Thursday, July 19, 2012

* * *

ოთხი დღით საავადმყოფოში დაწვენაზე რომ იყო საუბარი, განიცადა – მარტო როგორ უნდა იყოო, ღამით. 7 ღამე გავიდა და ღმერთმა იცის, რამდენი დამრჩა. ყველაზე აუტანელი მონატრების განცდაა. მისი ნახელავის ყურება, მისი დაწერილების, დალაგებულების, ნივთების. ისე აქვს ყველაფერი მოწესრიგებული, ხან მგონია, დროებით გავიდა და მოვა. სიჩუმეა აუტანელი – როცა მხოლოდ საკუთარი მოძრაობის ხმა მესმის.  
გუშინ წავიკითხე: „რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე“. გული ამომიჯდა. როცა მამა წავიდა, თითქოს გავიზარდე. რაღაც შეიცვალა შიგნით,  პასუხისმგებლობა მომემატა, თავი და დედა მყავდა გასატანი. ახლა პირიქით, თითქოს დავპატარავდი – როგორც პირველ კლასში, როცა ჩემი კლასელი ტყუპები გავაცილე მათი დედის სამსახურამდე და ქუჩაში დარჩენილმა უკან ვეღარ გამოვიგნე გზა. 
ბოლოს, როცა საჭიროების გამო ცოტა ხნით ვტოვებდი, დაბრუნებულს მეუბნებოდა, რომ ძალიან მოვენატრე და  მიხუტებდა. როგორ ვუცდიდით ამ ზაფხულს და ჩემს შვებულებას. თურმე ამიტომ, რომ მომენატროს და ვერ ჩავეხუტო.

Tuesday, July 3, 2012

* * *

"ვაი ჩვენი ბრალი", – ყურთან ჩამილაპარაკა ქალმა და საქმე განაგრძო – წყალში ჩაყრილი ახალი ხილი ქურაზე შემოდგა; არ შემოუხედავს. თვალს გვერდით ვაპარებ, – ხომ არ გაიგო... უცებ თავი შეთქმულად ვიგრძენი. იმ მომენტში ისე ახლობელი იყო ის ქალი; იგივე სტკიოდა, იგივე საზრუნავი ჰქონდა.
ადრე არ მესმოდა ფილმებში ნანახი თერაპიის სიკეთისა – წრეში ჩამსხდარი საერთო პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რა შედეგი მოჰქონდა საწუხარის გაზიარებას. მე ვინმესთვის პირისპირ რაიმეს მოყოლის სურვილი არ მაქვს, თუმცა იმ ადამიანების ცქერამ, მათზე დაკვირვებამ და მათთან საუბარმა, ვინც პრაქტიკულად სხვა სამყაროში ცხოვრობს, ჩემი დამოკიდებულება ამ თერაპიისადმი შეცვალა.
ყველაზე რთული პირველი დღეებია, როცა არ გინდა აღიარო, რომ სხვა განზომილებაში მოხვდი. ჯერ კიდევ გარსის გარედან ათვალიერებ მათ. ერთი სული გაქვს, შენობიდან გარეთ გამოვარდე და ღრმად ისუნთქო ქალაქის  მოწამლული ჰაერი, რომელიც ამ დროს საოცრად სუფთა გეჩვენება. როცა პირდაპირ მოხლილი სინამდვილის გამო მათ წინაშე  ტირილი გივარდება, გარსის ზღვარიც გადალახულია. ამ დროს საშინლად გრცხვენია, რომ თავი ვერ შეიკავე და ამით უნებლიეთ ტკივილი მიაყენე. ზურგს აქცევ, ცდილობ, მათი თვალთახედვის არეალიდან გაქრე და დაბრუნებისას მშვიდი იყო.  შემდეგ დღეებში უფრო ლაგდება ყველაფერი: შეიძლება რომელიმე გამოგელაპარაკოს, უფრო "კოლეგა" – პაციენტის ახლობელი. აუცილებლად გეტყვის, კონკრეტულად რა სჭირთ, რამდენი წელია, რაც ასე არიან, რამდენი დახარჯეს და იგივე კითხვებს დაგისვამს. ბოლოს ჯანმრთელობას და გაძლებას გისურვებს, რასაც გულწრფელად უბრუნებ. ქუჩაში თავს გამოიჭერ, რომ გამვლელების ფერს აკვირდები და ცდილობ გამოიცნო, ჯანმრთელები არიან, თუ არა. შენ ხომ უკვე ამდენი არაჯანმრთელი ადამიანი ნახე. ზოგიერთ მათგანზე, ადრე სადმე რომ შეგხვედროდა, ვერც იტყოდი, თუ რამე აწუხებს. იქნებ მათი სიმკრთალე მომხიბვლელადაც ჩაგეთვალა. კლინიკაშიც უკვე ადვილად გადააწყობ პაციენტებსა და მათ ახლობლებს. მათთან ურთიერთობის წამოწყებას აუცილებლად მოაქვს ერთი რამ: იწყებ მდგომარეობის შეფასებას. წონი: აი, იმის დიაგნოზი თუ ისეთი უმძიმესი იყო და ამდენი წლის მერე ასეა, ე.ი. უკეთესის იმედი შეგიძლია გქონდეს. გულის სიღრმეში რაღაც გკაწრავს: ყველაფერი ხომ ინდივიდუალურია და იქნებ ტყუილად გიხარია... მაგრამ ისევე სწრაფად ფუთავ ამ აზრს, როგორც გაშალე – მას არსებობის უფლება არ აქვს! და ამ დროს, ამ ყველაზე დახუთულ სივრცეში, ნათელი წერტილი ჩნდება – რაღაც პოზიტიური, საიმედო: ყველაფერი გამოსწორდება, ჰო, ჰო... უნდა. მერე რა, რომ ზოგი ექიმი უხეშია და მიაჩნია – შენს გამძლეობას მძიმე, დამიზნებული დარტყმებით აწრთობს.
                                                                                                                                                        

Wednesday, June 27, 2012

კითხვები

აფთიაქის კარში ფარფატა მოხუც ქალს შევხვდი და მერე მთელი გზა მეფიქრებოდა: როცა  ერთი თვის პენსია 2 მილიგრამ წამალს ყოფნის, როგორ ცხოვრობენ ის პენსიონერები, რომლებსაც არ ჰყავთ შვილები, ან თუ ჰყავთ – უპოვარები? როგორ უმკლავდებიან ავადმყოფობებს, ან სხვა აუცილებელ მოთხოვნილებებს. როგორი უსაშველო უნდა იყოს მათი შიში. ადრეც მიფიქრია ამაზე, მაგრამ ასე არ გამისიგრძეგანებია. გულში რაღაც ჩამწყდა.

ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი შეუძლიათ, სრულიად უცნობ თანამგზავრს თავისი ოჯახის მდგომარეობა გადაუშალონ და ამით აშკარა კმაყოფილება მოიპოვონ (აღარაფერს ვამბობ უბრალო ნაცნობების წრეში საუბარზე), ალბათ ძნელია უმცირესობაში მოყოლილი ადამიანების გაგება, რომლებსაც არც ეხერხებათ და არც სწორად მიაჩნიათ მსგავსად გახსნა. როდესაც დღეში რამდენჯერმე გარყევს რეალობა, ამ ყველაფრის ვერბალური რეზიუმეს შედგენა (ასევე დღეში რამდენჯერმე) ჩემნაირი ადამიანისთვის ძალიან რთულია. ძუნწია ჩემი პასუხები – გასაქცევად გამზადებული ადამიანისა. შეიძლება ამის გამო საკითხთან დაკავშირებით არასწორ შთაბეჭდილებასაც ვქმნიდე, მაგრამ არ მაღელვებს.

Thursday, June 14, 2012

* * *

ბლოგის გამოფენა ორი კვირაა, არ განმიახლებია. პირველად.
ჩემს ფლიკრის ფასიან ექაუნთს ვადა გასვლია... თავს ზედმეტი ხარჯის ნებას ვერ მივცემ.
.
მიღმა იმდენი რამ ხდება. თუ მცალია, გავცქერი, როგორც ილუმინატორიდან.
ჩემში იმდენი შიშია და მაინც, იმედიც.
შიშისგან მოცემული ძალა ყველა ძალას აღემატება.
ჩემში ბევრი თხოვნაა, რომელიც არ ვიცი, საით მივმართო.
ინტერნეტი სასტიკია. ყველაფერს თვალწინ გილაგებს. აქ არ არსებობს მიწოდების შერბილებული ფორმები. მხოლოდ ხისტი.
მინდა, კონკრეტულ ადამიანებს ვენდობოდე. 
მინდა, დავიძინო და დავბრუნდე: ეს თვე. მამა და დედა აივანზე სხედან, მე სურათს ვუღებ...

Sunday, May 27, 2012

P.S. : ფესტივალი

შეიძლება ითქვას, მთელი წლის საკითხავი მაქვს – ზოგი ადრე ნაყიდი წიგნი, ზოგიც ამ ფესტივალზე. დღეს კიდევ 2 მივამატე სიას. ერთ მათგანთან დაკავშირებით ასეთი ამბავი გადამხდა: წიგნი ქვედა თაროზე ჩალაგებულ სხვადასხვა თემატიკის და წლების გამოცემებს შორის ვიპოვე (არ დავწერ მაღაზიის სახელს); გადავხედე, დამაინტერესა. რა ღირს-მეთქი, ვეკითხები გამყიდველს. ეს სად იპოვეთო. ვიფიქრე, რაღაც დაკარგული ვნახე და უხარია. ამ თაროზე-მეთქი. გოგო კი აგრძელებს: ჩვენიაო? ბოლოს სიაში მოძებნა და ფასიც გავიგე. სანამ ვიყიდიდი, უცებ სხვა მსურველიც გამოჩნდა. მოკლედ, ეს მივიწყებული წიგნი ლამის აღმომჩენის სტატუსით პრივილეგირებულმა წამოვიღე შინ. ესპანურენოვანი ლიტერატურა ძალიან მომწონს, თითქმის ყველა თარგმანს ინტერესით ვეცნობი. ჰოდა, ეს ჩემთვის ახალი მწერალია – ასორინი. მგონი ფესტივალის შემდგომ კითხვის სეზონს მისით გავხსნი, წაკითხვის განწყობა აქა-იქ გადახედვამ უკვე შემიქმნა.

დღის ბოლოს დავესწარი ერთ კულინარულ წარდგინებას, კიდევ გავიარ-გამოვიარე და ეგ იყო. მორჩა ჩემი "წიგნის ფესტივალი 2012" და მასზე პოსტებიც.

Saturday, May 26, 2012

წიგნის ფესტივალი

უკვე მე-14. საოცრად სწრაფად გადის დრო. რაც ამ წლებმა ჩამომიყალიბა, ფესტივალზე მოლოდინის და სიხარულის განცდით წასვლაა. წელს, აპრილის მერე მაღაზიებში წიგნები აღარ მიყიდია – ეს საქმე ფესტივალისთვის გადავდე ფასდაკლებების იმედით. ამ მხრივ "დიოგენემ" გამოიჩინა თავი (40-50 %) და, შესაბამისად, ხალხმრავალი სტენდიც აქვს. უმეტეს სტენდთან ძირითადად 10-20 %–იან ფასდაკლებას გვთავაზობენ. ფესტივალის საინფორმაციო ბუკლეტი გვეუბნება, რომ პავილიონში 94 მონაწილეა. ეს რომ არ წამეკითხა, გაცილებით ნაკლებს ვივარაუდებდი, რადგან წინა წლებთან შედარებით თავისუფალი ფართი თვალში მოსახვედრია – როგორც ჩანს, განლაგების დამსახურებით. ასევე ცოტა მომეჩვენა დამთვალიერებელიც და პრეზენტაციებიც. ხალხის დიდი ნაწილი წლევანდელ საფესტივალო სიახლესთან – მაკულატურის შემგროვებელ პუნქტებთან იყო შეკრებილი. როგორც მოგვიანებით გავიგე, ამ ჩვენს კითხვის მოყვარულ ადამიანებს მხოლოდ ფიზიკური მოძველების გამო საკმაოდ კარგი გამოცემებიც ჩაუთვლიათ ნაგვად. პრიალა ყდები ხშირად ხომ უფრო თვალწარმტაცია.

რაც შეეხება ჩემს შენაძენს: ახალი თარგმანებიდან ვიყიდე პალანიკისა და ოსტერის წიგნები, ასევე ფამუქი, კუნდერა, კამიუ, ფოლკნერი. ჰო, კიდევ ფიროსმანის ნახატებიანი საყვარელი ბროშები, რომლებიც არ მგონია, დანიშნულებით გამოვიყენო, უბრალოდ, გვერდი ვერ ავუარე გულგრილად.

დღეს ასევე მინდოდა ყვავილების ფესტივალზე წასვლა და ვერ მოვახერხე; სიმართლე ვთქვა, ადგილმდებარეობის გამოც – სამხედრო აღლუმის მიმდებარედ მოწყობილმა გამოფენამ ისე აღარ მიმიზიდა. წიგნებს ხვალაც ვინახულებ. იქნებ რამე იპოვოს თვალმა – წასაკითხად ან ფოტოდ სასურველი.

ეს დღევანდელები:




Friday, May 25, 2012

წიგნებისაკენ, რასიზმის გავლით

დღის ბოლოს მოვახერხე წიგნის ფესტივალზე წასვლა, რამდენიმე წიგნის ყიდვაც, პავილიონის სივრცისთვის თვალის გადავლებაც, რომელიც ხალვათად მომეჩვენა და გზად – რასიზმზე დაფიქრებაც. წიგნებზე ხვალ, მით უმეტეს, რომ ფოტოებსაც გადავიღებ და ყველაფერს გულდასმით დავათვალიერებ. მანამდე ფესტივალისკენ მიმავალი გზის ამბავი:
წერეთელზე წვიმამ მომისწრო და მაღაზიის ტენტის ქვეშ შევეფარე. ჩემ წინ გაჩერებულ ტაქსის ყურადღება იქვე მდგომი კაცის გამო მივაქციე. გამოეღო კარი და ყვიროდა: "გადმოდი! გადმოდი..." ტაქსის წინ ზანგი ბიჭი იდგა, კაცი შიგნით მჯდომს მიმართავდა. ჯერ ვიფიქრე, უნდოდა თავად გადაეხადა ფული, მაგრამ მალე ხმას აუწია და მოთხოვნას გინებაც დაუმატა, კარიც გამოაღო და მიაჯახუნა. თურმე იმავე ტაქსით უნდოდა წასვლა. ბიჭი აშკარად აწურული იჯდა და ხურდას ელოდა. რომ გადმოვიდა, ცოტა დააკლდა ჩვენებურს – არ დაერტყა. გამოიქცნენ ეს ბიჭები და ჩემ გვერდით, კუთხეში მიიჭუჭყნენ. თან იხედებოდნენ, თვალით მანძილს ზომავდნენ –  ხომ არ ვბრაზობდი მათთან ახლოს დგომის გამო. რომ შეძლებოდათ, კედელშიც გავიდოდნენ ალბათ. მე კიდევ სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. საშინლად შემრცხვა. ამ დროს მაღაზიის პერსონალი გამომეცხადა – შემიპატიჟეს, ჩამოჯექით, თუ გინდათო. მანამდეც ვიდექი და არ შემოუთავაზებიათ, ჰოდა ამიტომ ვიფიქრე – ალბათ ცდილობენ, გამარიდონ-მეთქი ამ ხალხს. ისე შევწუხდი, აღარ დავუცადე წვიმის გადაღებას და გამოვიქეცი.

მთელი საღამოა ვფიქრობ, რატომ. რას აშავებდნენ ის ბიჭები? იმგზავრეს, ელოდნენ ხურდას. რატომ უნდა გამოლანძღოს ვინმემ? რატომ იყო აუცილებელი იმავე ტაქსით მგზავრობა მაშინ, როცა თბილისში ლამის ყოველი მეორე მანქანა ტაქსია? მათ მაგივრად რომ თეთრკანიანი უცხოელი ყოფილიყო, ასე მოექცეოდნენ?

Wednesday, May 23, 2012

21-ე საუკუნის 20 საუკეთესო

ამ კვირის მთავარი თემა წიგნებია – ხვალ თბილისის წიგნის ფესტივალი იწყება. მე, როგორც ყოველთვის, ველი და შთაბეჭდილებების გაზიარებასაც ვაპირებ; მანამდე კი ერთი გამოკითხვის შესახებ. ზოგადად, რეიტინგები არ მიყვარს, რადგან ადამიანთა ერთი ჯგუფის აზრი შეფასების  უალტერნატივობას არ ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე წიგნებს ეხება. თუმცა, ინფორმაციულობის თვალსაზრისით ნამდვილად საინტერესოა და სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე, გამოკითხვის შესახებ ბლოგზეც დამეწერა. 
ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა The Millions  21-ე საუკუნის 20 საუკეთესო პროზაული წიგნი დაასახელა. გამოქვეყნდა ორი სია – მკითხველების და ექსპერტების მიერ შედგენილი. ექსპერტების ჯგუფში შევიდა 56 ცნობილი ავტორი, კრიტიკოსი და  გამომცემელი. საინტერესოა, რომ მკითხველებისა და ექსპერტების აზრი 10 წიგნზე ერთმანეთს დაემთხვა. მე კი აღმოვაჩინე, რომ სიიდან მხოლოდ ერთი – „არასოდეს გამიშვა“ მაქვს წაკითხული, რაც ახლახანს ითარგმნა ქართულად და შემშურდა რუსების, რომლებიც ოპერატიულად თარგმნიან უახლეს პროზას.

მკითხველების მიერ შედგენილი ოცეული ასე გამოიყურება (სათაურების თარგმნას თავად შევეცდები):
  1. ჯუნო დიასი. „ოსკარ უოს მოკლე და განსაცვიფრებელი ცხოვრება“ (2007 წ.) / "The Brief, Wondrous Life of Oscar Wao" by Junot Díaz – დომინიკური წარმოშობის ამერიკელი მწერლის ნახევრად ავტობიოგრაფიულმა რომანმა 2008 წელს პულიცერის პრემია მიიღო.
  2. რობერტო ბოლანიო. „2666“ (2004 წ.) / "2666" by Roberto Bolaño – ჩილელი მწერლის ნაწარმოები, რომელიც ავტორის მიერ  5 დამოუკიდებელ წიგნად იყო ჩაფიქრებული, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ერთ წიგნად გამოიცა. 
  3. ჯეფრი ეუჯენაიდისი. „საშუალო სქესი“ (2002 წ.) / "Middlesex" by Jeffrey Eugenides – ბერძენი მწერლის ამ წიგნმა 2003 წელს მიიღო პულიცერის პრემია.
  4. დევიდ მიტჩელი. „ღრუბლების ატლასი“ (2004 წ.) / "Cloud Atlas" by David Mitchell.
  5. კორმაკ მაკარტი. „გზა“ (2006 წ.) / "The Road" by Cormac McCarthy – წიგნის მიხედვით 2009 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
  6. იენ მაკიუენი. „გამოსყიდვა“ (2001 წ.) / "Atonement"  by Ian McEwan – შესულია ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნს შორის, 2007 წელს გადაიღეს იგივე სახელწოდების ფილმი.
  7. მაიკლ ჩაბონი. „კავალერისა და კლეის გასაოცარი თავგადასავალი“ (2000 წ.) / "The Amazing Adventures of Kavalier & Clay" by Michael Chabon – 2001 წელს მიიღო პულიცერის პრემია.
  8. ჯონათან ფრანზენი. „შესწორებები“ (2001 წ.) / "The Corrections" by Jonathan Franzen.
  9. მერილინ რობინსონი. გილეადი (2004 წ.) / "Gilead" by Marilynne Robinson – 2005 წელს მიიღო პულიცერის პრემია.
  10. ზედი სმითი. თეთრი კბილები“ (2000 წ.) / "White Teeth" by Zadie Smith – ბრიტანელი მწერლის სადებიუტო წიგნი.
  11. ჰარუკი მურაკამი. კაფკა სანაპიროზე (2002 წ.) / "Kafka on the Shore" by Haruki Murakami.
  12. ხალედ ჰოსეინი. ფრანს ადევნებული (2003 წ.) / "The Kite Runner" by Khaled Hosseini.
  13. კაძუო იშიგურო. არასოდეს გამიშვა (2005 წ.) / "Never Let Me Go" by Kazuo Ishiguro – იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი, ბუკერის პრემიის მფლობელი. წიგნი დასახელდა ყველა დროს 100 საუკეთესო წიგნს შორის. 2010 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
  14. უ. გ. ზებალდი. აუსტერლიცი  (2001 წ.) / "Austerlitz" by W.G. Sebald.
  15. რიჩარდ რუსო. იმპერიის დაცემა  (2001 წ.) / "Empire Falls" by Richard Russo.
  16. ალის მუნრო. გაქცეული (2004 წ.) / "Runaway" by Alice Munro.
  17. კოლმ ტობინი. ოსტატი (2004 წ.) / "The Master" by  Colm Toibin – ირლანდიელი მწერლის ამ წიგნმა 2004 წელს ბუკერის პრემია მიიღო.
  18. ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი. ყვითელი მზის ნახევარი (2006 წ.) / "Half a Yellow Sun" by Chimamanda Ngozi Adichie – ნიგერიელი მწერალი ქალის წიგნი.
  19. ჯუმპა ლაჰირი. „არაჩვეულებრივი მიწა“ (2008 წ.) / "Unaccustomed Earth: Stories" by Jhumpa Lahiri – ინდური წარმოშობის ამერიკელი მწერალი ქალის წიგნი.
  20. სუზანა კლარკი. ჯონათან სტრენჯი და მისტერ ნორელი (2004 წ.) /  "Jonathan Strange & Mr. Norrell" by Susanna Clarke. 
თითქმის ყველა წიგნი დაჯილდოებულია რომელიმე (ან არაერთი) მნიშვნელოვანი  პრემიით. არსებობს რამდენიმე მათგანის ეკრანიზაციაც. და ბოლოს, ამ ორი გამოკითხვის შედეგები მინიჭებული ადგილების მიხედვით: