Monday, June 22, 2009

(ეს) დღე

მიყვარს დღეები, რომლებსაც სახელები აქვთ და სახელები, რომლებსაც დღეები მოაქვთ – თბილი და იმედიანი..
პირველი – იქნებ, არც თუ ცოტაა; მეორე – ნამდვილად, არც
თუ ბევრი.
და რომ ორივე – მგონი აქამდე არც..

ერთი ღიმილი აქაც იყოს :)

Saturday, June 20, 2009

ვიტრინა

ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც რეალურად სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი და მაინც, ჩემთვისაც გასაკვირად, მეგობრად ვთვლი (ეს კიდევ სხვა წერილის თემაა, ალბათ), ამ რამდენიმე თვის წინ მითხრა: შემოქმედი დღეში ხუთ საათს რომ საკუთარ შემოქმედებას დაუთმობს, მომდევნო ხუთი მის რეალიზაციას უნდა მოახმაროსო. ახალი არაფერი უთქვამს, მეც არაერთხელ მიფიქრია ამაზე (სხვა საქმეა, როგორ ვანხორციელებ), მაგრამ მას შემდეგ მისი სიტყვები ხშირად მახსენდება და დღესაც, წერილის დაწერას ამ საკითხზე შევეცდები. რაკი ჩემთვის სარეალიზაციო ის არის, რასაც ვწერ, ამ კუთხით ვიფიქრებ. სად შეიძლება, რომ მწერალმა/პოეტმა საქართველოში საკუთარი შემოქმედების გამოფენა – მკითხველამდე მიტანა შეძლოს? არის ვირტუალური და არავირტუალური სივრცეები, შესაბამისად – ღია და შედარებით დახურული (ან რთულად დასაძლევი). მათ შორის, ძირითადი:
  • ინტერნეტ რესურსები: ბლოგები, ლიტერატურული საიტები/ფორუმები, სხვადასხვა სოციალური ქსელი
  • ფურცლოვანი: პერიოდული გამოცემები, წიგნი
  • ლიტერატურული კონკურსები
  • "ცოცხალი": ლიტერატურული საღამოები
შევეცდები, თითოეულ მათგანზე გამოვთქვა აზრი, შეძლებისდაგვარად – მოკლედ. მანამდე კი, ორი სიტყვა წერილის სათაურზე: უმეტეს მკითხველს თვალწინ მაღაზიის დიდი ფანჯარა წარმოუდგება, მიუხედავად იმისა, რომ ვიტრინაში მხოლოდ გასაყიდი ნივთები არ აწყვია; ზოგს იქნებ, პროტესტის გრძნობაც გაუჩნდეს – როგორ შეიძლება მხარზე ნება–ნება ქნარმიდებულმა ადამიანმა გასაყიდ პროდუქტს შეადაროსო ქნარზე დამღერებული :) მათ ღიმილით და პირდაპირ ვეტყვი – ქნარი არ არსებობს, არც ფრთები და მენეჯმენტის სწორად წარმოება კი, მწერლისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც (პირობითად) ფურცლისა და კალმის ქონა. ერთია, საქართველოში მწერლებს თავად უწევთ მენეჯერობის შეთავსება – ვის წარმატებით (სულ რამდენიმე ვიცი ასეთი), ვის წარუმატებლად. მე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ყველაფერში გარკვევის მოსურნე ვარ, ჯერჯერობით.
შევეცდები, მალე დავუბრუნდე თემას და პირველ პუნქტად გამოტანილი – ვირტუალური სივრცის შესახებ დავწერო..

Monday, June 15, 2009

ერთი კვირა, კედელზე

არიან "ჩემიანი" მხატვრები – თანამგზავრები (თუნდაც, შინ დარჩენილები) და არიან გზად შემხვედრები – ხეტიალისას განწყობას წამოყოლილები..
ჰოდა, დღეს ერთ ჩემიანს გამოვფენ – მარკ შაგალს, თავისი კმაყოფილი საქონლით მოვაჭრით და მუცელმძიმე თეთრონით. ძალიან მომწონს ეს სევდიანთვალება თეთრონი, მაღიმებს, მზერის მიუხედავად :)

*
კიდევ ერთი – შაგალისვე "აკრობატი".

15-21 ივნისი.

Friday, June 12, 2009

წვეთი ზღვაში

* ზემოთ და მარცხნივ, პირდაპირ და მარცხნივ, კიდევ პირდაპირ და მარცხნივ. ამის შემდეგ არის პირდაპირ და მარჯვნივ და ზემოთ. ოღონდ, ზემოთ – აღარაფერი. მარშრუტებზე მოგახსენებთ. თუმცა, არც არავის მოვახსენებ, ვფიქრობ.
ხელის ბარგი ცოტაა, როგორც ყოველთვის. თავი – უძირო.
ეს იმ კვირიდან.
* ორი დღეა, ყრუ–მუნჯების შესახებ მოვინდომე წაკითხვა. თვალები მეტკინა გუგულის დევნაში.. მოგვიანებით ბრმებზე მოვძებნი. ან, საიდან მოვიტანე, რომ მოვძებნი. უბრალოდ, წერისას ერთი გოგონას სახე გამახსენდა – საუბრის დროს განცდებით მოხატული. რა თქმა უნდა, თვალხილულებსაც არანაკლებ სცდებათ სახეზე თითოეული სიტყვა (შესანიშნავი მაგალითი ვარ), მაგრამ როცა ნაკვთები მზერის უნარს ითავსებს, სხვაა.
* კიდევ, კვარცხლბეკების შენებაზე ვფიქრობდი და მათზეც, ვისაც ჰგონიათ, რომ კვარცხლბეკზე დგანან/დადგებიან.
შენება დღეს – როგორც დემონტაჟი.
ყველანი ერთ დიდ მოედანზე სხედან და მტრედებს პურს უფშვნიან. მტრედები კი სკორეთი უვსებენ ცხვირისწინა ალაგებს :)
ჰო, ძველნაშენი – ჯერ ღობეშემოვლებული.
* მტრედებზე გამახსენდა: ერთი მტრედია – ცნობისმოყვარედ კისერწაგრძელებული, სამსახურის ფანჯრის რაფას ყოველდღე სტუმრობს. ორი მკივანა მერცხალი ოჯახს მოეკიდა – ფანჯრისავე ზედა კუთხეში.
* აი, ამის დაწერა იმდენჯერ მსურდა და სულ თავს ვიკავებდი. არ ვიცი, როგორ აღიქმება გარედან. ან რატომ უნდა განვიცდიდე – როგორ.. დავწერ, გავთავისუფლდები. ხშირად მამას ხნის კაცების მიმართ სითბოს ვგრძნობ. აი, ისეთს, შვილის. და მინდება, ხელი გავუწოდო. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ოღონდ ყველას მიმართ არა.
* შენთვის კი ბევრი რამის მოყოლა მინდოდა. ვერაფერი.
თუმცა, ამასობაში, რაღაც დამიწერია :) წვეთი – ზღვაში.
ასეც დავარქმევ.

Tuesday, June 9, 2009

* * *


ფოტო: Berenice Abbott (1898-1991)
El at Columbus Avenue and Broardway, 1935

Monday, June 8, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ამჯერად, დალის "ხომალდს" გამოვფენ.
ბოლო დროს, გამოფენის მორიგი ტილოს წარდგენაც ლაკონური გახდა: ეს და ეს. მხოლოდ, არჩევის პრინციპი არ შეცვლილა – ის, რაც მომწონს და რასთანაც განწყობა მიმიყვანს..

***
გამოვალ ხმელეთზე :)
ფრანც ვონ ლენბახის მწყემსი ბიჭი, მზემოჩრდილული..
ნაკლებად მიყვარს ასე – რეალისტური, მაგრამ ეს – ახლოს, როგორღაც..

8-14 ივნისი.

Saturday, June 6, 2009

ქვა

სპორტსმენები. როცა მარცხდებიან, როგორ ახერხებენ გაგრძელებას. ჰო, გუნდური მარცხი ალბათ სხვაა. ერთად ადვილია გადალახვა. ერთად ბევრი ძალაა და მოტივაციაც ძლიერი. სპორტის იმ სახეობებში, სადაც მარტო? მაგალითად, კრივში. სადაც შესაძლოა, ნოკაუტითაც დაგაგდონ. და ყველა შენს თავზე სტვენდეს. და ბრძოლამდე, თუ ბრძოლისას ათას რამეს შემოგძახოდნენ, გასატეხად.
თუმცა, მარტო არცერთი სპორტსმენი არ არის. ყოველთვის არსებობს მწვრთნელი და ადამიანთა გუნდი, თავ–თავისი საქმით.

რატომ კრივი.
მე და მამა ერთად ვუყურებდით..
ის ქვა, მრგვალი, ისევ ეზოშია. ამას წინათ, ნაცნობები მოვიდნენ. ჰოდა, მარტო ის ერეოდაო.
ჩემი ქვაც ეზოშია.

.....
ისეთი სიჩუმე დამემართა. თევზებს დავემსგავსე. მეექვსე.
ნეტა, რა ფერი ვარ?

Friday, June 5, 2009

Thursday, June 4, 2009

ხმები

შუადღის მერე ხმები არ ამომდის ყურებიდან – განწირული და გაბრაზებული და ტკივილიანი. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ნუ, ეს ფანჯრამდე ვიდრე მივაღწიე.
მერე..
ერთი ძაღლი – შავი, პატარა, მისი მეგობრის დამჭერს უყეფდა. ალბათ გაქცევა არც უფიქრია, შორიახლო დარბოდა. მერე არ ვიცი. ვერ გავუძელი და გავედი.
ერთხელ ვნახე სიუჟეტი, თუ როგორ კლავენ ამ ძაღლებს. ეს ხმები და ის კადრები დამდევს. და უმწეობის გრძნობა.
ახლა კი, შინ მოსულს, კატენის ბლოგზე იგივე თემა დამხვდა!
ამ ერთი დღისთვის მეტისმეტია..
> ნახეთ, იქნებ დაეხმაროთ