Monday, August 27, 2012

დაბრუნება: ერთი კვირა, კედელზე

ალბათ უნდა და დროა, განახლდეს ბლოგი, თუკი მინდა, რომ მან საერთოდ იარსებოს; და შეწყვეტილი ტრადიციული რუბრიკაც აღდგეს – ორშაბათის გამოფენა. თუმცა, არ მგონია ამ ეტაპზე პოსტი ყოველ ორშაბათს მოვამზადო. უბრალოდ, საგამოფენო შეხვედრა ისევ მხოლოდ ორშაბათობით გაიმართება ხოლმე, როგორც, მაგალითად, დღეს. ოღონდ დღევანდელი თემა არ იქნება ფერწერა, სინათლით მწერალზე – ფოტოგრაფზე მოვყვები: 

ის ჩინელია, სახელად დონ ჰონგ–ოაი. დაიბადა 1929 წელს. იყო აზიური პიქტორიალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო და, ამავე დროს, უკანასკნელი წარმომადგენელი. 13 წლის ასაკში უშუალოდ ფოტოგრაფებისგან დაიწყო ფოტოგრაფიის ტრადიციული ტექნიკის შესწავლა. თავადაც იღებდა პეიზაჟებს და ლეგენდარული ჩინელი ფოტოგრაფის, ლონგ ჩინ–სანის, გავლენას განიცდიდა.

ცხოვრების დიდი ნაწილი ვიეტნამში გაატარა. 1979 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩააღწია და სან–ფრანცისკოს ჩინურ უბანში დასახლდა. თავის გასატანად პეიზაჟების გაყიდვა დაიწყო და ნელ–ნელა მისმა ხელოვნებამ აღიარებაც მოიპოვა. მისი ტექნიკის საიდუმლო ასეთი იყო: ფოტოს საბოლოო სახეს სამი ნეგატივის გამოყენებით იღებდა – ახლო, შუა და შორი ხედების შერწყმით – ფოტოსურათის ყველა ნაწილი რეალურად არსებობდა ბუნებაში, თუმცა მათ სინთეზს მხოლოდ ფოტოგრაფის თვალი აღიქვამდა: დონ ჰონგ–ოაის თითოეული ფოტო უნიკალურია (ერთგვარი ნიშნის მოგებით ეს თავადაც აქვს ნათქვამი), რადგან ყველა დეტალი ხელით არის დამუშავებული. დონს არასდროს ჰყოლია ასისტენტი. ის ფოტოებზე დამოუკიდებლად მუშაობდა ერთი მიზეზით – რასაც ქმნიდა, მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობდა.
გარდაიცვალა 2004 წელს.

გამოფენისთვის რამდენიმე ფოტო შევარჩიე. ისინი ერთ ამბავს ჰყვებიან: ქვიშის, ქარიშხლისას და მარტოობის. გამოფენას პირობითად "წონასწორობის დაცვა" დავარქვი: 

6 comments:

Kate said...

წერე წერე.
ყველაფერზე წერე. თუ გინდა ცაზე წერე, თუ გინდა, თვალის დახამხამებაზე. რაზეც გინდა.


სურათი როგორი სევდიანია. სამივე.

Keti said...

ჰო, ქეთ. :*

Nina Gorecki said...

სევდიანი რატოა :) ზოგადად ძალიან საინტერესოა, მარტო ფოტოები კი არა, ისიც, რომ ეს ყველაფერი წარმოსახვის ნაყოფია :)

მეც მინდა წერა დავიწყო, მაგრამ ჯერ ისევ ზაფხული მგონია და სულ არ მაქვს განწყობა :)

Keti said...

ჰო, ტექნიკა საინტერესო აქვს..

ნინა, რაღა დარჩა შემოდგომამდე და ნელ–ნელა წერის განწყობაც მოვა :)

Toma said...

მიხარია რომ დაბრუნდი.

Keti said...

ტომა :*