Friday, May 25, 2012

წიგნებისაკენ, რასიზმის გავლით

დღის ბოლოს მოვახერხე წიგნის ფესტივალზე წასვლა, რამდენიმე წიგნის ყიდვაც, პავილიონის სივრცისთვის თვალის გადავლებაც, რომელიც ხალვათად მომეჩვენა და გზად – რასიზმზე დაფიქრებაც. წიგნებზე ხვალ, მით უმეტეს, რომ ფოტოებსაც გადავიღებ და ყველაფერს გულდასმით დავათვალიერებ. მანამდე ფესტივალისკენ მიმავალი გზის ამბავი:
წერეთელზე წვიმამ მომისწრო და მაღაზიის ტენტის ქვეშ შევეფარე. ჩემ წინ გაჩერებულ ტაქსის ყურადღება იქვე მდგომი კაცის გამო მივაქციე. გამოეღო კარი და ყვიროდა: "გადმოდი! გადმოდი..." ტაქსის წინ ზანგი ბიჭი იდგა, კაცი შიგნით მჯდომს მიმართავდა. ჯერ ვიფიქრე, უნდოდა თავად გადაეხადა ფული, მაგრამ მალე ხმას აუწია და მოთხოვნას გინებაც დაუმატა, კარიც გამოაღო და მიაჯახუნა. თურმე იმავე ტაქსით უნდოდა წასვლა. ბიჭი აშკარად აწურული იჯდა და ხურდას ელოდა. რომ გადმოვიდა, ცოტა დააკლდა ჩვენებურს – არ დაერტყა. გამოიქცნენ ეს ბიჭები და ჩემ გვერდით, კუთხეში მიიჭუჭყნენ. თან იხედებოდნენ, თვალით მანძილს ზომავდნენ –  ხომ არ ვბრაზობდი მათთან ახლოს დგომის გამო. რომ შეძლებოდათ, კედელშიც გავიდოდნენ ალბათ. მე კიდევ სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. საშინლად შემრცხვა. ამ დროს მაღაზიის პერსონალი გამომეცხადა – შემიპატიჟეს, ჩამოჯექით, თუ გინდათო. მანამდეც ვიდექი და არ შემოუთავაზებიათ, ჰოდა ამიტომ ვიფიქრე – ალბათ ცდილობენ, გამარიდონ-მეთქი ამ ხალხს. ისე შევწუხდი, აღარ დავუცადე წვიმის გადაღებას და გამოვიქეცი.

მთელი საღამოა ვფიქრობ, რატომ. რას აშავებდნენ ის ბიჭები? იმგზავრეს, ელოდნენ ხურდას. რატომ უნდა გამოლანძღოს ვინმემ? რატომ იყო აუცილებელი იმავე ტაქსით მგზავრობა მაშინ, როცა თბილისში ლამის ყოველი მეორე მანქანა ტაქსია? მათ მაგივრად რომ თეთრკანიანი უცხოელი ყოფილიყო, ასე მოექცეოდნენ?

4 comments:

Toma said...

rasizmi aris sakutari arasrulfasovnebsi ert erti dzlieri simprtomi. arc arafers ashavebdnen garda imisa rom "chamoetrnen, smushaoebs gvaxeen .... " @forum.ge arada tavi mogavs didis ambibt som saukuneebia somxebis, azerbaijanelebis, qurtebis gverdiT mshvidobianat vcxovrobT, tumca gulis sigrmeshi am xlxis mimarT igive zizgi gvaqvs rogorc nebimiseri chamosulis mimart!

Keti said...

ასეა! :/

Sophie שרה Golden said...

ყველგან ასეა, უმეტეს შემთხვევაში. ჩამოსულები არსად უყვართ, მით უმეტეს მუქკანიანები :/

სხვა ეროვნების ხალხის სიძულვილი კიდევ, არ ვიცი, რატომ უჩნდებათ ადამიანებს. ტომასი არ იყოს, ალბათ არასრულფასოვნების კომპლექსია მართლა. ვიღაც მხოლოდ მაშინ გძულს, როცა გჯობია და შესაბამისად, მაშინ ამცირებ სხვას, როცა შენი თავი გინდა აამაღლო, ამ დროს არაფრად ღირხარ.
სავსე თავთავი თავდახრილიაო, ქართული ანდაზა არ არის? მე მაინც მჯერა, რომ საქართველოში რასიზმი ყველაზე ნაკლებადაა, ვიდრე სხვაგან და ძალიან მინდა, ეს აზრი არასოდეს შემეცვალოს.

Keti said...

ჰო, სოფი, ასეა...
სხვათა შორის, საპირისპირო ფაქტებიც მინახავს, როცა ტრანსპორტში ან ქუჩაში თბილად ხვდებიან მუქკანიანებს. ალბათ ესაც აღსანიშნია. ხშირად მათ ცოტა ქართულიც იციან და ეს დადებითად განაწყობს ხოლმე ჩვენებურებს..