Saturday, October 20, 2012

მზესუმზირა

მზესუმზირა მიყვარს – როგორც ყველა ის ყვავილი, რომელიც მზეს მაგონებს.
და მზესუმზირა მიყვარს – შინ მოხალული. როცა რამე ფილმის ყურებას ვაპირებ, ჯერ მზესუმზირას ვიმარაგებ.
ამას წინათ, მოხალვის წინ, სამი მოზრდილი მარცვალი ამოვარჩიე, რამდენიმე საათით წყალში დავალბე და ყვავილის ქოთანში ჩავარჭე – იქნებ ამოვიდეს-მეთქი. ოღონდ დიდად დაიმედებული არ ვყოფილვარ, რადგან წელს ჩვენს ბაღში დათესილიც კი არ ამოსულა (ყოველ წელს ვთესავ, უბრალოდ ყვავილისთვის, რომ ვხედავდე). თუმცა ამჯერად, სამიდან ერთმა ამოჰყო თავკომბალა თავი :) ისე მაინტერესებს, რამხელა გაიზრდება და იყვავილებს თუ არა ბინის პირობებში. აი ასეთია ახლა:

შარშან ლესელიძეზე, ერთ აივანზე ვნახე, ქოთნით გამოედგათ. ისე საყვარელი იყო. რა თქმა უნდა, უფრო მცირე ზომის, ვიდრე ბაღში იზრდება. აივნიანი ბინის მეპატრონეების მშურს ხოლმე. თან არ მესმის, ხარახურის დასაყრელად როგორ იმეტებენ, ან ცარიელს როგორ ტოვებენ. ყველაზე ვიწრო თბილისურ აივანზეც კი მექნებოდა მცენარეები, სკამი და პატარა მაგიდა, სადაც სიამოვნებით დავლევდი ჩაის და წავიკითხავდი. ის კი არა, აივანზე მარწყვსაც დავრგავდი. ბოლო თვეებია, ყოველდღე ვსტუმრობ პინტერესტს. სხვა მსგავსი საიტებისგან ეს გამოვარჩიე. ჩემი საყვარელი კატეგორიები მებაღეობა და ხელნაკეთი ნივთებია. ორივე მეხერხება და სიამოვნებას მანიჭებს და სამწუხაროდ, არცერთისთვის მაქვს დრო.
პ.ს. ხვალ ჩვენს ქალაქგარე სახლში პირველად უნდა დავაფესვიანო ვარდის ანაჭრები. აქამდე დედა აკეთებდა ხოლმე. ახლა მე ვცდი. უკვე დროა ამინდის მხრივ.

8 comments:

Rode said...

საყვარელი ყლორტი :*
მერე რო გაიზრდება, მაგის ამბებიც მოყევი, მეც მაინტერესებს :)

Keti said...

კი, მოვყვები, იმედია გაყვავდება და ფოტოსაც გადავუღებ :)

Toma said...

mgonia gaizrdeba qotanshi, magram meechveba igive zomas miagcios rac chveulebrivi agcevs.

mzesumziris saqotne jishebi cota sxvaa, jujebi arian. magati tslis shedzenac sheidzlba.

Keti said...

მეც ასე მგონია, პატარა იქნება :)
საქოთნე ჯიშები კი არც მინახავს, არ ვიცი, ჩვენთან იყიდება თუ არა.

Tina Nadiradze said...

დაე, გაიზარდოს და მზეს უმზიროს! თვითონაც ხომ მზეს გავს! :)

Keti said...

ამ ორ დღეში ორჯერ მაღალი გახდა :)

Sophie שרה Golden said...

რა საოცრებაა ისე. საოცრებაა, როგორ დათესე და ამოყო პატარა თავი მიწიდან და რაღაც გაგებით, უკვე სიცოცხლე აქვს შენს პატარა მზესუმზირას.

რა კარგია, რომ გეხერხება ასეთი რაღაცები. მოგვიყევი კიდევ, რას დარგავ და რა ამოვა :)

Keti said...

სოფი, მეც ვფიქრობდი, ამ სამ მარცვალს გაუმართლა–მეთქი :)

ისე, მეორემაც ამოჰყო თავი მოგვიანებით. ასე რომ, ერთი უკვე აწოწილია, მეორე ისეთი, როგორც აქ – ფოტოზე :)