Wednesday, February 29, 2012

ქართული ტაქტის მაგალითებიდან

She: Do you know Umberto Eco?
He: No.
She: No? He is very famous Italian writer!
He: Yes?
She: Yes, very, very! So famous in the world. Very famous! And I was happy...
He: To see him face to face?
She: Yes, I have his sign...
He: Well...

Monday, February 27, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ჯონ უილიამ გოდვარდი 1861 წელს ინგლისში, უიმბლდონში დაიბადა. მიაკუთვნებენ ნეოკლასიცისტებს და პრე-რაფაელისტებს. ის თავისი დროის საზოგადოებაში მიღებული სტილისგან განსხვავებული ხელწერით ხატავდა, ამიტომ სიცოცხლის მანძილზე აღიარება არ მოუპოვებია. იყო ცნობილი ბრიტანელი მხატვრის, ლოურენს ალმა ტადემას, პროტეჟე.
გოდვარდის ოჯახი არ იწონებდა მის არჩევანს – ყოფილიყო მხატვარი, ამის გამო კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ და 1889 წელს მხატვარი ჩელსიში გადასახლდა. 1912 წელს რომში გადავიდა – გავრცელებული აზრით, ერთ-ერთი იტალიელი მოდელის გამო, რომელთან ურთიერთობასაც გოდვარდის დედა აპროტესტებდა.
1919 წელს ინგლისში დაბრუნებულმა გოდვარდმა მომდევნო წლები, კრიტიკოსებისგან გამოვლენილი მუდმივად უარყოფითი დამოკიდებულების გამო, დაძაბულმა გაატარა და 61 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის დატოვებულ წერილში ეწერა: "სამყარო არ იყო საკმარისი პიკასოსთვის და ჩემთვის". მხატვრის თვითმკვლელობის შემდეგ მისმა ოჯახმა გოდვარდის ყველა დოკუმენტი დაწვა, რის გამოც არ არსებობს მისი არცერთი ფოტოსურათი.

გოდვარდის დახატულ ქალებს განსაკუთრებული შარმი აქვთ. ორ მათგანს გამოვფენ:

"დაირიანი გოგონა" (1906 წ.)
*
"ოცნება"

27 თებერვალი –
4 მარტი.

"როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!"

კონსტანტინე დოდაშვილის (ფილოლოგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. გარდ. 1919 წ.) "შაირი" ვიპოვე სამუშაო ფაილში და გაზიარება მომინდა. გამოქვეყნების თარიღები ნახეთ. ჰოდა, 2012-იც მიემატოს – ისევ "ვმეჩტანიობთ" და მთავარი კითხვა (იხ. სათაური) ჯერაც უპასუხოა:

* * *
"სკუკა" მკლავს, "სკუკა" მაწუხებს,
მიხშირებს "დიხანიასა",
გადავბრუნდები "პასტელზე",
დავიწყებ "მეჩტანიასა".

"კვალი", 1895, # 1;
"თეატრი და ცხოვრება", 1920, # 2.

Monday, February 20, 2012

Monday, February 13, 2012

ერთი კვირა, კედელზე

გასული კვირის დასაწყისში ერთი ნახატის გამოფენა გადავწყვიტე მიღებული შთაბეჭდილების გამო, ორშაბათის მძიმე დილამ კი სხვა ამარჩევინა. შემდეგ, კედელს რომ შევხედე, კიდევ უფრო მძიმედ ვიგრძენი თავი, ამიტომ ახალი პოსტის ფანჯარა დროებით დავხურე.

მინდა, ამ კვირის გამოფენა ისეთი იყოს, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. ვუბრუნდები პირველ არჩევანს – ჟორჟ სიორას ნახატს "კვირა დილა გრანდ ჟატის კუნძულზე", რომელიც 1884-1886 წლებშია დახატული და მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად ითვლება.
ჟორჟ პიერ სიორა 1859 წელს პარიზში დაიბადა. იყო პოსტ-იმპრესიონისტი მხატვარი, ფერწერის ტექნიკის – "პუანტილიზმის" შემქმნელი.

13–19 თებერვალი.

ისინიც – მოქალაქეები

დილით ვნახე: პუშკინის სკვერში შეკრებილი ხალხი და სასწრაფო დახმარების მანქანა. სკამზე – ყინვისგან გარდაცვლილი მოხუცი კაცი. ვიდრე მას დავინახავდი, ვიფიქრე, ვინმე გახდა ცუდად – ბოლო დროს ხშირად შევსწრებივარ ასეთ შემთხვევებს. მთელი დღეა, თავს მახსენებს კადრი – ღია პირი და სიმწრისგან წინ გაწვდილი, გაფიჩხებული ხელები.

დღეს გამოცხადდა, რომ გაიხსნება თავშესაფრები – მანამ, ვიდრე ყინვა იქნება. არ მგონია, ყველა უსახლკარომ შეიტყოს ეს ამბავი "დათქმულ" დროში, ჩამოთვლილ მისამართებზე მისვლაც არ იქნება ადვილი მათთვის, ვინც სხვადასხვა უბნებში არიან გაფანტული, არ აქვთ მგზავრობის თანხა, ან არ იციან, სად მდებარეობს ესა თუ ის ქუჩა.
ალბათ, უნდა არსებობდეს ერთი სახელმწიფო თავშესაფარი მაინც, მთელი წელი რომ იფუნქციონირებს, სადაც შესაძლებელი იქნება ღამის გათევა, ჰიგიენის დაცვა, პირველადი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა, შემოწირულობის მიტანა. ამ ადამიანებს ისევე სჭირდებათ დახმარება, როგორც მაგალითად, ტყვედ ჩავარდნილ მეზღვაურებს – ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.


Wednesday, February 8, 2012

ცოცხალი თუ ფიტული?

რეი ბრედბერის აქვს ერთი მოთხრობა „და მეხმაც იქუხა“. მოქმედება მომავალში ხდება – დროის მანქანა გამოგონებულია, რომლის საშუალებითაც მდიდარ ადამიანებს წარსულში ნადირობის ტურებს სთავაზობენ. მაგალითად, ეპატიჟებიან დინოზავრების დასახოცად 60 მილიონი წლის წინ. ვისაც არ წაუკითხავს ეს მოთხრობა, ინტერესი რომ არ გაუნელდეს, შინაარსს აღარ მოვყვები, მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას. მონადირეს (მოთხრობაში) მკაცრად მოეთხოვება დადგენილი ნორმების დაცვა იმისთვის, რომ შემთხვევით არ დააზიანოს რაიმე, თუნდაც ბალახი, რადგან ამით მომავალს შეცვლის: აღწერილია, ერთი არსების მოსპობა როგორ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს, რამდენი რამ ნადგურდება ამით.

გუშინ, 9 საათის "კურიერში" (7 თებერვალი, 21:23) გავიდა სიუჟეტი, სადაც გვამცნეს, მალე ტურისტები საქართველოს ტერიტორიაზე იშვიათ ცხოველებზე ნადირობას შეძლებენ. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომელიც ლას-ვეგასში თებერვლის დასაწყისში გამართულ მონადირეთა ყოველწლიურ გამოფენას ესწრებოდა, თქვა: „დღესდღეობით შეიქმნა უკვე ძალიან მოქნილი კანონმდებლობა, რომ განვითარდეს სამონადირეო ინდუსტრია საქართველოში...“
სიუჟეტში დაგვპირდნენ, რომ მომავალ წელს საქართველოს საგამოფენო სტენდი უკვე შედეგებით მოიწონებს თავს, რაც სავარაუდოდ, სტატისტიკის და ფიტულების (სხვა სტენდების მსგავსად) გამოფენას ნიშნავს.
ვიფიქრე, კანონის მოქნილობას მეც გავცნობოდი და საკანონმდებლო ბაზას მივაშურე. უახლესი, 2011 წლის ნოემბერში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რაც თვალში მომხვდა:
  • „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი: „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების (გარდა ტყვეობაში გამრავლებულისა) მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) დასაშვები ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“ – – მხოლოდ ერთი პირის გადასაწყვეტია?!
  • „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ჩამოწერილია მოსაკრებლების ოდენობა ლარებში, თუ რა ჯდება ერთი იშვიათი ინდივიდის „ბუნებრივი გარემოდან ამოღება“. ჯიხვის მოკვლის შემთხვევაში ეს 1700 ლარი ყოფილა, ხოხობი 15 ლარი „ჯდება“ (აქვე: ყველაზე "იაფი" ძუძუმწოვრები ენოტი და ნუტრია არიან – 1 ლ.).
მაგალითად ეს ორი – ჯიხვი და ხოხობი მოვიტანე, რადგან ამ ეტაპზე სწორედ მათ დასახოცად ეპატიჟებიან უცხოელ მონადირეებს საქართველოში. მოსაკრებლის ოდენობა, არ მგონია, დანაკლისს ანაზღაურებდეს: კავკასიური ჯიხვი (განსაკუთრებით) გადაშენების პირასაა, არც სხვა სახეობები მოგვეპოვება ჭარბად.
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ 30 იანვარს გამოცემული ბრძანებით, ჯიხვსა და არჩვზე ნადირობის სეზონი წელიწადში არსებული 2,5 თვის ნაცვლად 6 თვემდე გაიზარდა.
კანონების თვალიერებისას ასეთ ფრაზას გადავაწყდი (ახალ "მოქნილ" კანონმდებლობასთან არაა კავშირში, მაგრამ მაინც):
„ნადირობა აკრძალულია ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს“ (კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“) –– ეტყობა, მხოლოდ ტყვია გაუტკივარების ეფექტით კლავს.

ეს პოსტი ჩემი მინიაქციის ფარგლებში დავწერე. ვინმე იტყვის, რა დროს ჯიხვებზე ფიქრია, ამდენი სხვა პრობლემის ფონზე. მე კი მგონია, როდესაც ადამიანები ბუნებაზე ზრუნავენ, სწორედ მაშინ ზრუნავენ ერთმანეთის კეთილდღეობაზეც, აწესრიგებენ სხვა საკითხებსაც, რადგან მათი პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალია.

ბრედბერის გმირი წარსულში მოხვედრას დაუპატიჟებელ სტუმრობას უწოდებს, რადგან მათ შეუძლიათ მომავლის – მათი აწმყოს – უარესობისკენ შეცვლა. "შუალედურ" აწმყოშიც შეიძლება მომავლის შეცვლა, თუკი ადამიანები "ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილას" პრინციპით იცხოვრებენ.

Monday, February 6, 2012

ერთი კვირა, კედელზე

წინა გამოფენაზე ედვარდ ჰოპერი ვახსენე და აი ისიც.
მის ნახატებს ასეთ გრიფს მივანიჭებდი: "განცდილია ადამიანის მიერ". თუნდაც, ამბავი ნამუშევრიდან "ოთახი ნიუ-იორკში" (1932 წ.). როგორ გაბმულად ისმის კლავიატურაზე აღებული ერთადერთი ნოტი.

6–12 თებერვალი.


Friday, February 3, 2012

თარგმანი – ენ სექსტონი


ცოტა ხნის წინ ვწერდი, ენ სექსტონის თარგმნა დავიწყე-მეთქი და ლექსების ბლოგზე გამოქვეყნების პირობაც დავდე. მაგრამ რაკი გაზეთმა გადაწყვიტა მათი დაბეჭდვა, მოცდა მომიწია. დღეს უკვე ნეტშიც გამოჩნდა "ლიტერატურული გაზეთის" წინა ნომრის ელექტრონული ვერსია, ასე რომ, აქაც ავტვირთავ.
მას მერე კიდევ ვთარგმნე სამი ლექსი, მაგრამ მათი გამოქვეყნება ერთად მინდა, ეს კი არ ვიცი, როდის მოხდება. სხვა რამდენიმეც მაქვს შერჩეული – დროისა და განწყობის დაბრუნებას დაველოდები, რომ მივხედო.

Wednesday, February 1, 2012

1 თებერვალი. ქაოსი.

დღეს სოციალური ქსელი ჩემამდე საოცარი ფოტოების გადმომზიდი გახდა: ვნახე, თუ როგორ იწყებს სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედისკენ სვლას. და მერე, როგორ იკვეთება ნაკვთები. მოკლედ, მთელი მათი ფოტოგრაფირებული რომანი. 26-ე კვირაზე რომ ჩავედი, სადაც "დაგვემშვიდობნენ", მივხვდი, თვალები გამფართოვებოდა. ფოტოეფექტის ქვეშ მოვექეცი. ცოტა დამეხმარა ეს სხვა ემოცია, როგორც ვარდნისას სარეცხის თოკები – მავან ფანჯრიდან გადმოვარდნილს, ვინც ასფალტამდე ცოცხალმა ჩააღწია.
...
ყოველდღიურობა: თვალებზე ხელების აფარება. ყურებში თითების დაცობა. თავზე საბნის წაფარება.
ჩემს ქაოსს სიტყვებს ვერ ვარგებ და აქ შევწყვეტ.
...
11 თვე დარჩა წლის ბოლომდე. პირველი თებერვალია. თოვლი, სიცივე. ზამთარი – ხანგრძლივად ისეთი, როგორიც მკლავს. თუმცა წელს ერთი რამ შევამჩნიე: სითეთრის ცქერა მომწონს და მასზე ხეების შავი ტორსებისაც. უმეტესად ცისფერი მაცვია. ვეძებ დროს, სიმშვიდეს, სითბოს. ამ ორშაბათს, როცა მზემ გამოანათა, სასაცილო ბეღურები ვნახე. გუბეში ბანაობდნენ. გაგიჟებულან-მეთქი. შორიდან ავუარე გვერდი – არ დამფრთხალიყვნენ. მერე ვიფიქრე, სხვა რამ ხდებოდა: მათთვის ის ცოტა მზეც გაზაფხულისა იყო.