Saturday, May 26, 2012

წიგნის ფესტივალი

უკვე მე-14. საოცრად სწრაფად გადის დრო. რაც ამ წლებმა ჩამომიყალიბა, ფესტივალზე მოლოდინის და სიხარულის განცდით წასვლაა. წელს, აპრილის მერე მაღაზიებში წიგნები აღარ მიყიდია – ეს საქმე ფესტივალისთვის გადავდე ფასდაკლებების იმედით. ამ მხრივ "დიოგენემ" გამოიჩინა თავი (40-50 %) და, შესაბამისად, ხალხმრავალი სტენდიც აქვს. უმეტეს სტენდთან ძირითადად 10-20 %–იან ფასდაკლებას გვთავაზობენ. ფესტივალის საინფორმაციო ბუკლეტი გვეუბნება, რომ პავილიონში 94 მონაწილეა. ეს რომ არ წამეკითხა, გაცილებით ნაკლებს ვივარაუდებდი, რადგან წინა წლებთან შედარებით თავისუფალი ფართი თვალში მოსახვედრია – როგორც ჩანს, განლაგების დამსახურებით. ასევე ცოტა მომეჩვენა დამთვალიერებელიც და პრეზენტაციებიც. ხალხის დიდი ნაწილი წლევანდელ საფესტივალო სიახლესთან – მაკულატურის შემგროვებელ პუნქტებთან იყო შეკრებილი. როგორც მოგვიანებით გავიგე, ამ ჩვენს კითხვის მოყვარულ ადამიანებს მხოლოდ ფიზიკური მოძველების გამო საკმაოდ კარგი გამოცემებიც ჩაუთვლიათ ნაგვად. პრიალა ყდები ხშირად ხომ უფრო თვალწარმტაცია.

რაც შეეხება ჩემს შენაძენს: ახალი თარგმანებიდან ვიყიდე პალანიკისა და ოსტერის წიგნები, ასევე ფამუქი, კუნდერა, კამიუ, ფოლკნერი. ჰო, კიდევ ფიროსმანის ნახატებიანი საყვარელი ბროშები, რომლებიც არ მგონია, დანიშნულებით გამოვიყენო, უბრალოდ, გვერდი ვერ ავუარე გულგრილად.

დღეს ასევე მინდოდა ყვავილების ფესტივალზე წასვლა და ვერ მოვახერხე; სიმართლე ვთქვა, ადგილმდებარეობის გამოც – სამხედრო აღლუმის მიმდებარედ მოწყობილმა გამოფენამ ისე აღარ მიმიზიდა. წიგნებს ხვალაც ვინახულებ. იქნებ რამე იპოვოს თვალმა – წასაკითხად ან ფოტოდ სასურველი.

ეს დღევანდელები:




2 comments:

Toma said...

kai fotoebia.

keti, cignebs conis mixedvit abarebdnen? dostoevskis siamovnebit vikididi kvela toms (ogond rusulad)

Keti said...

მადლობა, ტომა :)

კი, წონის მიხედვით იბარებდნენ მაკულატურას და არიგებდნენ ვაუჩერებს, რომლითაც სპეც.სიიდან შეიძლებოდა ახალი წიგნების არჩევა. რუსული წიგნები ცოტა იყო ფესტივალზე, დოსტოევსკის რამდენიმე რომანი ქართულად ვნახე. ალბათ შეიძლება ტომეულის შეკვეთა, ან ბუკინსტებთან პოვნა.