ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც რეალურად სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი და მაინც, ჩემთვისაც გასაკვირად, მეგობრად ვთვლი (ეს კიდევ სხვა წერილის თემაა, ალბათ), ამ რამდენიმე თვის წინ მითხრა: შემოქმედი დღეში ხუთ საათს რომ საკუთარ შემოქმედებას დაუთმობს, მომდევნო ხუთი მის რეალიზაციას უნდა მოახმაროსო. ახალი არაფერი უთქვამს, მეც არაერთხელ მიფიქრია ამაზე (სხვა საქმეა, როგორ ვანხორციელებ), მაგრამ მას შემდეგ მისი სიტყვები ხშირად მახსენდება და დღესაც, წერილის დაწერას ამ საკითხზე შევეცდები. რაკი ჩემთვის სარეალიზაციო ის არის, რასაც ვწერ, ამ კუთხით ვიფიქრებ. სად შეიძლება, რომ მწერალმა/პოეტმა საქართველოში საკუთარი შემოქმედების გამოფენა – მკითხველამდე მიტანა შეძლოს? არის ვირტუალური და არავირტუალური სივრცეები, შესაბამისად – ღია და შედარებით დახურული (ან რთულად დასაძლევი). მათ შორის, ძირითადი:
- ინტერნეტ რესურსები: ბლოგები, ლიტერატურული საიტები/ფორუმები, სხვადასხვა სოციალური ქსელი
- ფურცლოვანი: პერიოდული გამოცემები, წიგნი
- ლიტერატურული კონკურსები
- "ცოცხალი": ლიტერატურული საღამოები
შევეცდები, თითოეულ მათგანზე გამოვთქვა აზრი, შეძლებისდაგვარად – მოკლედ. მანამდე კი, ორი სიტყვა წერილის სათაურზე: უმეტეს მკითხველს თვალწინ მაღაზიის დიდი ფანჯარა წარმოუდგება, მიუხედავად იმისა, რომ ვიტრინაში მხოლოდ გასაყიდი ნივთები არ აწყვია; ზოგს იქნებ, პროტესტის გრძნობაც გაუჩნდეს – როგორ შეიძლება მხარზე ნება–ნება ქნარმიდებულმა ადამიანმა გასაყიდ პროდუქტს შეადაროსო ქნარზე დამღერებული :) მათ ღიმილით და პირდაპირ ვეტყვი – ქნარი არ არსებობს, არც ფრთები და მენეჯმენტის სწორად წარმოება კი, მწერლისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც (პირობითად) ფურცლისა და კალმის ქონა. ერთია, საქართველოში მწერლებს თავად უწევთ მენეჯერობის შეთავსება – ვის წარმატებით (სულ რამდენიმე ვიცი ასეთი), ვის წარუმატებლად. მე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ყველაფერში გარკვევის მოსურნე ვარ, ჯერჯერობით.
შევეცდები, მალე დავუბრუნდე თემას და პირველ პუნქტად გამოტანილი – ვირტუალური სივრცის შესახებ დავწერო..