Monday, March 14, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირის გამოფენას იაპონურ მხატვრობას მივუძღვნი, რომელიც გამოირჩევა ჟანრებისა და სტილის მრავალფეროვნებით, იაპონური ესთეტიკისა და დასავლეთიდან შემოტანილი იდეების სინთეზით და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. განვითარების გზას რამდენიმე პერიოდად ყოფენ – პრეისტორიული ხანიდან დღემდე. ჩემთვის უფრო მიმზიდველი ბოლო ოთხი პერიოდის ნამუშევრები აღმოჩნდა. ესენია: აზუჩი მომოიამას პერიოდი (1573-1603), ედოს პერიოდი (1603-1868), ომამდე პერიოდი (1868-1945) და ომის შედგომი პერიოდი (1945-დღემდე). კვირის მანძილზე გამოსაფენ ნახატებსაც ამ პერიოდებიდან შევარჩევ.

აზუჩი მომოიამას პერიოდის მხატვრებიდან ჰასეგავა ტოჰაკუს გამოვფენ. ის 1539 წელს ქსოვილების მღებავის ოჯახში დაიბადა, თუმცა გვარი, რომლითაც ცნობილი გახდა, მის მშვილებელს ეკუთვნის. კარიერა ბუდისტური ნახატების ხატვით დაიწყო, 20 წლისა პროფესიონალი ფერმწერი იყო, ხოლო მოგვიანებით კიოტოში გადავიდა, სადაც კანოს პრესტიჟულ სკოლაში შევიდა. ამავდროულად, შეისწავლა წინა პერიოდების მხატვრობა და მალე საკუთარი სტილი სუმი (Sumie) შექმნა, რომელიც განსხვავდებოდა კანოს სკოლის სტილისტიკისგან. მოგვიანებით ჩამოაყალიბა სკოლა, რომელიც დღეს "ჰასეგავას სკოლის" სახელით არის ცნობილი.
მხატვრის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია ფიჭვნარი, რომელიც იაპონიის ეროვნულ საგანძურად არის აღიარებული. მეც სწორედ მას გამოვფენ. ნახატი ექვს ნაწილადაა გაყოფილი (საერთო სიგრძე 356 სმ.), შესრულებულია ქაღალდზე – მელნით.

*
შემდეგი მხატვარი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ედოს პერიოდს ეკუთვნის – ეს არის კაცუშიკა ჰოკუსაი. იგი მიმდინარეობა უკიოეს (ukiyo-e) წარმომადგენელია და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იაპონელი მხატვარიც. მის უმთავრეს ნამუშევრად ითვლება გრავიურების ციკლი "მთა ფუჯის 36 ხედი" (1826-1833), რომლის "ჰიტიც" "კანაგავას დიდი ტალღაა" (მასვე გამოვფენ).
ჰოკუსაი 1760 წელს, ედოში (ახლ. ტოკიო) დაიბადა. ფიქრობენ, რომ მისი მამა სარკის ხელოსანი იყო. ჰოკუსაიმ ხატვა 6 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლისა მამამ სამუშაოდ წიგნის მაღაზიის აბონემენტის განყოფილებაში მიაბარა. იმხანად, წიგნის მაღაზიები იაპონური ქალაქების საშუალო და მაღალ სოციალურ წრეებში მეტად პოპულარული იყო. აქ მოდიოდნენ წიგნების წასაკითხად, რომლებიც ხეზე შესრულებულ გრავიურებს წარმოადგენდა. 14 წლის ჰოკუსაიმ ხეზე კვეთის შესწავლა დაიწყო, ხოლო 18 წლისა კაცუკავა შუნშოს სტუდიაში შევიდა, სადაც უკიოეს სტილს დაეუფლა.
ცხოვრების მანძილზე ჰოკუსაიმ თითქმის 30-ჯერ შეიცვალა სახელი, რაც იმ დროის მხატვრებში მიღებული იყო. სახელს ყოველი ახალი სტილის დაუფლებისას იცვლიდა. ჰოკუსაიმ მნიშვნელოვანი ნამუშევრები 60 წლის ასაკიდან შექმნა. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის "მთა ფუჯის 36 ხედიც". სიცოცხლის ბოლო წლები ედოში, სიღარიბეში გაატარა. მისი უამრავი ნამუშევარი სახელოსნოში გაჩენილმა ხანძარმა შეიწირა.

*
კვირის ბოლოს კიდევ ერთ მხატვარს გამოვფენ, ამჯერად ომის შემდგომი პერიოდიდან (ოთხივე პერიოდის მხატვრების გამოფენა ვერ მოვახერხე, მაგრამ მოგვიანებით კვლავ მივუბრუნდები იაპონურ მხატვრობას).
კაიი ჰიგაშიამა 1908 წელს იოკოჰამაში დაიბადა. 1931 წელს ტოკიოს ხელოვნების სკოლა დაამთავრა (ახლ. ტოკიოს ხელოვნებისა და მუსიკის ეროვნული უნივერსიტეტი). ჰიგაშიამა ძირითადად პეიზაჟებს ქმნიდა. მისი მხატვრობა ნიჰონგას (Nihonga) სტილს მიეკუთვნება. საკუთარი ხელწერის დახვეწაზე ჰიგაშიამა დიდხანს მუშაობდა. მხატვარი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც მის ნამუშევრებშიც აისახა. მუშაობდა კედლის მხატვრობაზეც. მან მოხატა იაპონური სახლი"შოფუსო", რომელიც 1953 წელს, ნიუ-იორკში გამოსაფენად ააგეს. მოგვიანებით, ფილადელფიაში გადატანილი სახლის ფრესკები ვანდალებმა დააზიანეს. გარდა ამისა, მხატვარმა შექმნა რამდენიმე ფრესკა ტაძრისთვის და იმპერატორის სასახლისთვის. მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო.
ჰიგაშიამას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია "გზა" (1950). მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით ტყის პეიზაჟები მომწონს და გამოფენისთვისაც ერთ მათგანს შევარჩევ.

14-20 მარტი.

* მინდა, გამოვხატო ჩემი ემოციები იაპონიის ტრაგედიის გამო, მაგრამ არ გამომდის ამაზე წერა..

12 comments:

clown said...

ვაიმე რა ლამაზია ^_^

Anonymous said...

უძლიერესია! გასაგიჟებელია :*

მეკიდე პოსტი დავწერე, მაგრამ ვერ ვაქვეყნებ, ყოველდღე რაღაც ხდება ისევ იაპონიაში...

Keti said...

გიო, როდე,
მეც ძალიან მომწონს :)

როდე, ჰო, ისეთი ამბებია, ძალიან რთულია წერა...

Toma said...

როგორ მომწონს ეს ნახატი, საშინლად მომწონს.

მეც იაპონური ნახატი მაქვს ფბ ზე. სოლიდარობის ნიშნად.

Keti said...

ტომუშკა, ვნახე შენი ავატარი :* როგორი თემატურია...

Sophie שרה Golden said...

იაპონია მაშინებს. ეს ნახატიც. ვერ ვგრძნობ ამ კულტურას :/ ძალიან შორსაა აშკარად.

Nina Gorecki said...

ვერც მე ვგრძნობ იაპონიას
ხელოვნების გარდა
ვგიჟდები იაპონურ ესთეტიკაზე <3
და ეს მელნით დახატულიც რა არაჩვეულებრივია :)

Keti said...

* სოფი, ბუნებრივია, რაღაც "ჩვენი" შეიძლება არ იყოს... მეც მაქვს ეს განცდა ზოგიერთი ქვეყნის და კულტურის მიმართ.

* ნინა, მეც ძირითადად ხელოვნება მიზიდავს და რაც ვიცი, მომწონს.
ლიტერატურას გამოვარჩევ :)

პე ♥ said...

რა ლამაზებია, ძალიან მომეწონა <3

Keti said...

პე ♥ :)

Toma said...

ნახატი ზუსტად გადმოცემს იმას თუ რასთან ქონდათ/ექნებათ ამ ხალხს შეხება ათასწლეულების განმავლობაში.

Keti said...

ზუსტად!..