Monday, September 12, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ჯეიმს ჟაკ ჟოზეფ ტისო 1836 წელს საფრანგეთში, ნანტში დაიბადა. 1856 წლიან პარიზის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, სადაც ედგარ დეგასა და ჯეიმს ვისტლერს დაუახლოვდა. მისი პირველი გამოფენა 1859 წელს პარიზის სალონში მოეწყო; 1861 წელს ნახატი "ფაუსტისა და მარგარიტას შეხვედრა" ლუქსემბურგის მუზეუმმა შეიძინა. იბრძოდა ფრანკო–პრუსიის ომში, მოგვიანებით კი პარიზის კომუნარებს გულშემატკივრობდა, რის გამოც საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც სახელი შეიცვალა და ჯეიმსი დაირქვა. აქვე დაიწყო გრაფიკის შესწავლა, მუშაობდა ილუსტრატორად.

1875–1876 წლებში ჟაკ ტისომ ირლანდიელი ქეთლინ ნიუტონი გაიცნო, რომელიც მისი მუზა და მოდელი გახდა. ტისო ქეთლინს ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულად თვლიდა. ქალი 1876 წლიდან სიკვდილამდე (1882) ლონდონში, ტისოსთან ერთად ცხოვრობდა. 1876 წელს შეეძინა ვაჟი, რომლის მამაც, სავარაუდოდ, ტისო იყო. მათ დაქორწინებას ხელი ქეთლინის ირლანდიურმა წარმოშობამ და კათოლიკობამ, განქორწინებულისა და ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების დედის სტატუსმა შეუშალა. ქეთლინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რისი მიზეზიც ტუბერკულოზით გამოწვეული ტანჯვა იყო.

მისი სიკვდილის შემდეგ ტისო პარიზში დაბრუნდა. აქ, 1885 წელს, მხატვრისთვის მეტად მნიშვნელოვანი გამოფენა მოეწყო – გამოიფინა 15 ნამუშევარი სერიიდან "ქალი პარიზში", რომელშიც თავი მოიყარა სხვადასხვა კლასისა და ტიპის ქალთა პორტრეტებმა. 1880-იანი წლებიდან ტისო რელიგიამ გაიტაცა, რაც მის მხატვრობაზეც აისახა – ასურათებდა ბიბლიას (1886, 1889 და 1896 წლებში ახლო აღმოსავლეთშიც იმოგზაურა, რათა პეიზაჟები და ადამიანების ტიპაჟები შეესწავლა). სულ დახატა 365 ილუსტრაცია გუაშით, რომლებიც კრიტიკოსებმა დიდად მოიწონეს, ხოლო 1900 წელს ბრუკლინის მუზეუმმა შეიძინა. გარდაიცვალა საფრანგეთში, 1902 წელს.

დღევანდელი გამოფენისთვის "კროკეტი" (1878 წ.) შევარჩიე. მასზე ქეთლინ ნიუტონია ასახული.
*
ამ ნახატის გამოფენა არ დამიგეგმავს, მაგრამ ახლა, რატომღაც, ქეთლინის გვერდით ტისოს ავტოპორტრეტის მოთავსებაც გადავწყვიტე.

12–18 სექტემბერი.

Friday, September 9, 2011

წერილი ბორის ვიანს

/მოკითხვამდე/

ვერ გადავწყვიტე, როგორ მოგმართო – ძვირფასო ბორის, მისიე ბორის, თუ უბრალოდ, ბოღის – ფრანგული პრონონსით, ამიტომ პირდაპირ დავიწყებ:

აქ ასეთი ამბავია – წერილებს სწერენ საყვარელ მწერლებს. ერთი-ორ ჩემს საყვარელ მწერალს უკვე მისწერეს. მე კი მგონია, სააქაოდან საიქიოში ერთი ადრესატისთვის ერთბაშად რამდენიმე წერილის მოსვლა რთული საქმე უნდა იყოს. ამიტომ შენ ამოგირჩიე. თანაც, სწორედ ახლა ვკითხულობ შენს წიგნს და კითხვის ყოველი “სეანსის” დასრულებისას ვბუტბუტებ: აჰ, ეს ჩემი ნაწერი იყოს. ჰო, ჰო, შენს ნაწერს “ხელს მოვაწერდი”.

კარგი, თავიდანვე გეტყვი, რომ შენი ბევრი არაფერი წამიკითხავს. სულ ახლა ვიწყებ შენს გაცნობას და თავს ისე ვგრძნობ, როგორც მეტად საინტერესო კაცის წინ. მოკლედ, “გულსაგლეჯს” ვკითხულობ. მინდა გითხრა, ამ წიგნს ბარემ ერთი წელია, გვერდს ვუვლი. სათაური და ყდა არ მომეწონა. რაღაც ძალიან მწვალებლურად აღვიქვი. ქართულ ენაზე გამოცემულ შენს წიგნს გრძელცხვირა, ჩაჩიანი, მოხუცი კაცი ახატია, ქოლგით, ქუდით და ვიოლინოთი რომ დაუხუნძლია ხელები და მაცდურად უღიმის პიანინოსთან მორცხვად ჩამომდგარ გოგოს, რომელსაც ნოტები უჭირავს. ფედერიკო ანდრეოტის ნახატია. რაღაც მსგავს მდგომარეობაში ვარ ახლა: თუ მასწავლებლის ადგილზე წარმოგიდგენ – ვიღებ გაკვეთილს და ვკარგავ გულს, რომელსაც ასე უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად მაცლი შენი მდიდარი კოლექციისთვის. გამოდის, ყდის დიზაინი სწორედ (ჩემთვის) შეურჩევია მავანს.

წიგნის უკანა მხარეს შენი პორტრეტია – ისე გულიანად იცინი, მაგარი ტიპი უნდა ყოფილიყავი, ასე მგონია. მხიარული, ჭკვიანი, აი, რაღაცნაირი ანცი; და მაინც მუდამ სევდიანი თვალებით. თან ყურში მუსიკა გქონდა სულ. საყვირზე რომ უკრავდი, გენიალურია, ვგიჟდები საყვირის ჟღერადობაზე. მართლა, შენს სიმღერებსაც მოვუსმინე იუთუბზე. აჰ, არ იცი იუთუბის შესახებ. ეგ არაფერი. მოკლედ, შენი პოვნა ადვილია დღევანდელ სამყაროში – ერთი ხელის გაწვდენა და მუსიკა თუ ტექსტები ჩემ წინ გაჩნდება. ზუსტად ამას ვაპირებ დროთა განმავლობაში – კარგად გაგიცნო.

ამ წერილს ისე სწრაფად ვწერ, წყალივით. უცებ მომინდა, მომეწერა. როგორც ჩანს, მხოლოდ ის ბუტბუტი არ მეყო დამოკიდებულების გამოსახატად და ამდენი სიტყვაც ამიტომ მცვივა.

მოდი, ცოტას “გულსაგლეჯზე” გეტყვი. რაც წავიკითხე, იმაზე. თავიდანვე მომეწონე. პირველი თავიდან. რაღაც ისე აღწერდი გარემოს, ეგრევე დავიძაბე: გამიჩნდა სურვილი, არცერთი სიტყვა არ გამომპარვოდა. თითქოს აპლიკაციებით აწყობ პეიზაჟებს. უფრო ზუსტად, ხატავ. შენ თუ არა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ფუტკრები შეიძლება დაბნეულები და უსაქმოები იყვნენ, თხებმა კი ავტოსტოპით იმგზავრონ. არც მე ვიცოდი ეს. ჰო, კლემანტინი და მისი წარაკუები. ასე თარგმნეს ქართულად. სულ მეცინება. ნეტა ფრანგულად რას უწოდებ ტყუპებს. წითელმა ნაკადულმა დამამძიმა. სასტიკად აღწერ. მისი წარმოდგენისას მეგონა, ცოტაც და ჩავიძირებოდი, მაგრამ მერე, შარავანდის ამბავი რომ წავიკითხე, მადლობელი დავრჩი – ფეხი არ ჩამიცდა. მოხუცების ბაზრობა, შეგირდის სიკვდილი და ეკლესიის სცენა ძალიან შთამბეჭდავია. მღვდელთან ერთად ვყვიროდი: არ იწვიმებს-მეთქი, არააა... და მერე ვჩურჩულებდი: “ის არც არავის მომხრეა და არც მოწინააღმდეგე”. ნუ, გულში, რა თქმა უნდა. ეს რაც შეეხება საერთო სცენებს. ყველა სიტყვას რომ გულისყურით ვკრეფ, ხომ გითხარი. ახლა სიტროენმა სიარული ისწავლა და საინტერესოა, საით წავა.

იცი, როცა შენი კითხვა დავიწყე, ჩემს ბლოგზე დავწერე, ვნახოთ რას მეტყვის-მეთქი, ვიანი. ბლოგი რა არის? ისეთივე რაღაც, რაც იუთუბი – ამ სამყაროს პროდუქტია. ჰოდა, ისე გამოვიდა, თითქოს გამოგიწვიე და ახლა ვზივარ განიარაღებული. შენ კი, ალბათ გულიანი სიცილით იცინი მანდ, სადაც ხარ – კიდევ ერთი გული ჩაიგდე ხელთ.

საღამოს რამდენიმე სიმღერას ამოვირჩევ და მოვუსმენ. კარგად უნდა დავაკვირდე, როგორი ხმა გაქვს, რომ მორიგი გაკვეთილის ბოლოს შენი სიცილი წარმოვიდგინო, მეტღ*.

მივხვდი, როგორ მოგმართო.


6 სექტემბერი, 2011
თბილისი

-----
* Maître (ფრ.) – მასწავლებელი, მოძღვარი

Tuesday, September 6, 2011

ფერი


ეზოში გადავიღე. ჩემი ბლოგის ფერია. ჰოდა, ჩამოვკიდებ აქაც.

Monday, September 5, 2011

ერთი კვირა, კედელზე

სეზონის ცვლილებას შესაფერისი განწყობა და ფერები მოაქვს. არჩევანი: ანრი რუსოს "პეიზაჟი ფერმერთან ერთად" – მხატვრისთვის დამახასიათებელი ხელწერითა და ფერთა გამით. რუსო ერთხელ უკვე გამოვფინე – მის შესახებ ოდნავ მეტი ამ პოსტით შეგიძლიათ შეიტყოთ.

5–11 სექტემბერი.

Friday, September 2, 2011

რაც აღარ და ვეღარ

ამას წინათ მხატვრის სახლში მოვხვდი. სრულიად შემთხვევით. ეზომ მიმიზიდა ფოტოგადაღებისთვის და შემიპატიჟეს, თუმცა ისევ მხოლოდ ეზოსა და აივნის დათვალიერებით ამოიწურა ჩემი სტუმრობა. მომერიდა. აივანზე მოწყობილმა სამუშაო კუთხემ რამდენი დღე მაფიქრა, არ ვიცი. აი, ახლაც ხომ მასზე ვწერ. ხშირად ვფიქრობ, საით წავიდოდა ჩემი ცხოვრება, თუ იმ გზაჯვარედინზე, 7 წლის ასაკში რომ ვიდექი(თ), სხვა მიმართულებას ავირჩევდი(თ)? მეც მექნებოდა ჩემი „აივანი“? არა, არაფერს მივტირი, უბრალოდ მაინტერესებს. ჩემში დიდია მოთხოვნილება, ასეთ გარემოში ვიყო... და ნულოვანი – შეხება. თუ შემთხვევით მოვხვდი, თავს უხერხულად ვგრძნობ, ორიენტირდაკარგულივით და ვცდილობ, მალე გავეცალო. სამაგიეროდ, მერე დღეში ორმოცდაათჯერ ვიხსენებ.

რამდენი ადამიანი დადის საქართველოში, ვინც ახლობლების (საზოგადოებრივი აზრის, პრაგმატული გათვლების, გარეშე პირობების) გავლენით აირჩია საქმიანობა და დათმო ის, რასაც შინაგანი ხმა ურჩევდა. ნეტავ მათ თუ ეფიქრებათ ხოლმე, სურთ, ან ცდილობენ დაბრუნებას? და, აქვს კი აზრი დაბრუნებას? ჩვენ ხომ ვვითარდებით, ჩვენი შეხედულებები, საკუთარი ძალების შეფასება, ინტერესის სფეროები ხომ იცვლება. ან მონათესავე დარგებში ვინაცვლებთ, ან საერთოდ ვივიწყებთ ძველ გატაცებებს.

ჩემს ბავშვობაში ცაციებს სახელმწიფო დონეზე მტრობდნენ. ერთ კლასელს, როდესაც მე-2 კლასში ვიყავით, ცაციობა აუკრძალეს. ბევრს ეცადნენ თუ ცოტას, მემარჯვენედ აქციეს, სამაგიეროდ ხატვის საშუალება წაართვეს. ეს კი არა, კალიგრაფიაც ბატიფეხური ჩამოუყალიბდა. ჰოდა, ჩემთვის ნაცნობი გრძნობაც ამ ამბის შედეგს ჰგავს – რაღაც წარსულში დარჩა: ხელებს აღარ და ვეღარ სურთ. თუმცა სხვა, მსგავსი საქმეების კეთებას კი ახერხებენ. თვალმაც იპოვნა გასაქცევი – მოცალეობისას ობიექტივში იკეტება.

Monday, August 29, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ჯონ ვაით ალექსანდერმა "დასვენება" 1895 წელს დახატა. ანალოგიური სათაური აქვს ჯონ სინგერ სარჯენტის 1911 წელს შექმნილ ნახატს (რომელიც ბლოგის ერთ-ერთ გამოფენაზე უკვე მოხვდა), თუმცა არა მხოლოდ სათაური – შეიძლება ითქვას, მისით არის ინსპირირებული. იქნებ ხელწერის მსგავსების გამოცაა, რომ ორივე მხატვრის შემოქმედება მიზიდავს (მაინც გამოვარჩევდი "ჩემს" – სარჯენტს).
პ. ს. არ ვიცი, რამდენად საყურადღებოა: ორივე მხატვარი 1856 წელს დაიბადა, ხოლო 1874 წელი მათთვის მნიშვნელოვანი იყო – ერთგვარი ათვლის წერტილი: ალექსანდერმა ილუსტრატორად მუშაობა, სარჯენტმა კი სამხატვრო სტუდიაში სწავლა დაიწყო.
ცოტა რამ ალექსანდერის შესახებ

29 აგვისტო –
4 სექტემბერი.

Friday, August 26, 2011

უბრალოდ: დღიურის ერთი ფურცელი

ორი დღეა, სამსახურში გამოვედი და უკვე მეორე პოსტს ვწერ შესვენებებზე. შინ წერის სურვილი არ მიჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით კომფორტულად ვზივარ, არც საქმე და ვალდებულებები მაჩქარებს. უცებ ფენ-შუი გამახსენდა – მგონი ჩემს შემთხვევასაც მოუძებნიდა ახსნას – აქ, ამ ადგილზე, ჩემთვის სიტყვები "იშოვება".
უცნაური დღეა: ერთდროულად მზე და კოკისპირული წვიმა. ცხელი ზაფხულის შესაბამისად მაცვია. არ ვეპუები დაკლებულ ტემპერატურას, თან დილაობით ოდნავი სუსხი მხრებზე ძალიან მსიამოვნებს.
ფეისბუკზე ერთი ფრენდის სტატუსმა დამაფიქრა. წერდა, უნდა ჩავიწერო, ვინ რა მაწყენინა, რადგან ვის რატომ არ ველაპარაკები, აღარ მახსოვსო. ვიფიქრე, კომენტარი დამეტოვებინა, მაგრამ თავი შევიკავე. მინდოდა მეთქვა, ეგ ძალიან მაგარია, შენ ქვეცნობიერად უკვე პატიობ და იმიტომ არ გახსოვს-მეთქი. მე მქონია შემთხვევები, როცა სხვებს უთქვამთ – გახსოვს, ამა და ამან ამ და ამ მიზეზით რომ გაწყენინაო და საოცრად ბუნდოვანი ყოფილა ჩემთვის მოყოლილი ეპიზოდი. ისიც მიფიქრია, ამ ადამიანს თავისი წყენის ამბები ალბათ ყველა წვრილმანის ჩათვლით ახსოვს-მეთქი. არ არის საჭირო წყენის ხშირად გახსენება, დეტალების აღდგენა. ბოღმად ქცევა იცის.
ჰო, დილით ავტობუსით ვიმგზავრე, იძულებით. როგორ ვიდექი, ვერ აღვწერ – ხალხის რაოდენობის გამო აუტანელი იყო. ამ აუტანლობას კიდევ უფრო ართულებდა ერთი ფსევდოინტელექტუალის 50 წუთიანი მონოლოგი, რომელიც იმ თანამგზავრის შეურაცხყოფით დაამთავრა, ვინც კომენტარი შებედა და მის აზრს არ დაეთანხმა. ჰოდა, დღეს უფრო დავაფასე მეტრო. იქ ტვინს არ ბურღავენ. იმდენად არ, რომ წიგნსაც წაიკითხავ.
სამსახურში გასვლასთან ერთად ჩემი მეტროში კითხვის სეზონიც გაიხსნა. ეს ერთადერთი ტრანსპორტია, სადაც გარემოსგან გათიშვას და კითხვას ვახერხებ. რა თქმა უნდა, გრძელი გზაც მიწყობს ხელს. ისე გამომიმუშავდა დილაობით კითხვის მოთხოვნილება, რომ შვებულების დროსაც, საუზმემდე კითხვის ნახევარსაათიან რიტუალს ვიცავდი. ამ “სეზონს” ბორის ვიანით ვხსნი. ვნახოთ, რას მეტყვის.

Wednesday, August 24, 2011

ორი სიტყვით

პირველი სამუშაო დღე – დასვენების შემდეგ, თავისი სიძნელეებით და დღე, რომელიც მინდა ჩავინიშნო: უბრალოდ ასე – ორი სიტყვით, რადგან ჩემს განცდებზე ღიად წერას გადავეჩვიე. ხანდახან ძალიან მენატრება დრო, როცა გაცილებით თავისუფალი ვიყავი – სიტყვების გაზიარების სურვილი მქონდა და, რაც მთავარია, თითებიც არ აპროტესტებდნენ მათ აკრეფას.
მოკლედ, პირველი სამუშაო დღე – რუტინისა და ჩემთვის შემოდგომის საწყისიც. ბოლო წლებია, ზაფხულის გახანგრძლივებას ვნატრობ ხოლმე და სეზონის შეცვლა მასევდიანებს. ალბათ ასეც უნდა იყოს, როცა შემცვლელი შემოდგომაა. თუმცა, ისეთი ლამაზია, ტკბილი და ფერადი, ალბათ "ეპატიება" ცოტა სევდა. მით უმეტეს, რომ ზამთარი მოსდევს – ის, რასაც ვერასდროს შევიყვარებ. არ ვიცი, რას მომიტანს ეს სამი თვე. მაქვს სურვილები და ჯერჯერობით ბუნდოვანი გეგმები. უცნაურია, თითქოს სექტემბერს იანვრის ფუნქციები აქვს მითვისებული – ახალი წლის განწყობას მიჩენს.
მივედ–მოვედები. მინდა, ვწერო. სულ ეს არის. იმ პატარა ამბების მოყოლაც მინდოდა, თითქმის ყოველდღიურად რომ ვაწყდები და ხანდახან კომენტარებსა თუ ტვიტებშიც ვფანტავ. მაგრამ ეს სხვა დროისთვის, ამ პოსტში ადგილი ვერ გამოვუნახე.

ფოტოზე ჩვენი ეზოს კარალიოკია. ცოტაც და ასე შეიფერება: აალდება, თუ ფოთლებიდან მზეს დაუწყებ თვალთვალს. მიყვარს შემოდგომის ფერები, განწყობები თბილი სექტემბერ-ოქტომბრიდან... მე მიყვარს და მჭირდება სითბო.
მიყვარს და მჭირდება.

Monday, August 15, 2011

ერთი კვირა, კედელზე

თანამედროვე იტალიელი მხატვარი, ფრანჩესკო კლემენტე 1952 წელს, ნეაპოლში დაიბადა. განათლება არქიტექტურის განხრით რომში მიიღო. 1973 წელს კლემენტე პირველად ეწვია ინდოეთს, 1981 წლიდან დღემდე კი ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკსა და ინდოეთში. 1976 წლიდან დაინტერესდა რელიგიური ტექსტების შესწავლით. თანამშრომლობდა მინიატურების ინდოელ ოსტატებთან, აგრეთვე შეისწავლა ქაღალდის ხელით დამზადების ტექნიკა (1980-1981 წწ. შექმნილი მინიატურების სერია სწორედ ხელნაკეთ ქაღალდზეა დახატული).
პირველი დიდი წარმატება 1980 წელს ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობამ მოუტანა, რის შემდეგაც კრიტიკოსები დაბრუნებული ფიგურატივიზმის ლიდერს უწოდებდნენ, რომელსაც იტალიაში "ტრანსავანგარდი", ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში "ნეოექსპრესიონიზმი" დაარქვეს.

1981 წლიდან ფრანჩესკო კლემენტე ამერიკაში გადასახლდა. აქ ენდი ვორჰოლთან და ჟან-მიშელ ბასკიასთან ერთად თანამშრომლობდა სხვადასხვა პროექტებში, მუშაობდა კინოშიც – შექმნა 200-მდე ნახატი ფილმისთვის "დიდი იმედები". ასევე, დაასურათა ალენ გინზბერგის (3), სალმან რუშდის, რობერტ კრილისა და სხვების უნიკალური კრებულები. არის ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი. მისი ნამუშევრები იფინება მსოფლიოს ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებში.

ჩემთვის საინტერესოა როგორც სათქმელი, რომელსაც ეს მხატვარი გადმოგვცემს, ასევე შესრულების ტექნიკა თუ ფერები. მისი ძირითადი თემებია: ადამიანის სხეულის ფორმები, ავტოპორტრეტი, სექსუალურობა, სულიერება, ილუზიები. ცნობილია თავისი ეროტიკული სერიით, ამბივალენტური ფიგურებით, ავტოპორტრეტებით.

კვირის მანძილზე მხატვრის რამდენიმე ნამუშევართან ერთად, რომელიმე ლექსის ილუსტრაციასაც გამოვფენ. ორშაბათის კედელს კი ამ ნახატით გავხსნი: "რაღაც, რაც გავიგე", 2001.
*
სენსუალურ-ეროტიული: "ჩიტების კონფერენცია", 2010
*
და ბოლოს, კლემენტეს ილუსტრაცია ალენ გინზბერგის პოეტური კრებულისთვის (1983).

15–21 აგვისტო.