Monday, January 30, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ენდრიუ ნიუელ უაიეტი – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი რეალისტი (რეგიონალისტი) მხატვარი. დაიბადა 1917 წელს, პენსილვანიაში, ილუსტრატორ ენ სი უაიეტის ოჯახში. სუსტი ჯანმრთელობის გამო მამამ გადაწყვიტა ენდრიუს შინ მიეღო განათლება, ხოლო ერთადერთი მასწავლებლის როლი თავად იტვირთა. 20-იან წლებში ენდრიუს მამა პოპულარული არტისტი გახდა, ამ პერიოდიდან დაიწყეს მათ ოჯახში შეკრება ცნობილმა ადამიანებმაც. მეგობრულ და ხელოვნების სიყვარულით სავსე ოჯახში ხუთი ხელოვანი აღიზარდა.

ენდრიუმ ხატვა მანამ დაიწყო, ვიდრე კითხვას შეისწავლიდა. ერთადერთი ადამიანი, ვისგანაც ცხოვრების მანძილზე ხატვის გაკვეთილები მიიღო, მამამისი იყო. სწორედ მან შეაყვარა ბუნება და სოფლის პეიზაჟები. 1945 წელს ენ სი უაიეტი სახლთან ახლოს, მანქანით მატარებელთან შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, რაც ენდრიუსთვის ცხოვრების ტრაგედიად იქცა და მის მხატვრობასაც დაამჩნია კვალი. მისი ნამუშევრები მარტოობის, სიცარიელის გამომხატველია. განწყობით, გარკვეულწილად, ედვარდ ჰოპერსაც მახსენებს.

დაქორწინებული იყო ბეტსი ჯეიმსზე, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ენდრიუს კარიერაში (ცნობილია ბეტსის გამონათქვამიც: „მე ვარ რეჟისორი და მყავდა მსოფლიოს უდიდესი მსახიობი“). ენდრიუმ ის თავისი ყველაზე ცნობილი ნახატის – „ქრისტინას სამყაროს“ – შექმნისას გაიცნო, მეზობლისა და ამ ნახატის მოდელის – ქრისტინას დახმარებით. სწორედ მის გამოფენას ვაპირებ დღეს:

„ქრისტინას სამყარო“ 1948 წელს არის დახატული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ნამუშევარია. როგორც ვწერდი, სამი წლით ადრე მამის ტრაგიკულად დაღუპვა ენდრიუ უაიეტის მხატვრობაზეც აისახა: მისი პალიტრა ჩამუქდა, ნახატები პერსონაჟებისგან თითქმის სულ დაცარიელდა, ასახული სივრცეები ცივი და უნაყოფო გახდა. „ქრისტინას სამყარო“ ყველა ამ შტრიხს მოიცავს.

რაც შეეხება ნახატის მთავარ გმირს: მხატვრის საზაფხულო სახლის მეზობელი ქრისტინა ოლსონი უცნობი დაავადების გამო სიარულს ვერ ახერხებდა და შეიძლება ითქვას, მისი ფიზიკური სამყარო მხოლოდ სახლითა და სახლის შემოგარენით შემოისაზღვრებოდა. ქალი მექანიკურ ეტლს ხშირად ტოვებდა და სახლს გარშემო ხოხვით უვლიდა. ფანჯრიდან დანახულმა ამ სანახაობამ ენდრიუზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის დიდხანს ემზადებოდა ნამუშევრის შესაქმნელად...

ნამუშევარს სამი მოდელი ჰყავს: ქალის სხეული ქრისტინა ოლსონს ეკუთვნის, რომელიც იმ ხანად 55 წლის იყო; შავთმიანი თავი მხატვრის ცოლის, 25-იოდე წლის ბეტსის, თავია, ხოლო მესამე, ნახატის ერთ-ერთ მთავარ მოდელად ითვლება ოლსონების სახლი, რომელიც სპეციალურად გარემონტდა და გადაკეთდა კიდეც, რათა ისეთი გამხდარიყო, როგორიც მხატვარს ნახატისთვის წარმოედგინა. დღეს ამ სახლში მუზეუმია გახსნილი.
აქვე ავტვირთავ დეტალებს: ქრისტინას ფეხებს და ქარისგან აფრიალებულ შავ თმას.

უაიეტი ამბობდა, რომ ხატვისას არასდროს ფიქრობდა შედეგებზე, რაც ნახატს უნდა მოეტანა. მისთვის მთავარი იყო, ეხატა ის, რასაც გული კარნახობდა: „ვინც ქმნის ეფექტისთვის – რათა მოარტყას მიზანს – არ იცის, თუ რას უშვებს ხელიდან“ – ვფიქრობ, კარგი რჩევაა ნებისმიერი ხელოვანისთვის.

30 იანვარი –
5 თებერვალი.

2 comments:

Rode said...

ძალიან ემოციურია და ძალიან მომეწონა.
გაოგნებული შევყურებ, ძალიან საინტერესო თემა და სიუჟეტია.

Keti said...

ჰო, ძალიან ემოციურია ამბავიც და ნახატიც