თუ რაზე წერს, უფრო სწორედ, რას ახსენებს ხშირად პოეტი, დაკვირვებულ ფსიქოანალიტიკოსს, ან დაინტერესების შემთხვევაში, უბრალო მკითხველსაც შეუძლია, გამოიცნოს მისი სისუსტეები (ასე დავარქვათ). რას ხატავს ხშირად მხატვარი, ამის მიხედვით... ამ შემთხვევაში ვასკვნი: ედგარ დეგას ყველაზე მეტად ქალის კისერი აღელვებდა, ასევე ქალი – წინგადმოწეული თმის ვარცხნისას და ქალი – დაბანვის, ან გამშრალების პროცესში:) შესაბამისად, სურნელზეც შემიძლია ვთქვა...
ძალიან ინტიმურ დეტალებს ავღწერ? უფრო ვრცლადაც შემეძლო, თუმცა, რაკი ფსიქოლოგი არ ვარ, ჩავთვალოთ, რომ ეს მხოლოდ ჩემი აღქმაა.
დეგას მიერ ამ თემაზე შექმნილი არაერთი ნამუშევრიდან ერთ - ჩემთვის ყველაზე მოსაწონს კედელს ვუთმობ.
ჰო, რატომ After the Bath თემა, ამას არ დავწერ :)
***
ფერნანდო ბოტეროს დავუბრუნდი. ხან ვფიქრობ, რატომ მისი დამრგვალებული ფორმები?! მგონი, ის რაც შეიძლება მეტ ხორცს ხატავს (უხეშად რომ ვთქვა) და ამით ყველაფერს იმაზე მეტად მიწიერად წარმოადგენს, ვიდრე არის. ან, იქნებ, "ვიდრე" ზედმეტია..
უბრალოდ, მიწაზე დგას, მყარად :)
და თან, ხასხასაფერებიან მიწაზე :)
გარდა ამისა, უამრავი დეტალია, დიდი ხნით რომ ვუკირკიტებ. მაგალითად, გამოფენის დღევანდელი ტილო: მკვეთრი ნარინჯისფერით ოპტიმისტური განწყობა თავიდანვე ჩნდება, შემდეგ კი: მას წითელი ვაშლი უჭირავს, ყრმას – კოლუმბიის დროშა; მარჯვენა კუთხეში ორი ყვითელი ვაშლია; ღრუბლებიდან გვირილიანი ხელი ჩანს; და ეს ადამიანები – ხის მწვანე საფარველზე (ღვთისმშობელი ხომ ცნობადის ხის ფონზეა), შარავადედიანები და უშარავანდედო, ჩაცმულობით განსაზღვრავ – ვინ ვინ არის... ჰო, კაბის კალთაც – აფრიალებული, და ბოლოს, ფეხებქვეშ გამძვრალი გველი.
კახიკა – ქალაქია კოლუმბიაში. ლათინელებს ხომ ასე უყვართ ღვთისმშობლისთვის ქალაქების დაკუთვნება (თუ პირიქით:) ), ჰოდა, ესაა მათი "ლედი, კახიკასი" – მიწიერი და ცის.
19-25 იანვარი.
/იმის გამო, რომ გუშინ არასამუშაო დღე იყო და მე დღეების აღქმა ზედმეტდასვენებებიან კვირებში მიჭირს, ფაქტიც სახეზეა: დღეს თურმე სამშაბათია, არადა, ორშაბათი მეგონა:) ნუ, ჩემთვის გამოფენა მაინც ორშაბათს გაიხსნა:) /
Tuesday, January 20, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment