სოც. ქსელში უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების ჯგუფი ჩემი
საყვარელი ჯგუფია. იმ შესაძლებლობის არქონით გამოწვეულ სევდას, რომ მყავდეს შინ
ცხოველი, იქ შესვლით ვიქარვებ ხოლმე. თან მომწონს ხალხი, რომელიც ცხოველების
მიმართ სიყვარულს ღიად აფიქსირებს და კარგ საქმეებზე ჰყვება – როგორ
პატრონობენ, იცავენ ძაღლმჭერებისგან, უვლიან როგორც საკუთარ, ისე თავშესაფრების ცხოველებს. ერთი გუნდია, შეკრული. სამწუხაროდ იქ
სევდიანი ისტორიებიც იდება – მიტოვებული ძაღლებისა, რომლებისთვისაც ერთობლივი
ძალებით ეძებენ ახალ პატრონებს და ხშირად პოულობენ კიდეც.
ამას
წინათ ერთი ლეკვის ამბავი გავრცელდა, ფოტოთი. ქუჩაში უნახავს ჯგუფის
წევრს.
მე იმ ფოტოს კარგად ვერ დავაკვირდი, იმდენად მძიმე სანახავი იყო.
ვეტერინარის
კომენტარი კი წავიკითხე – როგორც ჩანს, ვიღაცას ისე ამოუკრავს ლეკვისთვის
წიხლი,
რომ ცხვირი ახეული აქვს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – თავის ქალას
მოცილებული. დღეს გაუკეთეს ოპერაცია და ყველა იმედს იტოვებს, რომ
გადარჩება.
და რატომ ვწერ აქ:
ხომ შეიძლება ვინმე ისეთი ადამიანიც კითხულობდეს ჩემს ბლოგს, ვისაც არ
უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით უსახლკაროები და მათი დანახვისას ხელ-ფეხს ვერ აჩერებს?
ჰოდა,
ვინმე ისეთო ადამიანო,
რომ გიცნობდე, არასდროს გაპატიებდი სისასტიკეს და აღარასდროს
გავამჟღავნებდი, რომ გიცნობ. ვისურვებდი, ყველამ ასე იფიქროს შენზე. - - - - - -
ნეტში ამ ლეკვის ფოტოები გავრცელდა. ახლა უკვე ისე გამოიყურება, რომ თვალის გასწორებაც შეიძლება მისთვის. სამწუხაროდ, კბილები ასე დარჩება.
2 comments:
გინდა ცხოველებს მოქცევიხარ სასტიკად და გინდა ბავშვებს, ან მოხუცებს. ბევრი იტყვის, როგორ შეიძლება ასეთი პარალელი გავლებაო, მაგრამ ის პატარა ლეკვის ხომ ისეთივე უსუსურია, როგორიც ბავშვები და მოხუცები. თან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხმასაც ხომ ვერ გაგცემს ცხოველი.
ისე შემეცოდა ის ლეკვი და იმედია, გადარჩენა და კარგად იქნება.
ვერ ვიტყვი, ცხოველების დიდად მოყვარული ვიყო, ადამიანები მირჩევნია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთნაირად ვუყურებ: თუ ადამიანი ცხოველს ცუდად ექცევა, ის ადამიანებისადმიც საშინელი იქნება!!!
ზუსტად იგივე პოზიცია მაქვს, სოფი!
ახლა წავიკითხე, დამაკმაყოფილებელი დინამიკა აქვსო. გადარჩა, როგორც ჩანს. ვეტერინარი წერდა, ცხოვრებაში ამდენი არ მიფიქრია, რა სად მიმეკერებინა და გამოსავალი როგორ მეპოვნაო :(
Post a Comment