ცოტა ხნის წინ ფოტოსერიის გადაღება დავიწყე – "დღის ვიტრინები". მისი გადაღება, შეიძლება ითქვას, არ დამიმთავრებია – ვიტრინები და ალბათ, დღეებიც ჯერ არ გამოილევა :)
ქუჩაში ხშირად იყურებით ვიტრინებში? რისთვის? იქ გამოფენილი ნივთების თუ საკუთარი ანარეკლის დასანახად? მე ალბათ ორივესთვის. გზად არაერთი ვიტრინა მხვდება. თანმიმდევრობით დავწერ იმ ვიტრინებზე, რომლებშიც თავსაც ვხედავ. უცნაურია, ვიტრინები, რომლებიც მხოლოდ პროდუქტით არის გამოვსებული და მიღმა სივრცის დანახვის, შესაბამისად, გარესამყაროს არეკვლის საშუალებას არ იძლევა, არ იქცევს ჩემს ყურადღებას.
პირველი ასეთი შემხვედრი ვიტრინა, თუ არ ვცდები, ლომბარდისა და ფულის გადასახურდავებელი პუნქტის არის. მასში თუ შეიხედავთ, საინტერესოს ვერაფერს დაინახავთ ზურგით მდგომი ერთი-ორი ადამიანის გარდა. დილით ისინიც იშვიათად არიან და ვიტრინიდან კიდევ ერთი პატარა სარკმელი ჩანს. მასში ალბათ ქალის სახესაც დალანდავთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩემსავით სწრაფად არ გარბიხართ და ვიტრინის დასრულებამდე ხუთამდე ნაბიჯის გადადგმას მაინც ახერხებთ. მე როგორც წესი, დილით გავრბივარ, ამიტომ საკუთარ სახეს უფრო სწრაფად ვპოულობ ვიტრინებში, ვიდრე მათ მიღმა დალაგებულ თუ გამოჩენილ ობიექტებს. ვხედავ ჩემ თმას, რკინის ბურთულებს ჩანთაზე, ქუსლებს და მზერა ისევ ასფალტზე გადამაქვს – ალაგ-ალაგ ფილაქნები ამოცვენილია, შეიძლება, ფეხი წამოვკრა... შემდეგი ვიტრინა მგონი ტანსაცმლის მაღაზიისაა. ჰო, ასეა. გაფშეკილ მანეკენს ტანსაცმელს 3-4 დღეში ერთხელ უცვლიან. მანეკენის გვერდით, კუთხეში, მაგიდა დგას, მასთან ახლად გაღვიძებულსახიანი ქალი ზის... მომდევნო ვიტრინაში ასეთივე გამოუძინებელი ჩინელი გოგო ჩანს, ფერადი წვრილმანებით გარშემორტყმული.
აფთიაქი. იმდენად არის განათებული, რომ მხოლოდ შიგნით ხედავ. ადამიანები ზურგებით, თეთრი ხალათები, სარეკლამო პლაკატები, "პამპერსების" შეკვრები თაროებზე...
ღვინის მაღაზია. მისი დამუქებული მინები საკუთარი თავის დანახვის საშუალებას იძლევა, მაგრამ თვალს ინტერიერიც გტაცებს: ვიტრინასთან დაწყობილი სასაჩუქრე ბოთლების ფორმები, ქვევრი, თაროები... სიღრმეში, კომპიუტერთან, მსუქანი კაცი ზის. იმდენად ჩამოჰგავს ქართველი თამადას ტიპაჟს, რომ მაუსით ხელში ცოტა შეუსაბამოდ გამოიყურება. ხანდახან, საღამოობით, მაღაზიის წინ ცისტერნა დგება. კასრს, რომელიც მაღაზიაშია, შლანგის საშუალებით ავსებენ. ამ დროს ირგვლივ ღვინის მძაფრი სუნი დგას.
შემდეგი ვიტრინა საოჯახო ნივთებით სავსეა – საუთოებელი მაგიდები, ხალიჩები, ჩაიდნები... წამით გაფიქრებული: "ეს მაგიდა უფრო მსუბუქი ჩანს, ვიდრე ჩვენი"... მერე ისევ აფთიაქები, სლოტკლუბები და მინის კარი. აქედან ქალაქის სხვა ნაწილში ვხვდები.
"მეორე მხარეს" პირველი ვიტრინა, რომელსაც ვხედავ, საკონდიტროსია – ფერადჟელეებიანი ტორტებითა და ნამცხვრის ნაჭრებით გამოვსებული. აქ ცალი თვალით ვიყურები, რადგან კიბეზე ჩავრბივარ და შეიძლება ცხვირი წავიმტვრიო. ცალ თვალსაც მკვეთრ განათებაზე არეკლილი ფერები მტაცებს, თორემ ნამცხვარს იშვიათად ვჭამ – არ მინდება.
შემდეგი მინა, რომელშიც ანფასში ვჩანვარ – გაზეთების ჯიხურის არის. მინის ზედა ნახევარს შიგნიდან გაკრული ღია ფერის ქაღალდი ფარავს, ამიტომ მკვეთრად მხოლოდ საკუთარ ფეხებს ვხედავ.
ბანკი. დღის ნებისმიერ დროს ადამიანებით სავსე. ძირითადად ზურგები ჩანს – ბანკის თანამშრომლებისკენ გადახრილი. სიტყვები, რომლებიც ვერ აღწევს გარეთ, გგონია, რომ ჩაგესმის – ანგარიშები, ფაქტურები, კუპიურები... თანამშრომლების ყელზე ცისფერი შარფები.
ამ ვიტრინაში ბევრი ჭურჭელია. ჭურჭელს შორის ჩემს სახეს ვავლებ თვალს. ეს მაღაზია სიმყუდროვის იმპულსებს ვერ გამოსცემს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვის საჭირო ნივთებით მონდომებით გაუფორმებიათ.
სალონი. ნაჭერგადაფარებული მხრები, ფენ და სავარცხელმომარჯვებული ქალები. ყველა პროფილში. კუთხეში გაცრეცილი ჟურნალების გროვა.
ტანსაცმელი. აქ საინტერესო რამეებია – შემიძლია, შევარჩიო. მანეკენებს ხშირად არგებენ ახალ კოლექციას. ამ სეზონზე მათი შეთვალიერების მერე თოვლში თავით გადაშვება მოგინდება. კონსულტანტი გოგოები, არც თუ იშვიათად, იცინიან.
ამ ვიტრინის წინ, მთელ პერიმეტრზე, გამაბრუებელი სუნი იფრქვევა. განსაკუთრებით კართან – თითქოს თაროებზე დალაგებული ყველა ფლაკონი ერთად დააქციეს. ვიტრინაზე ქალის ფოტოა. მის სახეზე ვირეკლები. მგონია, მზერას მაყოლებს...
ქვემოთ წიგნებია. ეს ვიტრინა მრავალფეროვნებით ვერ გამოირჩევა: ზედ – პლაკატები, მიღმა – ნაცნობი სახეები. სიახლის მოლოდინი შიგნით გექაჩება. წიგნები – უფრო ხშირად იგივეა, მათი გადაფურცვლის სურვილი – მაინც მოუწყენარი.