Tuesday, April 9, 2013

მიუწვდომელი ბ პუნქტი

გქონიათ შენობის ნოსტალგია? აი მე მაქვს. დღემდე, როცა რკინიგზის დეპარტამენტის შენობას ჩავუვლი, მინდება შევიდე შიგნით, ავიდე მეორე სართულზე, გავიარო გრძელი, მიხვეულ–მოხვეული დერეფანი და მოვძებნო ოთახი, რომელშიც ბავშვობაში ხშირად მივყავდი დედას – თავის ბიძასთან სტუმრად. არ ვარ დარწმუნებული, რომ დამოუკიდებლად მივაგნებ კონკრეტულ ოთახს, თუმცა ვინ იცის. ერთადერთი, ვიცი ის, რომ ეს რკინიგზის პროფკავშირების ოთახი იყო.
მახსოვს ამ ლაბირინთულ დერეფნებში (მაშინ ასე აღვიქვამდი) ჩამომდგარი სუნი, ფერადი ფანქრები, რომლებსაც მჩუქნიდა ძია მიშა, სიყვარული, რომლითაც მიღებდნენ ის და მისი თანამშრომლები.
აი ახლა, რომ მივიდე იქ და ვუთხრა, უბრალოდ შენობის დათვალიერება მინდა–მეთქი, არ მგონია, შემიშვან. რომ ვუთხრა – ნოსტალგიის გამო მივედი, ნორმალურად არ ჩამთვლიან :) გარეგნულად ეს შენობა არ შეცვლილა, ისევ ისეთია. იქნებ შიგნითაც, რა ვიცი.
უცნაურია, სკოლის შენობის მიმართ არ მაქვს ეს განცდა. ცოტათი ვიგრძენი უნვერსიტეტის მიმართ, ამას წინათ დამესიზმრა კიდეც. ჩემი ძველი სახლი ჯერაც ძალიან მასევდიანებს, ასე რომ, ვერიდები. მაინტერესებს რამდენიმე სოფლის ნახვა,  ასევე იმ ქალაქებისა და გზების, ბავშვობაში რომ ვყოფილვარ. ორი წლის წინ, წლების მერე, სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა რომ ვნახე, ძალიან განვიცადე... მაგრამ ეს რკინიგზის დეპარტამენტის შენობა მაინც სხვაა, "ცხვირწინ" არის და როცა გვერდს ვუვლი – ხან ტრანსპორტით, ხან ფეხით – ყოველთვის შესვლის სურვილი მიჩნდება. 

9 comments:

Tina Nadiradze said...

როგორ მიყვარს ასეთი ამბების კითხვა!

რა კარგი იყო, სანამ დრო აჩქარდებოდა, დღის რაღაც მონაკვეთში სამსახურში რომ შეგეძლო ვინმესთან შევლა...

მგონი, მაგ შენობაშია "ცისფერი მთები" გადაღებული... მეც მოვხვდი რამდენიმე წლის წინ არასამუშაო დღეს და დერეფნებმა მეც ძველი დრო მომაგონა.

ის წიგნი, შენ რომ მომაწოდე ელექტრონულად, ჯულია კანინგემის, იმიტომ მიყვარს, დედას თანამშრომელმა მაჩუქა ზუსტად ისეთ სიტუაციაში, შენ რომ აღწერე. ჯერ რაღაცით გამიმასპინძლდნენ, თბილად მიმიღეს და მერე წიგნი მაჩუქეს.

Keti said...

რა კარგად თქვი, თინიტა – "სანამ დრო აჩქარდებოდა". დედას თანამშრომლების ნაჩუქარი წიგნები მეც მაქვს, ჩემთვის საყვარელი წიგნები რომ გახდნენ მერე.

აქ არ დამიწერია დედას სამსახურზე – ის შენობა გაიყიდა და, როგორც დედა ამბობდა, სულ შეცვალეს. ჰოდა თითქოს შევეგუე აზრს, რომ რომც მივიდე, აღარაფერი დამხვდება ნაცნობი. არადა, ძალიან ლამაზი პერიოდი მაქვს იქ გატარებული.

"ცისფერ მთებზე" არ ვიცოდი. ახლა ვცდილობ, გავიხსენო კადრები და მსგავსება ვიპოვო.

Toma said...

შეიძლება სხვა შენობა შეცვლილი დაგხვდეს კიდეც და ასეც იქნება, მაგრამ მგონია განცდა დაგუბრუნდება ქეთი, ის განცდა რაც ადრე გქონდა.

ეს განცდის, ემოციის მეხსიერება ძალიან ძლიერია და იდეას, ფიქრსაც კი შეუძია მათი გამოწვევა :)

თუ ძალიან გინდა მისვლა, მიდი. შეგიშვებენ ქეთი.

Keti said...

ტომა, ალბათ ასეა. შეიძლება მივიდე კიდეც, იქნებ არ გამომაბრუნონ :)

Lord Vader said...

თვალებს ხუჭავ - გახელა არ მოგინდება.
რარაც ეგეთ განწყობაზე ვარ.

მეგონა ამ ბლოგს შეეშვი.

Lord Vader said...

რათქმაუნდა მეორე პოსტზე ვაკომენტებდი ჩემი ჭკუით :) მარა ამ ბლოგსფოთის ბრალია.

Keti said...

ტესტის პასუხი, ხომ?

არა, არ შევეშვი, უბრალოდ, ვერაფერს ვწერდი. მგონი გამიარა.

ოჰ, ეს ბლოგსფოთი :))

nastasia said...

მე ეგრე მამას მივყავდი ხოლმე თავის სამსახურში და მეც მახსოვს მისი თანამშრომელი ქალები, რომლებიც შემს გართობას სკრეპებით, ქაღალდებით და საბეწდი მანქანებით ცდილობდნენ.

მამაც რკინიგზაში მუშაობს მთელი ცხოვრებაა, ახლა ზუსტად მაგ შენობაშია, შენ რომელზეც წერ.

Keti said...

მართლა? აბა, შენც გეცოდინება ეგ ლაბირინთი–დერეფნები :)

მე ისე კარგად მახსენდება ეგ შენობა :)