მშობლების გარდაცვალების შემდეგ კაიბოტმა სოლიდური მემკვიდრეობა მიიღო, რამაც საშუალება მისცა, მთელი დრო ფერწერისთვის დაეთმო – როგორც მხატვარსა და როგორც მეცენატს: კაიბოტი აფინანსებდა იმპრესიონისტთა (კლოდ მონეს, ოგიუსტ რენუარის, კამილ პისაროსა და სხვების) გამოფენებს, ყიდულობდა მათ ნამუშევრებს, ქირაობდა სამხატვრო სტუდიას (მაგალითად, მონესთვის).
კაიბოტის ნახატების დიდ ნაწილზე ოჯახის წევრები და ყოველდღიური ცხოვრებაა გამოსახული. მას იტაცებდა რეალობის აღწერა და არაერთი ნამუშევარი რეალისტურ მიმდინარეობას მიეკუთვნება. სხვათა შორის, ის განიცდიდა იაპონური გრაფიკისა და ფოტოგრაფიის გავლენას (ის დაინტერესებული იყო იმ დროისთვის "ახალი ხილით" – ფოტოგრაფიით და მას ხელოვნების დარგად მიიჩნევდა. ამას გარდა, მის სერიოზულ გატაცებებს შორის იყო ორქიდეების მოგროვება და მოვლა, იახტების მშენებლობა, ტექსტილის დიზაინი და ყველაზე მნიშვნელოვანი – ფილატელია. კაიბოტი "გამოჩენილ ფილატელისტთა სიაში" ჩაწერეს, როგორც ფილატელიის "ერთ-ერთი მამა"). ამ გავლენის შედეგად ნახატებზე გადატანილი ფოტორეალისტური ეფექტისა და გადიდებული პერსპექტივის გამო აკრიტიკებდნენ კიდეც.
გუსტავ კაიბოტმა იმპრესიონისთა ნამუშევრების დიდი კოლექცია (68 ნახატი) ანდერძით საფრანგეთის რესპუბლიკას გადასცა. იმ დროისთვის იმპრესიონიზმი და მისი მიმდევარი მხატვრები არც ისე დაფასებულები იყვნენ, არსებობდა ნახატების გაფანტვის საშიშროება, ამიტომ ანდერძი მოიცავდა პირობას: ისინი შეენახათ ლუქსემბურგის სასახლეში, მოგვიანებით კი გადაეტანათ ლუვრში. ხელისუფლება პირობას არ დათანხმდა და მხოლოდ 38 ნამუშევარი აირჩია. მოგვიანებით მოთხოვნილ დარჩენილ ნახატებზე კი (ინახება ფილადელფიაში, ბარნსის ფონდში) უკვე კაიბოტის მემკვიდრეებისგან მიიღო სასტიკი უარი. თავად კაიბოტის ნახატები ორსეს მუზეუმშია დაცული.
გარდაიცვალა 1894 წელს.
ჩემი ამ კვირის არჩევანი "ევროპის ხიდია" – ამ სახელწოდებით ორი ნამუშევარი არსებობს და ორივეს გამოვფენ:
პირველი მათგანი 1876 წელს არის დახატული და სამი მთავარი ობიექტით – ხიდიდან მოცქირალი მამაკაცით (ამბობენ, ეს თავად მხატვარია), წყვილით და ძაღლით – ძალიან მხიბლავს.
მეორე ნამუშევარზეც (1877 წ.) მამაკაცია, რომელიც ხიდიდან იყურება.
სხვათა შორის, ეს კაიბოტის საყვარელი თემა მგონია (არაერთი ნახატი აქვს, რომელზეც სივრცეში მაყურებელი ან მიმავალი მამაკაცებია გამოსახული), ან უბრალოდ, "კადრი", რომელიც მას აღელვებდა.
16–22 იანვარი.
3 comments:
ლამაზი ნახატია.
უცნაურია, დღეს ვფიქრობდი, მომეწონებოდა თუ არა იმ პერიოდის ევროპაში ცხოვრება... ვერ გადავწყვიტე ჯერ.
მე კიდევ ის მეორე მომწონს, მენ ინ ბლექ :)))
@ სოფი, მეც დამაფიქრე ამაზე და რაც დრო გადის, უფრო ნაკლებად მინდა სხვა ეპოქაში ცხოვრება. ადრე მეტად ვისურვებდი :)
@ ნინა, მეც მომწონს ეს მენ ინ ბლექ :)
Post a Comment