Monday, February 13, 2012

ისინიც – მოქალაქეები

დილით ვნახე: პუშკინის სკვერში შეკრებილი ხალხი და სასწრაფო დახმარების მანქანა. სკამზე – ყინვისგან გარდაცვლილი მოხუცი კაცი. ვიდრე მას დავინახავდი, ვიფიქრე, ვინმე გახდა ცუდად – ბოლო დროს ხშირად შევსწრებივარ ასეთ შემთხვევებს. მთელი დღეა, თავს მახსენებს კადრი – ღია პირი და სიმწრისგან წინ გაწვდილი, გაფიჩხებული ხელები.

დღეს გამოცხადდა, რომ გაიხსნება თავშესაფრები – მანამ, ვიდრე ყინვა იქნება. არ მგონია, ყველა უსახლკარომ შეიტყოს ეს ამბავი "დათქმულ" დროში, ჩამოთვლილ მისამართებზე მისვლაც არ იქნება ადვილი მათთვის, ვინც სხვადასხვა უბნებში არიან გაფანტული, არ აქვთ მგზავრობის თანხა, ან არ იციან, სად მდებარეობს ესა თუ ის ქუჩა.
ალბათ, უნდა არსებობდეს ერთი სახელმწიფო თავშესაფარი მაინც, მთელი წელი რომ იფუნქციონირებს, სადაც შესაძლებელი იქნება ღამის გათევა, ჰიგიენის დაცვა, პირველადი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა, შემოწირულობის მიტანა. ამ ადამიანებს ისევე სჭირდებათ დახმარება, როგორც მაგალითად, ტყვედ ჩავარდნილ მეზღვაურებს – ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.


2 comments:

Arsen said...

აქ ყოველ ზამთარს მსგავსი რამ ხდება, მაგრამ საქართველოში თუ არსებობდა ასეთი პრობლემა არ მეგონა.

Keti said...

სამწუხაროდ, აქაც ხდება :(