Monday, December 19, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში იაპონელებმა ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობები განაახლეს. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა დასავლეთევროპულ, განსაკუთრებით კი ფრანგულ მხატვრობაში ტენდენცია "იაპონიზმი" (ტერმინიც ფრანგულია). იაპონური ხელოვნების ნიმუშები, უმეტესად კი ხეზე ამოტვიფრული გრავიურები, შთააგონებდა ევროპელ ხელოვანებს. 1862 წელს პარიზში გაიხსნა მაღაზია "ჩინური კედელი", რომელიც ფრანგ მხატვრებში პოპულარობამოხვეჭილ იაპონურ გრავიურებს ყიდდა. მე-19 საუკუნის ბოლოს იმდენად დიდი იყო იაპონიით დაინტერესება, რომ არაერთი ფრანგი მხატვარი და კოლექციონერი გაემგზავრა ამ ქვეყანაში სამოგზაუროდ. ფრანგულ პრესაში იბეჭდებოდა სტატიები იაპონურ, უმეტესად "ედოს პერიოდის" (1603-1868), ნამუშევრებზე. იაპონურმა ისტერიამ კულმინაციას 1860-1880-იან წლებში მიაღწია. გავლენა განიცადეს ვინსენტ ვან გოგმა, მერი კასატმა, პოლ გოგენმა, გუსტავ კლიმტმა და სხვებმა. დღეს სწორედ ვან გოგის "იაპონური" ნამუშევარი მინდა, გამოვფინო.
ვინსენტ ვან გოგის შთაგონების წყარო "ედოს პერიოდის" იაპონელი მხატვრის, ანდო ჰიროშიგას (1797-1858) ორი ნახატი გახდა: "საღამოს წვიმა და დიდი ხიდი" (1856 წ.) ცნობილი სერიიდან "ედოს 100 ხედი" (1856-1858) და "ქლიავის ბაღი კამეიდოში" (1857 წ.). ვან გოგმა თავისი ნამუშევრები 1887 წელს შექმნა. ბლოგის გამოფენისთვის "აყვავებული ქლიავის ხე" შევარჩიე.

20–26 დეკემბერი.

2 comments:

Nina Gorecki said...

ვან გოგი და იაპონია :) საინტერესო განწყობები გაქვს წინასაახალწლოდ :)

ახლახანს წავიკითხე, რომ იაპონელებმა თავიანთი შობა მოიგონეს და კურისუმასუ დაარქვეს, ოღონდ ისე აღნიშნავენ, როგორც ჩვენ ვალენტინობას )

ასოები არ ჩანს რომ ვწერ :|

Keti said...

ნინა, ჰო, როგორი ტანდემია, არა? :)

უჰ, ისე ჟღერს კურისუმასუ, ვალენტინობასავით აღნიშვნა მოუხდება კიდეც :)

რატომ არ ჩანდა ნეტა. იმედია, გამოსწორდა..