Saturday, December 5, 2015

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი


პირველი ნაწილი


წლევანდელ ფესტივალზე, ჩემი დღის გრაფიკის, ფესტივალის საიტზე დადებული მოკლე ანოტაციების გაცნობისა და განწყობების შედეგად, არჩევანი 8 ფილმზე შევაჩერე. განწყობას ვახსენებ იმიტომ, რომ გარკვეულ ფილმებზე, რომლებზე დასასწრებად გრაფიკი  არ მიშლიდა ხელს, სწორედ რომ ამ მიზეზით ვთქვი უარი, მაგალითად, სორენტინოს ფილმზე. კინოზე პირველად ვწერ, ვნახოთ, რა გამოვა. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ: ტექსტი შეიძლება შეიცავდეს სპოილერებს.

პირველი დეკემბრის ფილმები:
„ნაჰიდი“ (Nahid)  (2015)
ქვეყანა: ირანი
რეჟისორი: იდა პანაჰანდე (Ida Panahandeh)

ნაჰიდი ირანული ფილმია და გვიამბობს, როგორ იზღუდება ამ ქვეყანაში ქალთა უფლებები, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება. პირადი ცხოვრების მიღმა ფილმში არაერთი ყოფითი სცენაა ნაჩვენები, რაც ირანული საზოგადოების ზოგად სახეს კარგად წარმოაჩენს. ფილმი იუმორითაც არის გაჯერებული. საბოლოო ჯამში ნორმალური ფილმია, მაგრამ არა ისეთი სულისშემძვრელი, როგორებიც სხვა ირანული ფილმები იყო, რაც მინახავს (თითქოს სხვანაირი არც უნდა იყოს ირანული კინო).


ქვეყანა: იტალია /გერმანია/შვეიცარია/კოსოვო/ალბანეთი
რეჟისორი: ლაურა ბისპური (Laura Bispuri

„აღთქმადადებული ქალწული“ ჩემთვის ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი აღმოჩნდა. მოგვითხრობს მთიელ გოგო ჰანაზე (ევროპის მთიან რეგიონებში შემორჩენილია ქალწულობის აღთქმის დადების ტრადიცია, როცა ქალს ოჯახში მამაკაცის ფუნქცია ენიჭება. ამ წესს ძირითადად უვაჟო ოჯახებში მიმართავენ, ქალი აღიქმება მამაკაცად, მას ასწავლიან კაცის უნარ-ჩვევებს, უცვლიან სახელს და შეძლებისდაგვარად გარეგნობასაც – უკრავენ მკერდს, ჭრიან თმას). სწორედ ასეთი აღთქმადადებული ქალწული ჩადის ალბანეთის მთებიდან ტირანაში, სადაც ნელ-ნელა უბრუნდება თავის ინდენტობას და თავიდან სწავლობს, თუ როგორ შეიძლება იყოს ქალი. საერთო ამბის მიღმა ჩანს ქალთა მძიმე ცხოვრება მთაში, სადაც მაქსიმუმ 60 წლამდე ცხოვრობენ ქალები და თუ რომელიმე 60 წელს გადასცდება, უკვე საოცრად იღბლიანია, თუმცა რა არის იღბლიანობა და რა არა, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. გადარჩება ის, ვინც გაიქცევა; ვინც იპოვის საკუთარ გზას ცივილიზებულ სამყაროში; ვისაც სიკვდილის წინ მთაში არ მოუწევს თავსნაშველები შვილისთვის გამოსათხოვარი წერილის დაწერა. ერთი სიტყვით, დასამახსოვრებელი და კარგად გაკეთებული ფილმია. ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი გარდაცვლილის დატირება იყო – როგორც ტრადიცია.  


ორი დეკემბერის ფილმების გამოტოვება თავისუფლად შეიძლებოდა – ვიფიქრე, რომ ტყუილად დავხარჯე დრო. ესენი იყო:

„ჰილდა“ (Hilda) (2014)
ქვეყანა: მექსიკა
რეჟისორი: ანდრეს კლარიონი (Andrés Clariond Rangel)

„ჰილდა“ – ეს იყო ლათინურამერიკული ამბავი ბოროტ მდიდრებზე და მათგან გაწამებულ მოსამსახურეებზე. ამბავი ქალზე, რომელიც შვილიშვილის ძიძას პირად მონად გაიხდის და მხოლოდ შემთხვევითობის გამო აღმოჩნდება მონის უბედურება ხანმოკლე. რიგში კი ახალი მონა დგება. მართალია, აქ აქცენტი იყო მდიდარ ხალხზე ამ ქვეყანაში, სადაც მათთვის ციხის კედლის მოხსნაც კი შეიძლება, თუ მდიდარი მამიკოს შვილს მასზე ლექსები აქვს ამოკაწრული და მოინდომებს მის წამოღებას, მაგრამ არც ის რჩება ყურადღების მიღმა, რომ ქალი, რომელსაც არაფერი აკლია მატერიალური თვალსაზრისით, სრულიად უინტერესოა ოჯახის წევრებისთვის, შესაბამისად, მას ემართება ისეთი ხარისხის აშლილობა, რომ მხოლოდ ახალგაზრდა მონას შეუძლია თავი ადამიანად ჩაათვლევინოს.


ქვეყანა: საფრანგეთი /ბელგია
რეჟისორი: ჟერომ ბონელი (Jerome Bonnell)


რაც შეეხება  ფილმს „ყველაფერი მათ შესახებ“: ფილმი სამეულზეა – გოგოზე, რომელიც ერთდროულად არის ბიჭის და მისი გოგოს შეყვარებული. საბოლოოდ სამეული ერთიანდება, თუმცა დროებით. ეს არის იუმორით გაჯერებული ფრანგული ფილმი (აქ იგულისხმება ახალგაზრდების შესახებ გადაღებული ფილმებისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ნიშან-თვისება: ბავშვურსახიანი, ტუჩებდაპრუწული (სულ ფრანგული ენის ბრალია) გოგოები, „ტუსოვკები“, სადაც გოგოები ყოველთვის ერთი მანერით ცეკვავენ და ა.შ.:) ამ დროს სულ ჩემი ბავშვობისდროინდელი სერიალი მახსენდება ხოლმე – „ელენი და ბიჭები“). იყო ერთი ეპიზოდი, სადაც გულით ვიცინე. ისე კი, დიდი არაფერი.

სამ დეკემბერს ვნახე „შორიდან“ (Desde allá) (2015):
ქვეყანა: ვენესუელა /მექსიკა
რეჟისორი: ლორენცო ვიგასი (Lorenzo Vigas Castes)

წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი და თბილისის ფესტივალზე ჩემთვის ჯერჯერობით ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი, რომელმაც დამტოვა გაბრაზებული მთავარ გმირზე, მაფიქრა ძალიან ბევრი, მაგრამ თან საშინლად განმიზიდა მთავარი გმირის მორალის გამო. ნუ, ყოჩაღ რეჟისორს, მიზანში გაარტყა. ფილმი ეხება შუახნის გეის, რომელიც ვუაიერისტია, ქუჩაში სთავაზობს ფულს პატარა ბიჭებს და აჰყავს სახლში. ელდერი 16-17 წლის ბიჭია, რომელიც არმანდოს მოთხოვნებს არ ემორჩილება, ფული მიაქვს და მიდის. თუმცა, როგორც ხვდებით, მათი გზები კვლავ გადაიკვეთება. გავბრაზდი იმიტომ, რომ ელდერი არის მამისგან დათრგუნული ბიჭი და ურთიერთობის დაწყებიდან მალევე ამ კაცში ქვეცნობიერად მამას ეძებს, დროთა განმავლობაში აღფრთოვანდება მისით, ყველაფერს უზიარებს, მათ შორის იმ ადგილს, სადაც მამას დაყავდა; ეკითხება, შვილი რომ ჰყავდეს, სცემდა თუ არა მას და უარყოფითი პასუხი აშკარად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან მას უმოწყალოდ სცემდნენ. „ველური“ ელდერი ნელ-ნელა შინაურდება, ის მზად არის დაწვეს არმანდოსთან და მეტიც, მზად არის მოკლას მისი გულისთვის, თუ არმანდოს ენდომება. პრაქტიკულად, ის უმოწყალოდ გამოყენებული ადამიანია. თუმცა თან ვფიქრობდი, იქნებ შიშის გამო გაწირა, რომ არ შეყვარებოდა. მაგრამ მალევე მიბრუნდება სიბრაზე:) მოკლედ, ბევრს მალაპარაკებს ეს ფილმი, ჯერაც ვერ ვიტან მთავარ გმირს:)


კვირის ბოლოს კიდევ სამ ფილმზე დავწერ და ცოტასაც – ფესტივალზე.
2015 წელს ეს ბლოგი ფესტივალების დღიურად იქცა, რას ვიზამთ, სხვა ვერაფრით ვაცოცხლებ:)


No comments: