Friday, May 23, 2008

პლაგიატი

ბოლო დროს ხშირად ახსენებენ პლაგიატობას (როგორც ჩანს, სენივით შემოიჭრა).
ა) ახსენებენ მკითხველები, რომ რომელიღაცა ავტორის ფრაზამ სხვა რომელიღაცა ავტორის ფრაზა გაახსენათ.. შესაბამისად, რომელიღაცა ავტორი, რომელსაც მიანიშნეს მსგავსებაზე, აცხადებს ომს, ან მისი მკითხველები იცავენ თავგამოდებით.
ბ) ახსენებენ ავტორები, რომ მათი ფრაზა თუ იდეა სხვის ლექსში აღმოაჩინეს; სხვა ლექსის ავტორი მაშინვე იხსენებს, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა და გადადის შეტევაზე;
გ) ახსენებენ ლიტერატურათმცოდნეები და ავტორები, რომლებიც გვერდიდან უსმენენ/უყურებენ სიტუაციას და ასკვნიან, რომ ეს არ არის პლაგიატი, რომ ეს ბუნებრივია, თან 21-ე საუკუნეში; რომ თვითკმარი და თვითნაბადი ნაწარმოები/ავტორი არ არსებობს..
ამ შემთხვევაში ყველა კმაყოფილია, რადგან თავის გასამართლებელ საბუთად გამოდგება, მითუმეტეს თუ კომპეტენტური პირი ამბობს..

კი ბატონო, როდესაც მაგალითად მოგყავთ ოკეანისგადაღმელი და ქართველი, რომლებსაც თითქმის (ან გადაჭრით) შეუძლებელია, ერთმანეთის შემოქმედებაზე ჰქონდეთ წარმოდგენა – გეთანხმებით. მაგრამ, როდესაც ერთ, საერთო, ქართულ ლიტერატურულ ფორუმში მყოფ წევრებს აქვთ ეს მსგავსებები, უფრო სწორედ კალკირებული ფრაზები, აქ რა ვქნათ?! მერე რა, ხომ?! და თუ სხვის ფრაზაზე აშენებ შენს ლექსს, ეპიგრაფად მაინც უნდა მიუთითო.. და თუ სიტყვები არ გყოფნის სათქმელის გამოსახატად, ანუ ენას ვერ ფლობ, უნდა დატოვო ამბიციები. მე ასე მესმის..

ჰო, გული მეტკინა მას შემდეგ, რაც საკუთარი იდეა თუ ფრაზა სხვასთან აღმოვაჩინე, ჩემი ლექსის გამოქვეყნების შემდეგ. იდეებთან დაკავშირებით – ძალიან საინტერესო ამბავი ხდება.. ოკ, საკუთარ თავზე წერა მიჭირს.
კი, მჯერა კომპეტენტური ხალხის, შეიძლება ითქვას, ღრუბელივით ვისრუტავ მათ სიტყვებს, მაგრამ გული მაინც მტკივა. ამიტომ, აქ მაინც დავწერ, სხვაგან თუ არა..

No comments: