გქონიათ შენობის ნოსტალგია? აი მე მაქვს. დღემდე, როცა რკინიგზის დეპარტამენტის შენობას ჩავუვლი, მინდება შევიდე შიგნით, ავიდე მეორე სართულზე, გავიარო გრძელი, მიხვეულ–მოხვეული დერეფანი და მოვძებნო ოთახი, რომელშიც ბავშვობაში ხშირად მივყავდი დედას – თავის ბიძასთან სტუმრად. არ ვარ დარწმუნებული, რომ დამოუკიდებლად მივაგნებ კონკრეტულ ოთახს, თუმცა ვინ იცის. ერთადერთი, ვიცი ის, რომ ეს რკინიგზის პროფკავშირების ოთახი იყო.
მახსოვს ამ ლაბირინთულ დერეფნებში (მაშინ ასე აღვიქვამდი) ჩამომდგარი სუნი, ფერადი ფანქრები, რომლებსაც მჩუქნიდა ძია მიშა, სიყვარული, რომლითაც მიღებდნენ ის და მისი თანამშრომლები.
აი ახლა, რომ მივიდე იქ და ვუთხრა, უბრალოდ შენობის დათვალიერება მინდა–მეთქი, არ მგონია, შემიშვან. რომ ვუთხრა – ნოსტალგიის გამო მივედი, ნორმალურად არ ჩამთვლიან :) გარეგნულად ეს შენობა არ შეცვლილა, ისევ ისეთია. იქნებ შიგნითაც, რა ვიცი.
უცნაურია, სკოლის შენობის მიმართ არ მაქვს ეს განცდა. ცოტათი ვიგრძენი უნვერსიტეტის მიმართ, ამას წინათ დამესიზმრა კიდეც. ჩემი ძველი სახლი ჯერაც ძალიან მასევდიანებს, ასე რომ, ვერიდები. მაინტერესებს რამდენიმე სოფლის ნახვა, ასევე იმ ქალაქებისა და გზების, ბავშვობაში რომ ვყოფილვარ. ორი წლის წინ, წლების მერე, სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა რომ ვნახე, ძალიან განვიცადე... მაგრამ ეს რკინიგზის დეპარტამენტის შენობა მაინც სხვაა, "ცხვირწინ" არის და როცა გვერდს ვუვლი – ხან ტრანსპორტით, ხან ფეხით – ყოველთვის შესვლის სურვილი მიჩნდება.