მეორე დღეა, მზიანი დღე "ხდება" და, მიუხედავად სიცივისა, უკეთ ვარ. სახლში კი ნამდვილი გაზაფხული გვაქვს: დედამ მოცხარის (აქ ეწერა "სმაროდინა") რამდენიმე ტოტი მოიტანა და ოთახის პალმის ძირში ჩავრგეთ, ვიდრე ბაღში გადავიტანთ. გუშინწინ გაფშეკილი ტოტები იყო, გამხმარის შთაბეჭდილებას ტოვებდა, დღეს ვნახე და წვრილ-წვრილი მწვანე კვირტებით არის სავსე. გამიხარდა, როგორც იქნა რაღაც გაზაფხულის დამახასიათებელი დავინახე (გასაყიდად გამოფენილი ყვავილები აღარ მოქმედებს – ლამის მთელ წელს ვხედავთ).
ჩემი ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც წლობით ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში, ამბობს, რომ კომბინირებულ სიზმრებს ხედავს – მაგალითად არის იმ ადგილზე, სადაც წლების წინ იმოგზაურა და ახალშერთულ ქართველ ცოლთან ერთად ზის იმ მანქანაში, რომელიც ამერიკაში დატოვა. მერე ვფიქრობდი, თითოეული ჩვენთაგანი რამდენი განცდილის "შედეგია" დღეს; კიდევ იმაზე, რომ მე, მაგალითად, სიზმრებში ძირითადად ბავშვობისდროინდელ სახლებში ვარ ხოლმე და ხშირად ხდება, რომ ახლანდელი ნაცნობები იქ მაკითხავენ. სულ ახლახან ერთი სიზმარი ამიხდა, რასაც მხოლოდ პოსტფაქტუმ მივაქციე ყურადღება. წუხანდელი სიზმარი კი კარგს არაფერს უნდა მიქადდეს. ვფიქრობ, ანდერძის წერა ხომ არ დამეწყო :) არ ვიცი, რატომ გახდა სიზმრების თემა აქტუალური ბოლო დღეებში. თითქოს ერთმანეთს მიეწყო: იქ – სიტყვამ მოიტანა და თქვეს, აქ – გამახსენდა...
მომწონს გაკვეთილზე სპონტანურად წამოჭრილი სასაუბრო თემები და აქაც, მართალია, არეულ-დარეული ჩანაწერი გამომივიდა, მაგრამ მაინც დავაჭერ ხელს გამოქვეყნების ღილაკს. უბრალოდ, სულ ეს მოგროვდა მას მერე, რაც ახალი პოსტის ფანჯარა გავხსენი.
Wednesday, March 14, 2012
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
სხვათა შორის, მეც უმეტესად ბავშვობა სადაც მაქვს გატარებული, იმ სახლებს ვხედავ სიზმარში, თუნდაც ვგრძნობდე, რომ იქ აღარ ვარ, მაინც იქაურობას ვხედავ. საინტერესოა.
რა უცნაური რამ არის... ახლა გამახსენდა: "ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ".
მიუხედავად იმისა რომ ზამთარი მიყვარს, საშინლად მიხარია გაზაფხულის მოსვლა. მარტო ის რად ღირს რომ დილას ვდგები მაშინ როცა ვიღვიძებ და როცა ვიღვიძებ გარეთ სინათლეა.
სიზმრებს რაც შეეხება, იმდენად არარეალურის იზმრები მაქვს რომ აზრზე არ ვარ ხანდახან საიდან მოდის ეს ყველფერი :D
ეგ მეც როგორ მიყვარს...
მაგარია ასეთი სიზმრები :))
Post a Comment