Saturday, May 3, 2008

ერთი პეშვი..

ცას შეიძლება დაეპნეს პეშვში მოგროვილი ლოცვები,
მაგრამ ცა ვეღარ წამოკრეფს მათ.
ცა იტირებს,
მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ.
ცა იჩხუბებს,
მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ.

პატარა მწყემსი,
ორი ცხვარი ორი ბატივით რომ გაუგდია წინ,
ფლეერს უსმენს.
მის ყურში ‘დედოფალია’,
ბაგეზე – ‘თეთრი ქარავანი’.
პატარა მწყემსი ბრმაა.
ცხვრებს, ნაბიჯით რომ არ სცილდებიან,
ყნოსვით აგნებს.
ცხვრებს უყვართ მწყემსის მოსმენა,
ცხვრებს უყვართ მწვანე ბალახი,
ცხვრებს უყვართ მიწა.
ცხვრები ბატებს ემსგავსებიან,
როცა ცა პეშვს ხსნის და ტირის..

პატარა მწყემსო, დაისველე თავი,
პატარა მწყემსო, მოიწმინდე პირი,
პატარა მწყემსო, აახილე თვალი,
აახილე,
აახილე,
აახილე!
ცა დაიქცა.

ორ ცხვარს, ორ ბატს რომ ჰგავს,
სახე ჩამოსტირის..
პატარა მწყემსს აღარ აქვს ფლეერი..
მის ყურში თეთრი ქარავანია,
ბაგეზე – დედოფალი..

პატარა მწყემსმა ცა დაინახა..
ცამ გაიღიმა..

ქეთი გზირიშვილი
7.03.08.

No comments: