Showing posts with label August Macke. Show all posts
Showing posts with label August Macke. Show all posts

Monday, January 24, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მთელი დღე მზე და მზესუმზირას ყვავილი მქონდა თვალწინ. ვფიქრობდი, მზესუმზირა გამომეფინა, მაგრამ ბოლოს თბილსა და ექსპრესიულ აუგუსტ მაკეს მივაკითხე – მის მოსეირნე წყვილს ავირჩევ.

24–30 იანვარი.

Monday, March 8, 2010

ერთი კვირა, კედელზე

გამოფენისთვის მხატვრებს აურის მიხედვით გამოვარჩევ ხოლმე. ეს თავისთავად ხდება, მათი ნამუშევრებისკენ გულიც განწყობის შესაბამისად მიმიწევს: რაიმე მსგავსს ვგრძნობ, ან მინდა – ვგრძნობდე. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე თბილი და დადებითაურიანი – აუგუსტ მაკი – აი, დღევანდელი დღის არჩევანი, კონკრეტულად კი მისი "გოგონები ბუნებაში".

8-14 მარტი.

Monday, January 11, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ყოველთვის ინტერესით ვათვალიერებდი ავტოპორტრეტებს; განსაკუთრებით იმ მხატვრებისას, ვისი შემოქმედებაც მომწონს. მგონია, საკუთარი თავის დახატვა საკმაოდ რთულია, რადგან ავტორს "გაშიშვლება" უწევს. საინტერესო ხდება – ის, ვინც ხედვითა თუ გადმოცემის მანერით გვნუსხავს, საკუთარი თავის ხატვისას ყურადღებას (ნებით თუ უნებლიედ) რაზე ამახვილებს, "როგორი" წარდგება მნახველის წინაშე.
ჯერ კიდევ ახალ წლამდე გამიჩნდა იდეა – რომელიმე ერთ კვირას ავტოპორტრეტები გამომეფინა. ამ კვირის მანძილზე ორ ნამუშევარს წარმოგიდგენთ მხატვრების შესახებ მცირე ინფორმაციის და ფოტოების დართვით.
ვფიქრობ, ეს ერთადერთი კვირა არ იქნება, რომელსაც ავტოპორტრეტებს დავუთმობ. თუ შესაძლებელი იქნება (ცხოვრების პერიოდის გათვალისწინებით), ტექსტს ფოტოებს მომავალშიც დავამატებ.

ეგონ შილე
ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია. ყოველთვის მხიბლავდა თავისი ექსპრესიით, ხელწერით, ფერებით, ეროტიზმით, გროტესკულობით. 1907 წელს შილემ გუსტავ კლიმტი გაიცნო, რომელიც მფარველად მოევლინა: ყიდულობდა მის ნახატებს, ხან საკუთარშიც უცვლიდა, პოულობდა მისთვის მოდელებს და გავლენიან ხალხთანაც წარადგენდა. შილემ პირველი გამოფენა 1908 წელს, აკადემიის მიტოვების შემდეგ გამართა; ხოლო 1909 წელს, ვენაში, კლიმტის მიწვევით, ვან გოგთან, ედვარდ მუნკთან და სხვა უკვე ცნობილ მხატვრებთან ერთად წარდგა. 1912-1916 წლებში ევროპაში მისი არაერთი წარმატებული გამოფენა გაიმართა.
1911 წელს შილემ 17 წლის მოდელი – ვალერი (ვოლი) ნოიზელი გაიცნო და მასთან ერთად ქალაქ ნოილენგბახში გადავიდა. 1912 წელს მხატვარი არასრულწლოვანთან კავშირის გამო დააპატიმრეს. პოლიციამ მისი ბინიდან ამოღებული ნახატები პორნოგრაფიულად მიიჩნია, მოსამართლემ ერთი მათგანი სასამართლოს სხდომაზე დაწვა კიდეც. 1915 წელს შილემ გადაწყვიტა სოციალურად მისაღებად დაქორწინებულიყო და ვოლისთან ურთიერთობაც შეენარჩუნებინა. თუმცა, გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ ვოლიმ სამუდამოდ მიატოვა, რასაც მხატვარი ძალიან განიცდიდა.
შილემ მხოლოდ 28 წელი იცოცხლა – 1918 წელს, მეუღლესთან ერთად, ე. წ. "ისპანკით" გარდაიცვალა.
მხატვარს არაერთი ავტოპორტრეტი აქვს. დღეს წარმოდგენილი ნამუშევარი, რომელიც 1912 წელს შეიქმნა, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა.
და ბოლოს – ფოტოპორტრეტი, რომლის ნახვისას ალბათ ჩემსავით გაიფიქრებთ – ამ ნახატების ავტორი სხვაგვარი ვერც იქნებოდა.

აუგუსტ მაკე
მეორე ავტოპორტრეტი კიდევ ერთ ექსპრესიონისტს – აუგუსტ მაკეს ეკუთვნის. მისი თითქმის ყველა ნამუშევარი მომწონს; მათგან (როგორც მხატვრის ფოტოებიდან) განსაკუთრებული სიმშვიდე მოდის, პალიტრაც საოცრად თბილია. .
აუგუსტს ხატვის ინტერესი ჯერ კიდევ პატარას, მამის გამო გაუჩნდა, რომელიც ხშირად ხატავდა პეიზაჟებს. დიუსელდორფში ორწლიანი სწავლის შემდეგ, 1907 წელს, კანდერნში მოგზაურობისას, ფრანგული იმპრესიონიზმით მოიხიბლა და მის შესასწავლად პარიზში გაემგზავრა. ამ პერიოდში მის შემოქმედებაზე არაერთი მხატვრის გავლენა აისახა. ასევე შეისწავლა გერმანული იმპრესიონიზმი, იტალიურ რენესანსი. მხატვრებთან და მუზეუმების ხელმძღვანელებთან მეგობრობით კიდევ ერთ საქმიანობაში შეეწყო ხელი: არაერთი წარმატებული გამოფენის ორგანიზება შეძლო.
არ ვიცი, რატომ დავაწყვილე ეს ორი მხატვარი. ისინი თითქმის თანატოლები იყვნენ, ერთი თაობის ადამიანები. სიკვდილმაც კი თითქმის ერთ ასაკში უწიათ. 27 წლის ავგუსტი პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა.
ავტოპორტრეტებიდან 1909 წელს შექმნილი ნამუშევარი შევარჩიე.
ამ ფოტოსურათთან კი იგივეს დავწერდი, რაც – შილეს შემთხვევაში დავწერე.

11-17 იანვარი.

Monday, December 21, 2009

ერთი კვირა, კედელზე

აკვარიუმთან ჩამომჯდარი გოგონა – ავგუსტ მაკეს ნამუშევრებიდან ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. მისი ნახატები ადრეც გამოვფინე. ვფიქრობ, კიდევ მივუბრუნდები ამ საინტერესო ექსპრესიონისტს.

21-27 დეკემბერი.

Monday, June 22, 2009

ერთი კვირა, კედელზე

თავისთავად გამახსენდა ეს ნახატი, მწვანის გამო –
დღეს მწვანე ჩამაცვეს :)
ამ კვირის კედელს გერმანელ ექსპრესიონისტს, ავგუსტ მაკეს დავუთმობ – უთბილესი, პოზიტიური განწყობის შემქმნელი პალიტრა აქვს და მომხიბლავი ხელწერა... მისი პატარა ამბებიც ახლობელია, მზერის გარეშე დახატული სახეებიც – მეტყველი...
მოკლედ, ძალიან მომწონს და ღიმილით ვფენ :)

*
მისივე "გასეირნება"
*
და, კვირის ბოლოს, მესამე ტილოც:
ელიზაბეტ გერჰარდტ სევინგის პორტრეტი.

22-28 ივნისი.