დღეს ისევ ვიფიქრე, რომ ყველაზე უკეთ ფურცელზე ვმეტყველებ..
კიდევ ერთხელ, სრულიად მოულოდნელად, ისევ აღმოვჩნდი იმ პატარა, ყრუ კედლებიან, ირიბად განათებულ, ნავივით ოთახში. კედელზე ბადეა – წმინდად ნაქსოვი. და როგორც ნავი, ისე მარწევს ხოლმე ხმები და შუბლზე მოწოლილი სისხლი..
თემა: "მარსიანის საუბრები ლიტერატურაზე", რომელშიც თავი "ებლიტფოს" კრებულებისთვის დაწერილ კრიტიკულ წერილებს მოეყარა. ეს წიგნი მისთვის გიო კილაძის საჩუქარია – კაცის, "რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს". ეს დღეს თქვეს და ისე ვეთანხმები... საკმაო (ჩემთვის ასეა) პასუხისმგებლობის წინაშე მეც ვდგავარ – წერილების დასაწერად წინ რამდენიმე თვე მაქვს. არჩევანი თავისუფალია, მთავარია სათქმელი გამიჩნდეს. "ყველაზე ძნელი პოეზიაში – სათქმელის ქონაა" – ეს ბესიკ ხარანაულმა თქვა. დღეს რამდენჯერმე გამახსენდა. პოეზიაზე კი ბევრია სათქმელი, მაგრამ როცა გგონია, რომ ყურებში ორპირია, კუთხეში ჯდები, ჩაის ჭიქით.. ხშირად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის.
მომდევნო კვირაში გავა ეს გადაცემა, ისევ საპატრიარქოს რადიოს ეთერით.
*
წელს მერამდენედ მივუახლოვდი საღებავების ვიტრინას. პირველად – ერთი-ორი წუთით; დღეს უფრო მეტ ხანს შემოვრჩი. ყოველთვის ფეხაკრეფით მივდივარ მსგავს სურვილებთან: არ ვარ დარწმუნებული – თავს ვცდი. თუ ასე გაგრძელდა, ეს ფერები შეიძლება ჩემს მაგიდაზეც აღმოჩნდეს. მაგრამ, ნამდვილად მინდა? ალბათ ქვეცნობიერად კი – რაღაც სიტყვებით არ გამოვიდა, რაღაცას ფერები სჭირდება. ჯერჯერობით სუსტია ეს მიზიდულობა. საუკუნეა, არ დამიხატავს.
მეორე, რასაც ასევე მივუჩოჩდი – ფოტოკამერაა. მეჩვენება, რომ სასურველი შედეგი არ მაქვს, რადგან ტექნიკური შესაძლებლობაა ნაკლები. ვნახოთ. მანამდე "მეჩვენება" დანამდვილებით თქმად უნდა გადაიქცეს, შემდეგ საიტები გადავქექო.
მესამე, რაც წელს მომინდა, მოგზაურობაა. აქ საერთოდ არაფერი ვიცი და ამ ყველაფერს უბრალოდ სიახლეების მოთხოვნილებით ვხსნი.
და "წელს" – სულ 21 დღისაა :)
*
ასე: ნავსი გატყდა. სიჩუმე დავარღვიე. ბოლო დროს ენა მქონდა გადაყლაპული :) სიჩუმე მარტო მე არ დამირღვევია. ეს – უკეთესი.
Thursday, January 21, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
აუ ქეეეთ, უნდა იყიდო ის ფერები და ხატო, უბრალოდ ხატოოო, მე მარტო ფერის გაზავებამ იმხელა სიმშვიდე და ბედნიერება მომანიჭა, და თუ ხატვა შეგიძლია რა საჭიროა ფიქრი? რომ შემეძლოს ყოველდღე დავხატავდი.
კიდევ უფრო მომინდა ახლა :) მართალი ხარ! უბრალოდ, წლებია არ დამიხატავს და გავუუცხოვდი გამოხატვის ამ ფორმას..
თავიდან ჭირს დაწყება, თორემ მერე როგორც ნავი ისე გასრიალდები ქაღალდზე და საღებავების კვალი ნახატად გადაიქცევა. :)
მეც ასე მგონია :))
ემოციებით ძალიან რომ დავიმუხტები, ხატვა მშველის. არა აქვს მნიშვნელობა რა გამომივა, ნახატი მანთავისუფლებს და თვითონ პროცესიც მიყვარს. გადადგი ნაბიჯი :)
ხატი, ალბათ ასეც ვიზამ :) მაგრამ მთავარი, რითაც ახლა რაიმეს გამოვხატავ, მგონი მაინც სიტყვებია...
Post a Comment