცემლობამ და "თიბისი" ბანკმა დაბეჭდეს (მინდა, გითხრათ, ძალიან ლამაზი, მინიატურული ზომის სასაჩუქრე წიგნებია).
მოკლედ, ძალიან მომწონს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

და ბოლოს:
ამ საოცრად კარგი გამოცემის სარედაქციო ჯგუფის წევრი ვარ.
მოკლედ, ამ თვეში ჩემი მუშაობის ორი შედეგი ვნახე – ორი მნიშვნელოვანი გამოცემის სახით და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

პ. ს. ფოტოები არც თუ კარგი ხარისხის გამომივიდა, მაგრამ შთაბეჭდილების შესაქმნელად არა უშავს :)
როგორც წინა წიგნის ფოტოს, აქაც საავტორო ლოგოები დავურთე.