Thursday, July 8, 2010

ბუმი: სერიული გამოცემები













  • ქართული პოეზია
  • ქართული პროზის საგანძური
  • მსოფლიო ლიტერატურის შედევრები და ბესტსელერები
  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი
იმ ჟურნალებს არ დავასახელებ, რომლებსაც სერიული გამოცემები მოჰყვებათ. უბრალოდ, მინდოდა დამეწერა ბუმზე, რაც ქართული პრესის დახლებზე გაჩაღდა. ყოველდღე გვერდს რამდენიმე ასეთ პუნქტს ვუვლი და თვალში ფერად–ფერადად გაშლილი, ან ტომების მზარდობით სიმაღლეზე დაწყობილი წიგნები მხვდება. ეს გამოცემები პოლიგრაფიული ხარისხით არ გამოირჩევა – ტექსტი საგაზეთო, არც თუ კარგ ქაღალდზეა დაბეჭდილი, ყდა – რბილი აქვს. ფასი სამიდან ხუთ ლარამდე მერყეობს. ვინმე იტყვის, ამ ფასად მეტი რა შეიძლება გაკეთდეს. არ ვიდავებ, მაგრამ მგონია, დიდი ტირაჟის შემთხვევაში ცოტა უკეთესიც შესაძლებელია. აქვე, საინტერესოა: თითოეულ სერიულ გამოცემაში რამდენი ტომია გათვალისწინებული, ვინ და რა პრინციპით ადგენს, მაგალითად, პოეზიის კრებულებს. არ ვიცი, ამ კითხვებზე პასუხების მოპოვება სად შეიძლება...

წიგნების ფასი ჩანაფიქრს, რომელიც პირველი პროექტის მედიასაშუალებებით გაშუქებისას გამოცხადდა, ერთი შეხედვით ამართლებს კიდეც:
"იმ მკითხველებამდე, რომლებიც ოცნებობენ ქართველი მწერლების ნაწარმოებების შეძენაზე და წიგნების სიძვირის გამო, ამას ვერ ახერხებენ, მიგვეტანა ეს წიგნები და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად..." (მ. დარჩია)


მოსაზრებას ალბათ მომდევნო სერიების მესვეურებიც დაეთანხმებიან. თუმცა, იმ კატეგორიის მკითხველისთვის, რომელზეც მოყვანილ ციტატაშია საუბარი, ალბათ რთული იქნება ბიბლიოთეკის სრულად შედგენა, თუ გავითვალისწინებთ გამოცემის პერიოდულობას, ერთი კომპლექტის (წიგნი და ჟურნალი) ფასს და ბუმს – როდესაც თითქმის ყველა ჟურნალი საკუთარ კოლექციას სტამბავს. გარდა ამისა, მგონია საქართველოში ავტორების უმეტესობის სახელობითი გამოცემები არც თუ ისე ხელმიუწვდომელია – მათ წიგნისმოყვარულთა საოჯახო თაროებზე იპოვით, ან იგივე და იქნებ ნაკლებ ფასადაც ბუკინისტებთან შეიძენთ.
თუმცა, ამ პროექტებს სიკეთეს ვერ დავუკარგავ – სულ მცირე, იმ მკითხველს მაინც, ვინც ბულვარული რომანების კითხვით არის გატაცებული, ბევრი კარგი მწერლის არსებობა შეახსენა.

თქვენ რას ფიქრობთ ამ პროექტებზე?
რეგულარულად ყიდულობთ გამოცემებს? იქნებ, ამორჩევით,
ან – სულაც არა...
მე ერთი შენაძენი მაქვს და არ გამოვრიცხავ (ამორჩევით) რაიმეს ყიდვას.

პ. ს. მიგელ დე უნამუნოს ერთი ესე გამახსენდა, რომელიც საშინაო ბიბლიოთეკის შედგენას ეხება. ესეში მწერალი სერიულ გამოცემებზეც წერს:
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გირჩევთ სერიული გამოცემების შეძენას, თქვენთვის საინტერესო წიგნების, ამ ე. წ. კოლექციებში, ბიბლიოთეკებში, ციკლებში ძებნას... ნებისმიერი წიგნი უფასურდება, როცა ამ სერიათაგან ნებისმიერის რიგითი წევრი ხდება..."

10 comments:

clown said...

+1

თან ოჯახების უმეტესობა ტყუილად ყიდულობს და ფერების მიხედვით აწყობს :|

ცუდი არაა, მაგრამ დიდათ არ მიმიზიდა :შ

Anonymous said...

ქეთი რამდენადაც ვიცი ეს პირველად "გზამ" გააკეთა და პროზაში ისეთი ავტორები დაიბეჭდა, რომ სახლში არ მქონდა, ამიტომ გამოცემის დღიდან ვაგროვებ. მაგრამ მერე სხვა ჟურნალებმა რომ დაინახეს გზას ტირაჟი გაეზარდა არიქა ვიპოვეთ გამდიდრების საშუალებაო და არც ხარისხს მიაქციეს ყურადღება არც ფასს და მოკლედ... ამიტომ მე მხოლოდ პროზას ვაგროვებ. :)

Toma said...

წიგნის ხარისხს და ფასსს თუ გავითვალისწინებთ Pocket books - ს მაგვარი რამე ფაქტიურად.

არ ვიცი რამდენი ყიდულობს, ხალხი თუ ყიდულობს და რაც მტავარია კითხულობს მივესალმები ნამდვილად, ხოლო როგორც კლოუნი ამბობს თუ თაროზე ასაწყობად უნდათ დასანანია ამდენი ქაღალდი მტვრისათვის.

Keti said...

* გიო, ცუდია, როცა ფერების მიხედვით ყიდულობენ წიგნებს.

* როდრიგო, მართალია, პირველად "ქართული პროზის საგანძური" გამოიცა. მაშინ იდეა მომეწონა, მაგრამ შეგროვება არ დამიწყია. აი, შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე – ყველამ მოისურვა იგივეს გაკეთება..

* ტომუშკა, გეთანხმები – მთავარია, კითხულობდნენ.

nati kuda said...

"გზამ" დაიწყო და ვაგროვებ. ზუსტად გუშინ ვუყურებდი, ყველა ჟურნალს მოყვება სხვადასხვა თემატიკის კრებულები. მისასალმებელია, თუ იყიდის ხალხი. ხარისხით კი მართლაც ვერ დაიკვეხნის.

ჯორჯ პაიკი said...

მსოფლიო ლიტერატურის შედევრები და ბესტსელერები – მე ამას ვაგროვებ, თუმცა ყველა წიგნის ყიდვას არ ვაპირებ. საერთოდ კი ვფიქრობ რომ ეს პროექტები კარგია.

Keti said...

* ნათი, ჰო, ყველას. გუშინ წავიკითხე, კიდევ ახალი სერია იწყება – ამჯერად, ბავშვებისთვის...


* ჯორჯ, მეც მაგ სერიიდან ვიყიდე :)

Sophie שרה Golden said...

მგონი, ცუდი არ უნდა იყოს. მაგალითად ჩემი პენსიონერი დეიდა, რომელსაც მეტი საშუალება არ აქვს, ასე უგროვებს წიგნებს თავის შვილიშვილს... და თვითონ ყველაზე მეტს კითხულობს :)

წიგნებს რომ ბეჭდავენ და ხალხი კიდევ ყიდულობს, კარგია. მადლობა ღმერთს.

s.p. said...

წიგნის გამოცემას რა ჯობია. ამაზე ცუდი როგორ უდნა თქვა ადამიანმა. თუმცა მე არ მიყიდია. რამდენიმე მიზეზია.
1. ბიბლიოთეკა საკმაოდ დიდი გვაქვს. ამიტყომ ბევრი ის წიგნი რომელიც ამ ბუმში და სერიებში გამოდის ალბათ გავქს.
2. სიიაფე მაშნებს. ანუ იმ კუთხით რომ შინაარსი – სულ მგონია რომ ასეთ იაფ წიგნებში ორთოგრაფიული შეცდომებია, ცუდი რედაქტირებულია, კაცმა არ იცის რომელი რედაქცია გამოიცა და ასე შემდეგ.
გარედან – რო დაიშალოს 1–2 წაკითხვაშ ვის დავაბრალო მერე? სიააფეს ხომ?
3. ცუდი ხარისხის წიგნები არ მიყვარს. მიუხედავად მათი შინაარსისსა. წიგნი ნივთია, საოჯახო, დიდხანს რომ უნდა გაგყვეს ისეთი, ამიტომ ისევე როგორც არ ვარგა იაფი სხვა ნივთები და მალე ფუჭდება და პეწი არ აქვს, ასევე არ ვარგა იაფი წიგნები.

დადებითი:

ისეთ გამოცემებს მოყვება, რომ თუ მათი მუდმივი მკითველი წიგნსაც მიადგება ეს უკვე გამარჯვებააა...

პ.ს. ვიზე რას ვლაპარაკობ, სულ აღარ ვკითხულობ წიგნებს... სულ აღარ....
არადა ადრე უბრალოდ ვერ ვჩერდებოდი.

Keti said...

როგორ არ დაგეთანხმო:
ხარისხი მნიშვნელოვანია. ცუდია, როცა ქაღალდის ხარისხი დაბალია, წიგნი კი გადაფურცვლისას იშლება. თუმცა არც კარგად აკინძული წიგნების გამოცემა (საქართველოს პირობებში) ჯდება ძალიან ძვირი, საგამომცემლო ფასს ვგულისხმობ.
რაც შეეხება ამ წიგნებს, მე ჯერჯერობით ერთი ვიყიდე – ის, რაც მანამდე ქართულ ენაზე არ გამოცემულა (მარკესი). წაკითხვით ძალიან ვისიამოვნე. როგორც ვიცი, ზოგიერთ გამოცემას ახლა თარგმნიან და სიახლე იქნება, თუმცა თარგმანის ხარისხისა რა ვთქვა, ვერ შევადარებ..
მართლა ძალიან კარგია, თუ ყვითელი ჟურნალების ერთგული მკითხველები მხატვრულ ლიტერატურასაც წაიკითხავენ.