Showing posts with label მერიდიანი. Show all posts
Showing posts with label მერიდიანი. Show all posts

Wednesday, December 9, 2009

საღამო ეროვნულ ბიბლიოთეკაში

საოცრად დატვირთული ვარ ემოციებით. რაც დავბრუნდი, წერა მინდა და საწყის სიტყვას ვერ ვპოულობ. ვცდი:
პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვინც საღამოს დაესწრო და ამდენი სითბო გამოხატა! იმედი მაქვს, მათთვის ცოტათი საინტერესოსა თუ სასიამოვნოს შეთავაზება მეც შევძელი :)

როდესაც გიორგი კილაძემ წიგნის წარდგინების თარიღი მითხრა (დღე – რა თქმა უნდა, ტრადიციული – ოთხშაბათი. უკვე სამი წელია, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამოები ამ დღეს იმართება), შემეშინდა. ძირითადად იმის, რაზეც ცოტა ქვემოთ დავწერ. მოლოდინის ყველაზე სასიამოვნო მხარე მკითხველზე ფიქრი იყო, მით უმეტეს, ერთწლიანი სიჩუმის შემდეგ. ყოველთვის მაინტერსებდა მკითხველის აზრი, ნებისმიერი სახის: რა მოსწონთ და რა – ნაკლებად. შემიძლია ვთქვა, ყველა კომენტარი, რომელიც ვირტუალურად თუ პირად საუბრებში მიმიღია, გულწრფელად მიმაჩნია. აქედან გამომდინარე, ყველა გამოთქმული აზრი მნიშვნელოვანია და ყოველთვის მაფიქრებს. ეს საღამო ამ მხრივაც გამორჩეული იყო.

მგონია, ზუსტად ვერ გადმოვეცი მადლიერება, რასაც ვგრძნობდი; უამრავი სიტყვა დამეფანტა ღელვის გამო (შიშიც ამის მქონდა). შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი ფიქრების ჩემგან დამოუკიდებლად გახმოვანება, დამეხმარებოდა ალბათ :)
იქნებ ახლა მოვძებნო გაფანტული სიტყვები:
განსაკუთრებული მადლობა გიორგი კილაძეს მხარში ასე დგომისთვის – სიხარულისა თუ სიძნელეების გაზიარებისთვის! შეიძლება ითქვას, პირველი ლექსის გამოქვეყნებიდან საღამოს ჩატარების ჩათვლით – ჩემი "სვლა" მისი მეგზურობით მიმდინარეობდა. მეგზური კი ისეთია, ყველაზე საცალფეხო ბილიკზეც იმედიანად რომ დაეყრდნობი. მართლაც იშვიათია (ნებისმიერ სფეროში) ასეთი უანგარო ქომაგი და მისი ქომაგობა მხოლოდ მე არ შემხებია. საღამოს დამთავრების შემდეგ ვუთხარი – უძნელესია "იმ" სკამზე ჯდომა-მეთქი და მგონია, წამყვანობაც ასევე, ძალიან რთულია – მას ორის ნაცვლად უწევს ფიქრი. დღეს რამდენჯერმე მომცა "ამოსუნთქვის" საშუალება (არ ვიცი, დამსწრეებისთვის ეს შესამჩნევი იყო თუ არა). მისივე გამხნევებით კიდევ ერთი ბარიერი გადავლახე: ამ საღამოს არაერთი ლექსი წავიკითხე, მათ შორის ისინი, რომლებსაც მკითხველი მხოლოდ წიგნში გაეცნობა, საღამო კი სრულიად ახალი ლექსით დავამთავრე, რომელიც კრებულში არ შესულა. დიდი მადლობა სიურპრიზისთვის, რომელიც გიომ საღამოზე გაამხილა – ჩემი ლიტერატურული წერილების კრებულად გამოცემის შესახებ. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სულ მალე კი, მისი თანადგომით მარსიანის "ლიტერატურული საუბრები" გამოიცემა.

დღეს გამომცემლობა "მერიდიანის" შესახებ ვთქვი: "ის არ ჩქარობს და არასოდეს აგვიანებს". წიგნზე მუშაობა ავტორისთვის სასიამოვნო, მაგრამ ამავე დროს ურთულესი პროცესია და გამომცემლობის მიერ ნდობის გამართლება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მათ!

ასევე, განსაკუთრებული მადლობა ეროვნულ ბიბლიოთეკას, მის კულტურის პროგრამების განყოფილებას – საინფორმაციო მხარდაჭერისთვის; ყველას, ვინც საღამომდე თუ მისი მსვლელობისას გულწრფელი სითბო და აზრი გამოხატა: ბატონებს: ემზარ ჯგერენაიას, ლევან თაქთაქიშვილის, დათო შუღლიაშვილს, მარსიანს, გიორგი კობახიძეს; ქალბატონებს: ციური კოჭლაშვილს, ია ქადაგიძეს, რუსიკო ფანცულაიას, ანასტასიას... ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება, თითოეულ სტუმარს – ნაცნობს თუ უცნობს, უღრმესი მადლობა!
დიდი მადლობა ლიბ.გეს – საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.

თითქოს დავწერე ყველაფერი, მაგრამ ეს წერილიც უკმარისობის განცდას მიტოვებს – ვერ გადმოვცემ, რასაც ვგრძნობ საჩუქრისთვის, ჩემი საღამო რომ ერქვა.


------------
დღეს კიდევ ერთი სიურპრიზი დამხვდა.. საღამოს მიმოხილვა:
"პოეზია ნოტებად"
უღრმესი მადლობა მაიას!

Wednesday, December 2, 2009

!!!!!

აიაიაი.... :)))
წიგნი უკვე შინ მაქვს! არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო! უზომოდ მიხარია! ძალიან მომეწონა, ძალიან! და საოცარი გრძნობაა, ასე, დასრულებული რომ მიჭირავს ხელში...
ველოდი, რომ კარგი იქნებოდა, მოლოდინი კი გადაჭარბებით გამართლდა!
საღამოს, სტამბისკენ მიმავალს ცოტა არ იყოს, შემეშინდა; გული ისე მიცემდა... თან, გაღიმებული რომ ვიჯექი, ამას მგზავრების მზერით მივხვდი :)

და ახლა, ამ საღამოს, რამდენიმე ადამიანზე რომ არ დავწერო, შეუძლებელია!
პირველ რიგში კი მეგობარზე, ბლოგზეც რომ არაერთხელ ვახსენე, როცა წიგნისთვის გავლილ ეტაპებზე ვყვებოდი:
განსაკუთრებული მადლობა გიორგი კილაძეს ჩემთვის შეუფასებელი მხარდაჭერისთვის! აი, საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ... სულ თავიდან ვიტყვი: პირველი ლექსი მისი რჩევით, სამი წლის წინ, ფორუმ "ებლიტფოზე" გამოვაქვეყნე. რომ არა ეს ფორუმი, რომელიც გიორგიმ შექმნა, გარემო და განწყობა, რასაც ფორუმი გვთავაზობდა, ის რჩევა და გამხნევება – მე არ გავბედავდი გამხელას, რომ ვწერდი. იქნებ ეს უცნაურად ჟღერს კიდეც, მაგრამ ჩემი ხასიათის გამო ასე იქნებოდა. წიგნისთვის კი საოცრად დამიდგა გვერდში – მორალურად თუ საქმით! ყველა წვრილმანი მის ხელში... და მთელი ეს დრო შინაგანი სიმშვიდე, თავდაჯერებით მოლოდინი არ მომცილებია, ვიცოდი, რომ გული არ დამწყდებოდა. ასეც არის – შედეგი ძალიან კარგია! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! და ყველაფერში მხოლოდ ჩემ წიგნს არ ვგულისხმობ: ამ წლების მანძილზე ვხედავ სხვადასხვა თაობის ავტორების მიმართ მის ქომაგობას, ლიტერატურის სიყვარულს, უამრავ კარგ საქმეს... და მიხარია, რომ მას ვიცნობ!

რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა გამომცემლობა "მერიდიანს"! მის ხელმძღვანელს – ბატონ კახა რუსიძეს და თითოეულ თანამშრომელს – გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისთვის! დიზაინერს – დათო კუტუბიძეს, მაიკო კილაძეს, ასევე სტამბის თანამშრომლებს: ჯუმბერ (ჯუბა) მოთიაშვილს და მის დას – ლელას, შოთა დონაძეს, გოჩა ლაცაბიძეს და ყველა დანარჩენს – მათ სახელებს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ კეთილგანწყობას კი არასდროს დავივიწყებ! ძალიან გამახარეს შედეგით...

ასევე, დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე მხარში მედგა – გულით უხაროდა, ელოდა, მამხნევებდა. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის მხარდაჭერა. აქ, რა თქმა უნდა, თქვენ – ბლოგერებსაც გგულისხმობთ – ძალიან მახარებდა და მახარებს კეთილგანწყობა! ასევე რჩევები, არაერთხელ რომ შემომაშველეთ...

მოკლედ, ახლა ძალიან სენტიმენტალური ვარ :) და ისეთი განცდა მაქვს, რომ საკმარისად მაინც ვერ გამოვთქვი...
კიდევ... ვაცხადებ – მიყვარს ეს კრებული :)
მადლობა კიდევ ერთხელ!

Thursday, November 26, 2009

აკინძვამდე

დღის ტემპი – როგორც სტამბის ამუშავებული დანადგარებისა!
"მერიდიანის" ყოველდღიური ტემპი – ალბათ ისეთი, როგორიც ჩემთვის ამ დღის იყო..
ახლა შემიძლია ვთქვა, წიგნის ყველა "კომპონენტი" მზად არის. ცოტა ხნის წინ მთელი ტირაჟის ნახვაზე ვწერდი და არ დავაკონკრეტე – ტექსტს ვგულისხმობდი. დღეს კრებულის გასაფორმებელი ფოტოები ამოვბეჭდეთ და ამ საღამოს გარეკანიც ვნახე! ძალიან კმაყოფილი ვარ.. ამ კვირაში წიგნი საბოლოო სახეს მიიღებს. მე კი, ისევ თავიდან – მომდევნო კვირის გასვლას გამძაფრებული მოლოდინით დავუცდი..

უცნაური ემოცია მაქვს: მგონი წიგნში შესულ ლექსებს მთლად გავუუცხოვდი, დამოუკიდებლები გახდნენ. აი, ახლა ვფურცლავ სასიგნალო ეგზემპლარს და ამას უფრო მეტად ვგრძნობ. სამაგიეროდ სხვა ინტერესი მემატება – ვინ წაიკითხავს კრებულს და როგორ აღიქვამს (ოღონდ მკითხველებს არ ვაკლასიფიცირებ. უბრალოდ, მგონია, მთლად უცნობებიც კი კარგი ნაცნობები გახდებიან, ცალმხრივი ნაცნობები. მახსოვს, ერთხელ ვთქვი, ყველა ლექსში ვარ გაბნეული-მეთქი. ჰოდა, ცალმხრივობის მიღმა გადახედვა მინდა). იქნებ სხვა დროს უკეთ ავხსნა..
მოლოდინზე ლექსშიც ვწერდი. თუმცა, მას მერე ერთი ემოცია უამრავად იქცა. თუნდაც იმად, რაც ზემოთ ვთქვი...
წარდგინების სავარაუდო თარიღი კი 9 დეკემბერია. უფრო ზუსტად მოგვიანებით დავწერ :)

Saturday, November 14, 2009

კადრი – ტირაჟი

ისე მოულოდნელად სასიამოვნო დღე მქონდა, უფრო სწორედ – საღამო!
სტამბაში ჩემი უკვე დაბეჭდილი წიგნი ვნახე! მთელი ტირაჟი...
ემოციებით ვარ სავსე!
ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი. აი, ხომ არის კადრები, რომლებიც არ გვავიწყდება? ასეთი კადრი იქნება ჩემთვის ერთად ნანახი ტირაჟი.
ხარისხი რომ კარგი იქნებოდა, ველოდი და ასეც არის. საოცარი ხალხია "მერიდიანის" თანამშრომლები, თბილი, ღიმილიანი და რაც მთავარია, თავის საქმის კარგი მცოდნეები. ამას მხოლოდ ჩემი წიგნის გამო არ ვამბობ, იქ სხვა წიგნებიც ვნახე...
მოკლედ, სტამბიდან სახეგაბადრული წამოვედი!..

...
დედამ კი ის მითხრა, რასაც ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე – რა იქნებოდა, მამას ენახა შენი წიგნი და შენ – ასე გახარებულიო. მამამ არ იცოდა, რომ ვწერდი...
რატომღაც მგონია, რომ ახლა იცის.

Tuesday, November 3, 2009

* * *

თურმე ნოემბერსაც აქვს კარგი საღამოები :)
ძალიან მადლიერი და გახარებული ვარ...

Saturday, October 24, 2009

მერიდიანი

ისეთი ემოციური დღე მქონდა.. ახლა თუ რამის დაწერას შევძლებ, არ ვიცი, მაგრამ ვცდი. წუხელ სამ საათამდე ვერ დავიძინე: ვნერვიულობდი, აღარაფერი მომწონდა. დილით კი...

მერიდიანი
ჩემი წიგნი ერთ–ერთ საუკეთესო გამომცემლობაში – "მერიდიანში" დაიბეჭდება. მე ის ეტაპი არ გამივლია, რასაც ავტორთა უმეტესობა გადის – სხვადასხვა გამომცემლობებში სიარულითა და დასაბეჭდი წიგნის მათთვის შეთავაზებით. თავიდანვე (რაც წიგნზე სერიოზულად ფიქრი და თანხის მოგროვებაც დავიწყე) ვფიქრობდი, რომ "მერიდიანში" გამოვცემდი. გადაწყვეტილებამდე, უფრო სწორედ – სურვილამდე, პირველ რიგში იმ პოეტურმა კრებულებმა მიმიყვანა, რომლებიც ამ გამომცემლობამ დაბეჭდა და ძალიან კარგი პოლიგრაფიული ხარისხით გამოირჩევა (რეზო გეთიაშვილის და გივი ალხაზიშვილის წიგნებს ვგულისხმობ, ერთ მათგანზე ადრე ვწერდი კიდეც).
"მერიდიანის" დიზაინერის მადლობელი ვარ – ფოტოები დასაბეჭდად მოამზადა და რაც ძალიან მაინტერესებდა (მისი გამოცდილების გამო) – ყდაც მოიწონა. მაკეტის ამობეჭდვამ ჩემი შიში გაფანტა და უკვე ადვილად გადავერთე შემდეგ ეტაპზე. შემდეგ ეტაპში ინფორმაციულ ნაკადს ვგულისხმობ – დღეს ხომ ამდენი რამ ვნახე.

სტამბა
სტამბის სუნი ჩავისუნთქე :) დღეს არა მხოლოდ ყდის მაკეტი ამობეჭდეს, სასიგნალო ეგზემპლარიც დამზადდა. საოცარია, როცა ხელში წიგნად აკინძული ლექსები გიჭირავს; იმის ნახვა, თუ როგორ იქცევა წიგნად – არანაკლები. თვალებგაფართოებული ვუცქერდი: ლექსებიანი ფურცლები როგორ დაიჭრა, როგორ მომზადდა ყდა – არაერთხელ გადაიზომა სიზუსტისთვის (აქ ხომ თითოეულ მილიმეტრს ითვალიწინებენ), სპეციალურ დანადგარებში გადაეკრა გამჭვირვალე ფენა იმ ეფექტის მისაღებად, მე რომ ასე მომწონს; წაესვა წებო, ჩამოიჭრა (მე შეიძლება შესაბამის ტერმინებს ვერ ვამბობდე, ეს ის არის, რასაც თვალით აღვიქვამდი). გულიანად გააკეთეს ჩემი პირველი...
აქვე, ბევრი მინდა ვთქვა ადამიანებზე, რომლებიც სტამბაში მუშაობენ. წიგნის ბეჭდვა რომ შრომატევადი საქმე იყო, კი ვიცოდი, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა ყველა წარმოდგენას გადააჭარბა: საოცრად შრომობს ეს ხალხი, ტირაჟის სათითაო ფურცელი მზადდება – ითვლიან, აწესრიგებენ, ასწორებენ, აკრავენ...
სტამბიდან ფურცლის შრიალის და ამ დანადგარების ხმა გამომყვა, კიდევ – კეთილი სახეები..

მთელი საღამოა, კრებულს ვათვალიერებ – კმაყოფილი ვარ.
ცოტა ხანში გარეკანს ბლოგზეც გამოვფენ.
წინ კი, მერიდიანის დირექტორთან შეხვედრა მელის. დღეს ორიოდე წუთით ვნახე – გავიცანი. ცოტა არ იყოს, განვიცდი ოფიციალურ მოლაპარაკებას, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა – ბოლო დროს ხშირად მაქვს განცდა, რომ მორიგი ბარიერი გადავლახე და შემდეგისკენ მივემართები... ბარიერები – ჩემშივე, ეს ყველაფერი ხომ პირველად ხდება.