ორი დღეა, ალისას საოცარ მოგზაურობას ვიხსენებ – ნელა, თითო–ოროლა თავით. ამ საღამოს კი, ერთი უცნაური დამთხვევა მოხდა: "სტენდალის სინდრომის" განმარტების ძებნისას (რომელმაც მწერლის გვარის გამო მიმიზიდა) არაერთ საინტერესო სინდრომს წავაწყდი. მათ შორის ერთ-ერთია "ალისა საოცარ ქვეყანაში". სინდრომს სახელი 1952 წელს ეწოდა. მის განმარტებაში წერია:
- სინდრომში გაერთიანებულია სამი წამყვანი სიმპტომი: 1. თავის ტკივილი; 2. მხედველობითი აღქმის დარღვევა: პაციენტები გარშემო არსებულ საგნებს (მანქანები, შენობები და ა.შ.) აღიქვამენ შეცვლილ ზომებსა და ფორმებში, გადიდებულად (მაკროფსია) ან დაპატარავებულად (მიკროფსია), ან დამახინჯებულად. მაგალითად, ქუჩა ძალიან ვიწროა, იატაკი ძალიან ახლოსაა; 3. სმენისა და შეხების აღქმის დარღვევა: ხმა რეალურზე უფრო ახლოდან ან შორიდან ესმით. პაციენტები განსაკუთრებით მძიმედ განიცდიან საკუთარი ზომებისა და პროპორციების აღქმის დარღვევას.
ჩემი წიგნი 1969 წლის გამოცემაა. ყდაზე კისერდაგრძელებული ალისა ახატია (წიგნში ვერ ნახავთ ინფორმაციას გარეკანის მხატვარზე). მასზე დაკვირვებამ ორ თემაზე წერისკენ მიბიძგა: პირველი ალისას პროტოტიპია, მეორე – ლუის კეროლი, როგორც ფოტოგრაფი.
შევეცდები, ორივე თემა გავაერთიანო და მოკლედ მოვყვე. ალისას პროტოტიპი რომ რეალურად არსებული გოგონა იყო, ალბათ იცით. ამიტომ მხოლოდ მის ვინაობას შეგახსენებთ – ალის ლიდელი – ცნობილი ფილოლოგის, ჰენრი ლიდელის ქალიშვილი.
ის შთაგონების წყაროდ მხოლოდ კეროლისთვის არ ქცეულა, მოგვიანებით მისი სახელი კიდევ ორი რომანის მთავარ გმირს ეწოდა, გარდა ამისა, ალისა ფოტოგრაფების საყვარელი მოდელიც იყო. აი, მოვედით ფოტოგრაფიამდე.
ის იყო მათემატიკოსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის დეკანი, მწერალი, ერთხანს ხატავდა კიდეც და ყველაფერთან ერთად ფოტოგრაფიით იყო გატაცებული – ჩარლზ დოჯსონი, იგივე ლუის კეროლი დღესაც თავისი დროის ერთ-ერთ საინტერესო ფოტოგრაფად ითვლება. მისი შემოქმედების ინსპირაციის მთავარი წყარო – ალისა ლიდელი ფოტოგრაფიაშიც არანაკლებ შთააგონებდა.
კეროლი ცნობილია ბავშვებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. მისი მოდელებიც ძირითადად ბავშვები იყვნენ. ასევე საინტერესოა მისი ავტოპორტრეტები. ცნობილია, რომ კეროლი თითოეულ ნიუანსს აქცევდა ყურადღებას და სრულყოფილ ფოტოდ სწორედ ყველა წვრილმანგათვალისწინებულ კადრს თვლიდა. იგი ფოტოებს დაახლოებით 25 წლის მანძილზე იღებდა. ფოტოგრაფირების მისეული ტექნიკური მხარე მეტად რთული იყო – განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვდა. ხარისხი, რომელიც კეროლის გადაღებულ ფოტოებს აქვს, მიიჩნევა, რომ გამოცდილი ოსტატის მიღებულია. ლუისის ერთადერთი გამოფენა 1858 წელს, ლონდონში, ფოტოგრაფიის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა. 1880 წელს კეროლმა მტკიცედ გადაწყვიტა, ფოტოგრაფიას ჩამოშორებოდა. მიზეზები დღესაც არაერთ კითხვას აჩენს.
ისევ წიგნს დავუბრუნდები – ეს პირველი, 1865 წლის გამოცემის ყდა და სატიტულო ფურცელია. პირველი გამოცემის დასტამბვამდე კეროლმა ალისასთვის საჩუქრად საკუთარი ხელნაწერი აკინძა და თვითონვე დაასურათა. როცა წიგნის გამოცემა გადაწყდა, მას მხატვრობა დაუწუნეს და მიუხედავად დიდი სურვილისა, წიგნის ილუსტრირებაზე უარი ათქმევინეს.
ლუის კეროლის წიგნზე და მის პროტოტიპებზე უამრავი საინტერესო რამის მოთხრობა შეიძლება. მაგრამ, რაკი ვფიქრობ, რომ მრავალმხრივი და საკმაოდ მოზრდილი პოსტი გამომივიდა, საწყის პოზიციას დავუბრუნდები, ანუ დასმულ კითხვას და ჩემს პასუხს დავწერ: – სიმსუბუქე.
9 comments:
მე არ ვუბრუნდები ხოლმე ბავშვობის წიგნებს, მაგრამ რომ დავუბრუნდე, ალბათ ერთგვარი ლიტერატურული სინდრომი – "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" დამემართებოდა, ყველაფერი სხვანაირად მომეჩვენებოდა.
saintereso cnobebi iyo
da ra sayvareli fotoa
ise sul ase rom aris xolme, jer uwuneben da akritikeben da ver bechdavs da ar agiareben da mere ooo da agiarebuli da pativcemulia xolme mwerali :)
yvelafers tavis drois mosvla schirdeba albat, nawarmoebebsac, personajebsac, agiarebasac da mkitxvelis ganvitarebasac..
kargi post iyo :))
* ჯორჯ, სხვანაირი – ანუ ნაკლებად კარგი? ალბათ ამიტომ არ.
* ბაბისა, ჰო, ხშირად ასე ხდება, ყველა ეპოქაში...
თუმცა, კეროლის წიგნი გამოსვლისთანავე პოპულარული გამხდარა. თანაც მოქმედი გმირების პროტოტიპები მაშინდელი პოლიტიკოსებიც ყოფილან და მათ ადვილად სცნობდნენ. ეს მერე მიივიწყეს და მე-20 საუკუნეში ისევ მიუბრუნდნენ.
მადლობა :)
მე ვუბრუნდები და ძალიან მსიამოვნებს და ერთ გრანდიოზულ დაბრუნებას ვგეგმავ ახლო მომავლაში, ანუ თუკი რამე წამიკითხავს ხელახლა მინდა წავიკითხო და პასუხი არის _ დეტალიზაცია. თურმე ისეთი უმნიშვნელომნიშვნელოვანია დეტალებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, თურმე თავად ნაწარმოები ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანი ყუფილა, რომ, რომ ღისრდა მეორეჯერ წაკითვად :) თითქოს უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ.
ლალენა, მეც რაღაც მსგავსს განვიცდი ხოლმე :)
ქეთი, ვერ ვიტყვი რომ ცუდი, უბრალოდ ჯობია ის ემოცია მახსოვდეს რაც პირველად წაკითხვის დროს მქონდა.
იქნებ ასეც სჯობია, არ ვიცი :)
რამდენიმე წიგნს არც მე მივბრუნებივარ.
არ ვიცი რას მიბრუნებს ბავშვობის წიგნების კითხვა, რატომღაც ბევ ახალ რამეს ვნახულობ ვიდრე მაშინ ბავშვობაში დავინახე.
ავიღოთ ძმები გრიმების ზრაპრები, ბავშვობაში მართლა ზღაპრები იყო, ახლა კი პიროვნებებს და მათ ქცევებს ვხედავ, მოტივაციას და ა.შ. და ასეთი უამრავი წიგნია კიდე.
სინდრომის სახელებს რაც შეეხება ბევრია მსგავსი სახელებით, მაგალითად მიუნჰაუზენის სინდრომიც არსებობს. კიდევ შემხვედრია ბევრი საინტერესო სახელიანი უბრალოდ ვერ ვიხსენებ ახლა :)
პიროვნებები და ქცევები – ზუსტად!
Post a Comment