Saturday, September 21, 2013

სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები


წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" პროექტი "ანოტაცია"
პირველი კვირა


"სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები" ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის, იმ ესეების კრებულია, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ორ წიგნად გამოიცა. იმ პერიოდისთვის უელბეკი ჯერაც არ არის ის მწერალი, ვისთანაც სიტყვა სკანდალს აკავშირებენ; შორია 2010 წლამდეც, როცა გონკურის პრემიის მიღების შემდეგ მას "ჩვენი სამყაროს მთავარ მოწმეს" უწოდებენ; თუმცა მისთვის  დამახასიათებელი დამთრგუნველი პირდაპირობა ამ ტექსტებშიც სახეზეა. გამოქვეყნებიდან თითქმის ორი ათეული წლის გასვლის მიუხედავად  კითხვისას არ ფიქრობთ, რომ ესეებში წარმოდგენილი თემები მოძველდა და წარსულს ჩაბარდა.

ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ესემ, რომელსაც "სიცოცხლის გაგრძელება: სახელმძღვანელო" ეწოდება. ესე ოთხნაწილიანია. ამ ტექსტით ყველაზე მეტად ალბათ ის მკითხველი დაინტერესდება, ვინც თავადაც წერს, ან სურს, გაერკვეს პოეტის რაობაში. უელბეკის ტონი შეუვალია, მკაცრი. თითოეული აბზაცის დასაწყისში იქნებ გონგის ხმაც კი ჩაგესმათ. შეიძლება ითქვას, ეს სახელმძღვანელო ციტატებისგან შედგება.

თავიდან ტანჯვაა – ყველაფერი ტანჯვით ევლინება ქვეყანას. ყოველივე, რაც სამყაროს შეადგენს – საგანი თუ სულიერი – მხოლოდ კივილის ხმას გამოსცემს. ადამიანი? სწორედ ადამიანს ეხება პირველი ტექსტი. "სამყარო ყველა მიმართულებით გაშლილი ტანჯვის ველია", წერს უელბეკი. ყველაფერი რაც დაბადებას აპირებს, იტანჯება და დაბადების შემდეგ, ცნობიერების გარკვეული დონის მიღწევისთანავე, თავზე წისქვილის ქვის ტრიალიც იწყება. ყველანაირი ტანჯვა ნაბიჯია პოეტად ქცევის გზაზე. ესეს კითხვის დროს ხვდები, რომ ის ავტორის განცდებისა და გამოცდილების დაწურვის შედეგია და გჯერა მისი სიტყვების, მით უმეტეს, რომ რაღაც მსგავსი შენც გამოგივლია. უელბეკი ტკივილსა და სიძნელეებში გასაგნებ გზებს გვაჩვენებს.

მას შემდეგ, რაც პოეტობის გზაზე შედგებით, იწყება დანაწევრებული მეტყველების ხანა. საჭირო ხდება ტანჯვის გამოხატვა, რასაც მკაფიოდ გამოკვეთილი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს. თუ ვერ მოახერხებთ ამას, ტკივილი შიგნიდან დაგხრავთ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა ამოთქვათ სიტყვები. რჩევები ამ ტექსტიდან პოეტს ფორმის ძიების გზაზე გამოადგება. ფორმის ძიებას და პოვნას კი ცოცხალი პოეტი სჭირდება.

რაკი დანაწევრებული სიტყვები ამოთქვით, ახლა გადარჩენის დროა, რაც ამ სამყაროში უკიდურესად ძნელია. თუმცა ცდად ღირს, რადგან ხანდაზმულობის დროს განვითარებული ფიზიკური და ფსიქიკური პროცესები ღირებულის შექმნას შეგაძლებინებთ. ესეს მეოთხე ნაწილში კი არის რჩევები მათთვის, ვინც გადარჩა: ისინი ყველაზე მტკივნეულ ადგილას მიღებული დარტყმის ატანაში დაგეხმარებათ.

კრებულში შესულ დანარჩენ ტექსტებში გაეცნობით უელბეკის ხედვას ყველა იმ საკითხსა და პრობლემაზე, რომლითაც გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ევროპული საზოგადოება ხასიათდებოდა. ეს არის ევროპელი ადამიანის პორტრეტი "მკვდარ დროში", უფრო დაწვრილებით: ევროპელი და პორნოგრაფია, პენსიონერი ევროპელი, ევროპელი დღესასწაულზე და ა.შ. ავტორი ეხება ისეთ თემებსაც, როგორიცაა კლონირება, არქიტექტურა, კინოხელოვნება, რეკლამა, ინფორმატიკა, ლიტერატურა და სხვ. ტექსტში, რომელსაც "სამყარო, როგორც სუპერმარკეტი და დაცინვა" ეწოდება, უელბეკი ნების ნაკლებობაზე წერს, რასაც ინდივიდუალობის ნაკლებობა მოსდევს. ამ საკითხმა ასორინის წიგნი "ნება" გამახსენა, რომელიც ბევრად ადრინდელ ევროპულ საზოგადოებაში არსებულ იგივე პრობლემას ეხება. როგორც ჩანს, დრომ ამ მხრივ არაფერი შეცვალა. ესეებში ჩამოყალიბებული ხედვა მომდევნო წლებში გამოცემულ, უელბეკის გახმაურებულ რომანებში ვრცლად არის გაშლილი.

თუ უელბეკი მოგწონთ და ჩემსავით ინტერესდებით მისი ახალი ქართულენოვანი გამოცემებით, ან ახლა იწყებთ მის გაცნობას, გეტყვით, რომ "სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები" უახლესი თარგმანია, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შემოგვთავაზა. თარგმანი უელბეკის ერთ–ერთ საუკეთესო მთარგმნელს, ირმა ტაველიძეს, ეკუთვნის. დიდი ალბათობით, ამ მომცრო წიგნის გვერდებზე საკუთარ (ევროპელ) თავსა და თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ამოიცნობთ.

6 comments:

Lasha Gabunia said...

ძალიან კარგი რეცენზიაა ქეთი. აუცილებლად შევიძენთ. :)) ესეც ცვენი მიშელის მუსიკალური კომპოზიცია: http://www.youtube.com/watch?v=1YOsbAUCZU4

Toma said...

saintereso mcerali chans dzalian.

Keti said...

ლაშა, დიდი მადლობა!
და ასევე დიდი მადლობა კომპოზიციისთვის. გარდა იმისა, რომ მიშელის არის, ეს რიტმი ძალიან უხდება მის წიგნს :)





ტომა, ნამდვილად საინტერესო მწერალია,
მადლობა!

babisa said...

ვერ ხვდება უელბეკი ჩემს საყვარელ მწერალთა შორის, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო მაინც არის. ვეთანხმები "ტანჯვებში" :)

Lord Vader said...

მე და უელბეკი ჯერ ვერ შევხვდით ერთმანეთს :)

Keti said...

ბაბისა, ჰო, მაგ აღიარებამდე მაინც მიგიყვანს მკითხველს, თავს თუ ვერ გაყვარებს :)




ლორდ, ერთხელაც ალბათ გადაიკვეთება თქვენი გზები :)