Friday, August 31, 2012

ქონდარი და პიტნა

ქონდარი შემიყვარდა. უფრო სწორედ, თავიდან აღმოვაჩინე. დედა ზამთრისთვის მწვანილებს ახმობდა ხოლმე და ამას წინათ ერთ ქილაში ქონდარი ვნახე. უცებ გამახსენდა კონკრეტული საღამო: ვისხედით ტელევიზორთან, აღარ ვიცი რას ვუყვებოდი, თავზე რომ გადამისვა ქონდრისსუნიანი ხელი. ეს კარგად მახსოვს სუნის გამო, ვუთხარი კიდეც. ხშირად შეგრძნებებს ხომ უფრო იმახსოვრებს ადამიანი, ვიდრე კონკრეტულ სიტყვებს.
ბრინჯი შევაზავე შარშანდელი ქონდრით და მეორე დღეს ბაზარში ვიყიდე რამდენიმე კონა; გავრეცხე, შევუდექი საქმეს: დავჭერი, გავფინე... და ახლა მაქვს ორიოდე მუჭა გამხმარი ქონდარი და მქონდა ქონდრის სუნიანი თითებიც, ოღონდ საკუთარ თმას ვერ მოვეფერე.

მეორე, რაც თავიდან შევიყვარე, პიტნაა. ნუ, პიტნის სუნი ბავშვობიდან მიყვარს – ჩვენი ეზოს სუნია. აქ სხვა მოგონება ჩნდება: რეცხავდა დედა პიტნის ქორფა, გრძელ ღეროებს და წნავდა. ძალიან საყვარელი იყო ეს ნაწნავები, სარეცხის თოკზე გასახმობად ჩამოკიდებული. პიტნის ჩაი მას და მამას უყვარდათ; ერთ დროს მეც, სანამ არ მივხვდი, რომ საკმარისი იყო, დამელია – მთვლემდა. გადავეჩვიე. ვუყურებდი ხოლმე, როგორ აყენებდა დედა ჩაის და მისი ჭიქიდან წამოსული სუნიც მყოფნიდა. ჰოდა ახლა, მგონი იმ, ჭიქიდან წამოსული სუნის ხათრით დავაყენე ჩაი... და მორჩა: მწვანე, ჟასმინიანი ჩაის დღიურ ულუფას – რამდენიმე ჭიქას – ერთი გამოაკლდა პიტნის ხარჯზე. მერე რა, რომ ჩემს დაბალ წნევას უფრო დაბლა სწევს. მჭირდება ეს სუნი.
ეს სუნები.

10 comments:

Rode said...

აუ,

რა კარგია.

სუნები.

Anonymous said...

არომატზე კარგად ვერაფერი აღვივებს მოგონებებს....
ლამაზარომატიანი ჩანაწერია..

Keti said...

* ჰო, როდე.

* აკუნკულა, გეთანხმები. მადლობა და კეთილი იყოს შენი მობრძანება:)

Janri Gogeshvili said...

სასიამოვნო სევდას აღძრავს. ..
მოგონებების ტყვე, მიჯაჭვულობა, წარსულის საბურველში შეყუჟვა… გვირჩევენ ვერიდოთ ამგვარ ”გადახრებს”… მაგრამ მე როგორც მკითხველს მსიამოვნებს მშობლებს, რომ ასე თბილად იგონებ. განსაკუთრებით მამას…
კარგი კრებული გამოვა…
თუ ეს კომენტარი ”დამამძიმებლად” მოგეჩვენება, უბრალოდ წაშალე…
კეთილი სურვილებით…

Keti said...

როგორც არ უნდა გვირჩიონ, არ გამომივა სხვაგვარად – ყველაფერი მათ მაგონებს.
მამას გოგო ვარ, მისი ალი–კვალი...
ბატონო ჯანრი, დიდი მადლობა კომენტარისთვის! ასევე კეთილი სურვილებით...

Sophie שרה Golden said...

თითქოს ვიგრძენი პიტნის და ქონდრის სურნელიც. პიტნა არა და ქონდარი მაქვს, გამხმარი, საქართველოდან ჩამოტანილი და კარადას რომ გამოვაღებ, ვგრძნობ...
რა კარგია ასეთი მოგონებები. ზღაპარივით რა ტკბილად და თბილად აღწერე, დედამ რომ თავზე ხელი გადაგისვა და მისი ხელების სურნელი რომ დაგამახსოვრდა.
რა კარგი შვილი ხარ.

Keti said...

სოფი, რატომღაც მგონია, რომ უცხოეთში საქართველოდან გამოგზავნილი ასეთი რამეები – სუნელები და ერთი შეხედვით წვრილმანები ბევრს უნდა ნიშნავდეს...
დიდი მადლობა!

Sophie שרה Golden said...

კი, ასეა, ქეთი.

Lord Vader said...

ეს პოსტი ადრეც წავიკითხე და ისე მომეწონა, რომ მინდოდა რაღაც დამეწერა მარა ვერ დავწერე.
არადა, ახლაც ვერაფერს ვწერ.

Keti said...

გამიხარდა შენი გამოჩენა. მადლობა, ლორდ!