Thursday, April 3, 2008

ჰედლაინები

აასხი შენი მექსიკური თოჯინები,
მრგვალები,
მოკლეფეხებები,
განიერი ყვრიმალებით..
დაკიდე ზურგით,
გამოფინე, როგორც პრესას ვფენთ ჩვენში.
მე წავიკითხავ, თითით გავყვები
შენი კაცის სომბრეროს ქვეშ ჩამალულ ოფლს,
შენი შვილის პირველ „მამიტას“,
შენი სახის უკვე ღრმა ნაოჭს..
გინდა, მოგიყვე, როგორ უყვართ მანდ, ჭუჭყიანი ქუჩის კუთხეში
და საღამოხანს, როგორ ავსებს სისხლის სუნი მტვრიან ტერასას?
რად გეფინება თვალის გარშემო ამდენი ლურჯი,
ანდა რომელ ჰანგს მიეჩვია შენი გიტარა..
გადამიცვალე ტიტლიკანა თოჯინები
ჯერ უნაოჭო ჩემ სახეზე,
ან ზომიერი ჰავით სავსე მოგონებებზე,
ან სიბრალულზე..
და თუ მაინც ვერ,
ფინჯან ყავაზე გეპატიჟები –
ერთად ვიკითხოთ წითელ შუბლზე
ჰედლაინები.


ქეთი გზირიშვილი

No comments: