Monday, January 11, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ყოველთვის ინტერესით ვათვალიერებდი ავტოპორტრეტებს; განსაკუთრებით იმ მხატვრებისას, ვისი შემოქმედებაც მომწონს. მგონია, საკუთარი თავის დახატვა საკმაოდ რთულია, რადგან ავტორს "გაშიშვლება" უწევს. საინტერესო ხდება – ის, ვინც ხედვითა თუ გადმოცემის მანერით გვნუსხავს, საკუთარი თავის ხატვისას ყურადღებას (ნებით თუ უნებლიედ) რაზე ამახვილებს, "როგორი" წარდგება მნახველის წინაშე.
ჯერ კიდევ ახალ წლამდე გამიჩნდა იდეა – რომელიმე ერთ კვირას ავტოპორტრეტები გამომეფინა. ამ კვირის მანძილზე ორ ნამუშევარს წარმოგიდგენთ მხატვრების შესახებ მცირე ინფორმაციის და ფოტოების დართვით.
ვფიქრობ, ეს ერთადერთი კვირა არ იქნება, რომელსაც ავტოპორტრეტებს დავუთმობ. თუ შესაძლებელი იქნება (ცხოვრების პერიოდის გათვალისწინებით), ტექსტს ფოტოებს მომავალშიც დავამატებ.

ეგონ შილე
ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია. ყოველთვის მხიბლავდა თავისი ექსპრესიით, ხელწერით, ფერებით, ეროტიზმით, გროტესკულობით. 1907 წელს შილემ გუსტავ კლიმტი გაიცნო, რომელიც მფარველად მოევლინა: ყიდულობდა მის ნახატებს, ხან საკუთარშიც უცვლიდა, პოულობდა მისთვის მოდელებს და გავლენიან ხალხთანაც წარადგენდა. შილემ პირველი გამოფენა 1908 წელს, აკადემიის მიტოვების შემდეგ გამართა; ხოლო 1909 წელს, ვენაში, კლიმტის მიწვევით, ვან გოგთან, ედვარდ მუნკთან და სხვა უკვე ცნობილ მხატვრებთან ერთად წარდგა. 1912-1916 წლებში ევროპაში მისი არაერთი წარმატებული გამოფენა გაიმართა.
1911 წელს შილემ 17 წლის მოდელი – ვალერი (ვოლი) ნოიზელი გაიცნო და მასთან ერთად ქალაქ ნოილენგბახში გადავიდა. 1912 წელს მხატვარი არასრულწლოვანთან კავშირის გამო დააპატიმრეს. პოლიციამ მისი ბინიდან ამოღებული ნახატები პორნოგრაფიულად მიიჩნია, მოსამართლემ ერთი მათგანი სასამართლოს სხდომაზე დაწვა კიდეც. 1915 წელს შილემ გადაწყვიტა სოციალურად მისაღებად დაქორწინებულიყო და ვოლისთან ურთიერთობაც შეენარჩუნებინა. თუმცა, გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ ვოლიმ სამუდამოდ მიატოვა, რასაც მხატვარი ძალიან განიცდიდა.
შილემ მხოლოდ 28 წელი იცოცხლა – 1918 წელს, მეუღლესთან ერთად, ე. წ. "ისპანკით" გარდაიცვალა.
მხატვარს არაერთი ავტოპორტრეტი აქვს. დღეს წარმოდგენილი ნამუშევარი, რომელიც 1912 წელს შეიქმნა, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა.
და ბოლოს – ფოტოპორტრეტი, რომლის ნახვისას ალბათ ჩემსავით გაიფიქრებთ – ამ ნახატების ავტორი სხვაგვარი ვერც იქნებოდა.

აუგუსტ მაკე
მეორე ავტოპორტრეტი კიდევ ერთ ექსპრესიონისტს – აუგუსტ მაკეს ეკუთვნის. მისი თითქმის ყველა ნამუშევარი მომწონს; მათგან (როგორც მხატვრის ფოტოებიდან) განსაკუთრებული სიმშვიდე მოდის, პალიტრაც საოცრად თბილია. .
აუგუსტს ხატვის ინტერესი ჯერ კიდევ პატარას, მამის გამო გაუჩნდა, რომელიც ხშირად ხატავდა პეიზაჟებს. დიუსელდორფში ორწლიანი სწავლის შემდეგ, 1907 წელს, კანდერნში მოგზაურობისას, ფრანგული იმპრესიონიზმით მოიხიბლა და მის შესასწავლად პარიზში გაემგზავრა. ამ პერიოდში მის შემოქმედებაზე არაერთი მხატვრის გავლენა აისახა. ასევე შეისწავლა გერმანული იმპრესიონიზმი, იტალიურ რენესანსი. მხატვრებთან და მუზეუმების ხელმძღვანელებთან მეგობრობით კიდევ ერთ საქმიანობაში შეეწყო ხელი: არაერთი წარმატებული გამოფენის ორგანიზება შეძლო.
არ ვიცი, რატომ დავაწყვილე ეს ორი მხატვარი. ისინი თითქმის თანატოლები იყვნენ, ერთი თაობის ადამიანები. სიკვდილმაც კი თითქმის ერთ ასაკში უწიათ. 27 წლის ავგუსტი პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა.
ავტოპორტრეტებიდან 1909 წელს შექმნილი ნამუშევარი შევარჩიე.
ამ ფოტოსურათთან კი იგივეს დავწერდი, რაც – შილეს შემთხვევაში დავწერე.

11-17 იანვარი.

3 comments:

ჯორჯ პაიკი said...

ტუჩებზე ეტყობა რა ტიპიც არის. :) ვაზვიადებ ეხლა მე რაღაცეებს. :)

Keti said...

:)))

babisa said...

sayvareli
fotoze bevrad simpatiuria :))