Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts
Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts

Wednesday, December 29, 2010

საუბრები ლიტერატურაზე

დიდი ხანია, ჩემი ბლოგის თაროზე ახალი გამოცემა არ დამიმატებია. ორი დღის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის მორიგი ლიტერატურული კრებულის წარდგინება გაიმართა. კრებულში არაერთი საინტერესო ინტერვიუ თუ წერილი შევიდა. ვინც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეცნობა, მათთვის ამ ავტორებისა თუ მთარგმნელების სახელები ნაცნობია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს იშვიათად შეხვდებით ლიტერატურაზე მოსაუბრეს – მათთან ჩაწერილი ინტერვიუების სიმცირეს ან საერთოდ არარსებობას ვგულისხმობ.
კრებული ლევან ბერძენიშვილის მიერ მოთხრობილი "ლიტერატურული ისტორიებით" იხსნება: ეს არის ვრცელი ინტერვიუს პირველი ნაწილი, რომელიც ვფიქრობ, ნებისმიერ ლიტერატურის მოყვარულს დააინტერესებს. გარდა ამისა, დაიბეჭდა გიორგი კილაძის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები: ვაჟა ხორნაულთან, ლევან ტატიშვილთან, თეა თოფურიასთან, გიორგი საჯაიასთან, ქარდა ქარდუხთან, ზაზა ბიბილაშვილთან, გიორგი კეკელიძესთან, ბაჩო კვირტიასთან, მაკა მიქელაძესთან და სხვებთან; ლიტერატურული საუბრები ლევან რამიშვილთან; ნინო სადღობელაშვილის, მარსიანის, იკა ქადაგიძის, ნინო დარბაისელის, მაია სიმონიშვილის, ნინო გედენიძის და სხვების წერილები...
ყოველი მორიგი კრებულის გამოსვლისას ვამბობ – ეს უკეთესია, ვიდრე წინა და გული მწყდება მცირე ტირაჟზე. იმედია, ეს კრებული სრული სახით ელექტრონულადაც გახდება ხელმისაწვდომი.

Monday, November 16, 2009

საუბრები ლიტერატურაზე


რამდენიმე დღეა, ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კრებულის მე-6 ნომერი გამოვიდა (და ამ რამდენიმე დღეში უკვე არაერთმა მკითხველმა აღნიშნა, რომ ყოველი ახალი ნომერი წინას სჯობს). ახალ კრებულში 25–მდე ავტორის საინტერესო სტატია და ინტერვიუა შესული. ზოგიერთს ჩამოვთვლი:


  • ნინო სადღობელაშვილის – "ებლიტფო" ლათინური ენასავითაა, მკვდარია, მაგრამ ბევრ ენაზე ცოცხალი"; კრებულში ასევე დაიბეჭდა მისი წერილი გოდერძი ჩოხელზე – "ნაწილიანი";
  • "ებლიტფოს" არქივიდან – შალვა ბაკურაძის "ქმრების საკითხავის" განხილვა;
  • ამავე თემაზეა (ვ) ანუცას (ანა არგანაშვილის) წერილიც;
  • მარსიანის ორი წერილი: სახელდახელო გამოხმაურება ზაზა შათირიშვილის ინტერვიუზე და მეორე: გამოხმაურება წერილზე "კონცეპტუალური –პოეზია?";
  • ნინო დარბაისელის "პოეზიის პრაქტიკუმები";
  • ინტერვიუ ქეთი თუთბერიძესთან და მის მიერ "წაკითხული" საკუთარი ლექსი (ანუ ავტორისეული განხილვა);
  • გიორგი კილაძის ინტერვიუ გურამ მეგრელიშვილთან;
  • ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც "ებლიტფოზე" დაიწყო და იმედია, გაგრძელდება: "100 პოეტის 100 ლექსი" ზაზა შათირიშვილის კომენტარებით. აქ პირველი ლექსის განხილვაა წარმოდგენილი (ვაჟას "მთას ვიყავ");
  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული გივი ალხაზიშვილის პოეზიის საღამოს ჩანაწერი;
  • ლელა კოდალაშვილის კრიტიკული წერილი გურამ მეგრელიშვილის კრებულზე;
  • ინტერვიუ ირაკლი ქასრაშვილთან;
  • ინტერვიუ გიორგი ბუნდოვანთან;
  • გიორგი კეკელიძის "ოდები, ცრუ–ოდები და ძლისპირები", სადაც გიორგი საკუთარ პოეზიაზე საუბრობს;
  • კრებულში შევიდა ჩემი ორი წერილი, რომლებსაც ბლოგის მკითხველები იცნობენ და ინტერვიუ.

სამწუხაროდ, კრებულები მცირე ტირაჟით იბეჭდება და ნაბეჭდი სახით მათ მხოლოდ ვიწრო წრე ნახულობს (თუმცა, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ხელმისაწვდომია). ელექტრონული ვერსიების გაცნობა კი შესაძლებელია:

წინა ნომრების შესახებ ცოტა ხნის წინ ვწერდი. ახლაც, ბმული იგივეა: ეროვნული ბიბლიოთეკა

1-4 ნომრის მოსაძებნი საკვანძო სიტყვებია: რამდენიმე კითხვა და ებლიტფო

უახლესი მე-5 და მე-6 ნომრების სანახავად საძიებო გრაფაში ჩაწერეთ: მონოლოგი და საუბრები.

Wednesday, March 18, 2009

ჩარლსტონი და...

დღეს 'რამდენიმე კითხვა' გამოქვეყნდა. ჰოდა, რა ვიცი...
საერთოდაც, მოვიწყინე. თუმცა, მუსიკას, რომელსაც მთელი საღამო ვეძებ და ვუსმენ, სევდიანობისა არაფერი ეტყობა.
თითქოს.
და, აქაც რომ დავდო? რატომაც არა. ჯერ ის, თუ რას ვეძებდი –
20-იანი წლების ჯაზს და ბოლოს, ჩარლსტონამდე და ამ მეამბოხე არსებებამდეც მივაღწიე. თან, ქართველი ქალები გამახსენდნენ – კოჭს რომ ჯერ კიდევ ფარვა უნდოდა, იმ პერიოდის მსახიობები. ოღონდ, ჩვენში, თეატრის სცენაზე (თუ ეზო–ეზო), ძირითადად ლეკურს ცეკვავდნენ...
მოკლედ, დავდებ ამ ლინკებს. ჰო, კიდევ თამარი გამახსენდა – რაღაც, მსგავსად წარმომედგინა მისი თმის შეკვეცის ამბავი :)


აქვე, ესენიც:
Jazz it up (2)
Jazz it up (3)

პ.ს. სულაც არ არიან ისინი შორს. ბოლო დროს არაერთხელ ვიფიქრე: დრო მიჰქრის, ადამიანები დგანან.