Saturday, October 27, 2012

24 საათი

საჩუქარი
რამდენი თვეა, ჩემი თავისთვის არაფერი მიყიდია. აი, საჩუქრის მსგავსი, უბრალოდ ლამაზი რამ, რისი დანახვაც გსიამოვნებს. დღეს უცებ გადავწყვიტე. მოვიტანე შინ, დავდე მაგიდაზე და ვთქვი – ნახე, რა ვიყიდე. დამაკლდა ღიმილი და თბილი სიტყვები.

შაბათი
შაბათ დღეს რიტუალი შეემატა: 9 საათზე ეკლესიაში ვარ. ვწერ მოსახსენებელს, ვუსმენ გალობას და მოვდივარ. ღმერთთან სასაუბროდ, თუკი ამის სურვილი მიჩნდება, სპეციალური გარემო არ მჭირდება ხოლმე; ეკლესიაშიც მხოლოდ მაშინ შევდივარ, როცა გული მიმიწევს. ეს კი იშვიათად ხდება, რადგან არ მიყვარს ხალხმრავალი და დოგმატური ადგილები. ხანდახან, ამ შაბათების გამო, ჩემ თავს ვეუბნები, დედამ ეკლესიასთან მიმაბრუნა-მეთქი. ისე მოხდა, რომ შაბათობით იქ გულიც მიმიწევს.

გალობა
ხომ არის რაღაცები, რასაც გვინდა, ვფლობდეთ და ვიცით, რომ ვერა? ასეთი რაღაცების სიაში გალობაც მივამატე. ძალიან მსიამოვნებს ეკლესიის პატარა გუნდის მოსმენა. დღეს კი ტირილი მომინდა და წამოვედი.

გეგმა
ცუდი გრძნობაა, როცა რაღაცას გეგმავ დასვენების დღისთვის და ბანალური მიზეზით ჩაგეშლება – გაწვიმდა. სხვა გეგმები შევასრულე – ძირითადად საშინაო დავალებები.

სიხარული
ძალიან უნდა დაბნელდეს, რომ სინათლის დრო დადგეს. თუნდაც პატარა სხივების გამოჩენის. ბოლო 24 საათი ცოტა ნათელი მქონდა.

5 comments:

Tina Nadiradze said...

გალობა მეც ძალიან მიყვარს, ქართულიც, რუსულიც, ბოლო დროს სერბული შემიყვარდა. ჰოლანდიაში ცხოვრებისას რუსულ ეკლესიაში დავდიოდი და იქ ნიდერლანდურად და შიგადაშიგ ძველ სლავურად გალობდნენ. კიდევ კარგი, ნახევრად ბნელოდა, ვერავინ ხედავდა ჩემს ცრემლებს. იმ პატარა ტაძარში თერთმეტი ეროვნების, სულ სხვადასხვა ბედის და ბიოგრაფიის ადამიანი იყო. ყველა გულში თავ-თავის ენაზე ლოცულობდა. ეს ძალიან მაღელვებდა და გულს მიჩუყებდა. იქ ყოფნისას მივხვდი, რომ ჩვენს რეალობაში რელიგია იმდენად ორგანულია, რომ თითქოს არაფერი, we take it for granted. იქ როცა იმდენი ადამიანი დავინახე, რომელთაც რწმენა აერთიანებდა, ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. მაშინ რწმენის მქონე ადამიანი წარმოვიდგინე, როგორც ჩვეულებრივი ფიგურა, რომელსაც ხელზე დიდი მბრწყინავი ბრილიანტი უკეთია. ასე ამშვენებს რწმენა ადამიანს :)

Toma said...

რა იყიდე დღეს? ხანდახან მე მაქვს ხოლმე მსგავისი გაელვებები, მინდა ჩემ ტავს გავუკეთო საჩუქარი, დავაჯილდოვო. ამ წელს საყურეები ვიყიდე საქრთველოში და სულ მიკეთია.

ეკლესიაში მეც შენსავით დავდიარ, როცა გული მიმიწევს. თავის დაძალებას აზრი არ აქვს, ეგ უკვე არ იქნება გულწრფელი ქცევა ჩემის აზრით.

ქეთი, ჩემი აზრით თუ გეტირება ჯობია იტირო. გალობაზე მეც მეტირება ყველაზე არა მაგრამ არიან მგალობლები რომლებიც პირდაპირ სულამდე ჩადიან. რატომ მეტირება არ ვიცი ოღონდ.

Keti said...

@ თინიტა, რა ლამაზად თქვი რწმენაზე და ლამაზი ისტორია მოჰყევი! მე არასდროს მომისმენია გალობა ნიდერლანდურად და ძველ სლავურად, არც უცხოეთში ვყოფილვარ ეკლესიაში. ალბათ ძალიან ამაღელვებელი იყო...



@ ტომა, კულონი ვიყიდე. იშვიათად მინდება ხოლმე სამკაულის ყიდვა. გუშინ არ ვიცი, რატომ მივედი იმ განყოფილებასთან, რაღაც გაუცნობიერებლად მოხდა და რომ დავინახე, გვერდი ვეღარ ავუარე.

ჰო, თუ გულით არ გინდა, აზრი არ აქვს სიარულს... ჯობია იშვიათად მიხვიდე, მაგრამ ნამდვილად გინდოდეს მისვლა.

ადრეც ხომ ვუსმენდი ამათ, მაგრამ გუშინ რატომ მომინდა ტირილი, არ ვიცი. ახალი ხმაც ჰყავდათ დამატებული, მამაკაცის. თუმცა მარტო ამის გამო არ მგონია, მართლა სულამდე ჩავიდნენ.

Sophie שרה Golden said...

სიმღერასავით ლამაზი პოსტი იყო და თინიტას კომენტარიც როგორ მოუხდა, ვზივარ და ვკითხულობ სიამოვნებით.

ქართული გალობა ძალიან ლამაზია. ბერძნულიც მომისმენია, რუსულიც, მაგრამ ქართული ისეთია, სევდიანი, ნაზი, თბილი და მოკრძალებული, როგორიც, ჩემი აზრით, უნდა იყოს კიდეც მართლმადიდებლური რელიგია – არაფანატიკური და ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველოში რელიგია ასეთიც იყო უმეტეს შემთხვევაში (აი, აქეთ მიბაძოს ევროპამ ტოლერანტობაში).

ახლა მეც გამახსენდა, ვენეციაში რომ ვიყავი 2010–ში, შაბათს შუადღისას მარტომ გავისეირნე და ერთი ლამაზი ეკლესიის წინ ჩავიარე, ისე უკრავდა ვიღაც ორღანზე, მინდოდა თვალები დამეხუჭა და მის მელოდიაში გავფანტულიყავი.

უცნაური რამეა მუსიკა/სიმღერა, არც ეროვნება აქვს, არც რელიგია – ზუსტად ეს არის ნამდვილი ღმრთისბოძებული ნიჭიც და სილამაზეც, ალბათ...

Keti said...

მადლობა, სოფი!
გეთანხმები, არაფანატიკური უნდა იყოს...

ორღანსაც რა საოცარი ჟღერადობა აქვს. მართლაც, მუსიკას არც რელიგია აქვს და არც ეროვნება, ყველას სჭირდება ის და პოულობს თავის მუსიკას.