ისე სწრაფად გადის დღეები და მოდის ორშაბათები. ბლოგზე ორშაბათს მაინც ვდებ პოსტს – განწყობების თუ ტრადიციის გამო და ვწუხვარ, როცა ვხედავ – წინა პოსტიც ორშაბათს ეკუთვნის, რომ უსაშველო სიჩუმე მაქვს შეყრილი, არადა რამდენი რამ შემეძლო დამეწერა: მაგალითად, წაკითხულ წიგნებზე მომეყოლა, დიდი რაოდენობით რომ დამიგროვდა, ან თბილისის უსახლკარო ცხოველებზე – მათ ამბებს სოციალურ ქსელში ვკითხულობ, ან ადამიანებზე, რომლებიც მახარებენ და გულს მტკენენ; უბრალოდ, ახალ ადამიანებზე, რომლებსაც ვხვდები; ან ვალდებულებებზე და მათი წყალობით სრულიად წართმეულ თავისუფალ დროზე, ანაც დღისა და ღამის სიზმრებზე. მინდა, მივხედო აქაურობას – ხშირად ვცვლიდე "საღამოს საკითხავს", ვამატებდე ახალ რუბრიკებს, ხშირად ვსტუმრობდე საყვარელ ბლოგებს. ხანდახან ვფიქრობ, ჩემი ბლოგი რომ ანონიმური იყოს, დავწერდი? ალბათ არც მაშინ, უფრო სწორედ, ამ განწყობის და რუტინის პატრონი – ვერ. ხან მგონია, რომ ძალიან შემეშველებოდა ნეთბუქი – ნებისმიერ მოსახერხებელ და ჩაჩუმებულ კუთხეში განსამარტოვებლად და მხოლოდ ასე დამიბრუნდებოდა სიტყვები.
ერთადერთი, სიზმრები და ტრანსპორტში წაკითხული წიგნებია, სადაც ვიყუჟები. და ისინიც ისე მალე მთავრდებიან. სათვალავი ამერია. მათიც და ორშაბათებისაც.
გუშინ ბრედბერის "ბაბუაწვერას ღვინოს" კითხვა დავიწყე. წიგნის მაღაზიაში წინასიტყვაობას და რამდენიმე გვერდს გადავხედე და მივხვდი, ამ გაწელილ ზამთარში ძალიან მჭირდებოდა საკითხავი, სადაც ზაფხულზე იქნებოდა მოთხრობილი, თანაც ლამაზად. მოწყურებულივით ვყლაპავ ზოგიერთ ფრაზას, სადაც ბუნებაზეა საუბარი. ლამის დეპრესია დამმართოს ზამთარმა. ერთადერთი, რასაც აქამდე არ მივყავარ, ყოველდღიური საზრუნავებია, რომლებიც ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით მრავლდებიან. უსულო საგნებიც კი მართავენ ჩემს დროს; მათაც აქვთ სიტყვის თქმის უფლება და თუ არ შევუსრულებ მოთხოვნებს, პროტესტს ყველაზე შეუვალად "გამოხატავენ"... ამასობაში შაბათები შემიყვარდა, თითქოს ყველაზე "ჩემი თავის პატრონი" შაბათობით ვარ.
რა იქნება, ფანჯარაში თეთრტოტება ხეები არ ჩანდნენ.
ახლა არ იყოს სამის ნახევარი და გაღვიძებამდე 5 საათზე ნაკლები არ მრჩებოდეს.
სიზმრად ვნახო ის ადამიანები, ვინც მენატრება.
რამე კარგი მოხდეს ხვალ.
თუნდაც მზიანი დღე.
6 comments:
http://en.wikipedia.org/wiki/File:The_sun1.jpg
გჩუქნი, შენი იყოს))))
არსენ, დიდი მადლობა! :)))
ნეთბუქი კი არა ქინდლი გინდა შენ.
ფაია.
თან მიეფიცხები კიდეც :)
ჰო, ქინდლი მგონი საუკეთესო ვარიანტია :))
რამდენჯერ მიფიქრია მეც ანონიმურ ბლოგზე, ანუ ყველაფერი რომ თავიდან დავიწყო და დავწერო ისეთ რაღაცებზე, რაც გულში/სულში მაქვს და ზოგჯერ ძალიან მაწუხებს, მაგრამ მერე ვხვდები, რომ არ ღირს და თუ ძალიან მომინდება, ჩემთვის, დღიურში ჩავიწერ. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა მინდოდეს სხვებს წავაკითხო ყველაფერი.
მოკლედ, მესმის შენი და ეს პოსტი ძალიან ძალიან მომეწონა, განსაკუთრებულად.
საბოლოოდ, მეც ამ დასკვნამდე მივდივარ ხოლმე. მადლობა, სოფი! :)
Post a Comment