Sunday, October 13, 2013

პიანისტი ქალი

წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" პროექტი "ანოტაცია"
მეოთხე კვირა


ავსტრიელი ელფრიდე იელინეკისთვის ნობელის პრემიის გადაცემას (2004 წელი) მის სამშობლოშიც არ ელოდნენ. იელინეკი რადიკალიზმით გამოირჩევა, არ დაგიდევთ საზოგადოების შეხედულებებსა და ნორმებს; თავის წიგნებში გაბედულად ანგრევს ყველაფერს, რაც არასწორად მიაჩნია და, სიმართლე ვთქვათ, არასწორიც არის. გაკრიტიკებული საზოგადოებაც არ რჩება ვალში და იელინეკს მოიხსენიებენ, როგორც "ნიჰილისტურად განწყობილ ნევროტიკ ქალს", ექსტრემისტსა და ა.შ. სამშობლოში "საკუთარი ბუდის დამბინძურებელიც" კი უწოდეს. იელინეკის ორივე წიგნმა, რომლებიც ქართულ ენაზე წავიკითხე, ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და, ვფიქრობ, არც სხვა მკითხველები დარჩებოდნენ გულგრილნი. ამჯერად "საყვარლებს" თაროზე დავტოვებ და "პიანისტ ქალზე" გიამბობთ, რომელიც გამომცემლობა "ინტელექტის" ნობელის პრემიის ლაურეატების სერიის ფარგლებშია გამოცემული.

წიგნების კითხვისას ხშირად არ მიჩნდება სურვილი, უფრო ახლოს გავეცნო მწერლის პიროვნებას – მოვძებნო მისი ბიოგრაფია ან ინტერვიუები. იელინეკი იმ მწერლებს შორის არის, ვინც ეს სურვილი გამიჩინეს. "პიანისტი ქალიდან" გამომდინარე მნიშვნელოვნად მიმაჩნია შტრიხები მწერლის ბიოგრაფიიდან: 1946 წელს დაბადებული იელინეკი ერთხანს სამონასტრო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ვენის კონსერვატორიის სკოლაში, ბოლოს – ვენის კონსერვატორიაში. არასდროს ჰქონია კარგი ურთიერთობა დედასთან. ერთ-ერთი ინტერვიუში იელინეკი ამბობს, რომ დედას მასზე აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა და ელფრიდესთვის წერა თავშესაფარი იყო. დედა–შვილის დაძაბული ურთიერთობაა აღწერილი "პიანისტ ქალშიც".

ოცდაათი წლის ერიკა კოხუტი (როგორც დედა უწოდებს, "პატარა, ქარივით გოგო") ვენის კონსერვატორიის მუსიკის მასწავლებელია. ერიკას დაბადებას სახლიდან ერთადერთი მამაკაცის გაქრობა მოჰყვა – მამისთვის ადგილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოინახა. ყოველდღიურად შინ დაბრუნებულ ერიკას კართან ინკვიზიტორი დედა უცდის. ერიკას დაკითხვას უწყობენ – მისი ყველა ნაბიჯი და ფიქრი აღრიცხულია ისევე, როგორც ერიკას ჩანთის შიგთავსი. დაუშვებელია ოცნების ჩანთაში მაინც დამალვა. ერიკა მშობლის ხელში (ისევე, როგორც მოგვიანებით მის ცხოვრებაში გამოჩენილი მამაკაცისთვის) ინსტრუმენტია, რომელზეც დედა სასურველ ნაწარმოებს სასურველ ტონალობაში უკრავს.

ერიკა "თავისუფალი" მხოლოდ საკუთარ ოთახშია, რომელსაც არ აქვს საკეტი – "ბავშვს საიდუმლოებები არ უნდა ჰქონდეს". მისი თავისუფლება ტანსაცმლის კარადაში საკიდებზეა შეკიდული: კაბებს, რომელთა ჩაცმის ნებას დედა არასდროს მისცემს, ერიკა კარადაში აგროვებს. მისთვის მთავარია, რომ ამ კაბების მფლობელია და საღამოობით მათი მოზომება და საკუთარ სხეულში ქალის ამოცნობაც შეუძლია.

ერიკას სექსუალური ცხოვრება მხოლოდ "პიპ-შოუზე" დასწრებით შემოიფარგლება, სადაც იგი (ცხადია, დედისგან მალულად) ლამაზი სხეულის მქონე, ვნებიანი ქალების სათვალთვალოდ რეგულარულად დადის. ერიკას არ გააჩნია შეხების მოთხოვნილება (ისევე, როგორც საშუალება) და მხედველობით მგრძნობელობას სჯერდება; მისთვის საკმარისია დანახვა და ნაკლებმნიშვნელოვანი – შეხება; უფრო მეტიც, ერიკა ვერ აღიქვამს შეხებას. 

ერიკას ცხოვრება ალბათ არც არასდროს შეიცვლებოდა, რომ არა ვალტერ კლემერი – მისი ახალგაზრდა და ბეჯითი მოსწავლე. ვალტერს სურს, ერიკას სიყვარული მოიპოვოს და "ეს უფორმო გვამი", რომლის გამოსწორება ჯერაც შესაძლებელია, სიცოცხლისაკენ შემოაბრუნოს. ვალტერი, რომელიც ჯომარდობით არის გატაცებული და სტიქიას იმორჩილებს, იმედოვნებს, რომ ერიკა კოხუტსაც დაიმორჩილებს. კლემერს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ მხოლოდ მასწავლებლის დაუფლება აქვს მიზნად დასახული. მან ჯერ არაფერი იცის მასწავლებელში ჩასახლებულ დედაზე. ჯერ წინ არის დღე, როცა ძალადობის შედეგად დამორჩილებული ერიკა გვერდით ოთახში გამოკეტილი დედისკენ, ყველაზე მყუდრო წიაღისკენ, გაიწევს; დედისკენ, რომელსაც მხოლოდ ის ადარდებს, რომ მისი საკუთრების დამორჩილება სხვამაც შეძლო. 

თავის მხრივ, კლემერი ერიკასთვის ცხოვრების საშინელი გამოწვევაა. ერიკასთვის არასდროს ყოფილა მამაკაცი ცხოვრების გამოწვევა. მის დაბნეულობასა და საკუთარ თავთან ბრძოლას საოცარი ნატურალიზმით გადმოგვცემს იელინეკი: ბალზაკის ასაკში მყოფი ერიკას განცდებს ენაცვლება მისი ბავშვობის სურათები და შეგრძნებები. ამ ფონზე კარგად ჩანს აღზრდის ნაკლოვანებები თუ სოციალური პრობლემები.

აღზრდის მსგავსი მეთოდების და მათ შედეგად მიღებული ქალი–ინსტრუმენტების ნახვა არც ჩვენს ირგვლივ წარმოადგენს იშვიათობას. ამიტომ, ვფიქრობ, ქართველი მკითხველი მძაფრად აღიქვამს იელინეკის გმირების ცხოვრებას. იელინეკი, "პიპ–შოუს" კაბინაში შეკეტილი ერიკა კოხუტის მსგავსად, თავისი საწერი მაგიდიდან ათვალიერებს საზოგადოებას, დასცქერის სოციუმის ჭრილობებს და გულუხვად აყრის ზედ მარილს. მისი პირდაპირობა და უზომო გულწრფელობა ალბათ სწორი "არჩევანია" – მხოლოდ გულისრევამდე მისულმა მკითხველმა შეიძლება თქვას, რომ ასე არ შეიძლება, რომ თვითონ ასეთი არ იქნება.

11 comments:

დაჯი said...

ჩემნაირო ქეთი :))**
ეს ის წიგნია, რომელმაც თავის დროზე შემძრა და რომელზეც ძალიაან ძალიაან ბევრი შეიძლება ისაუბრო.
ამდენი ხანია მინდა ამაზე დამეწერა და ანოტაციამდე ვერ მოვაბი თავი ...))
წარმატებები ქეთ :**

Keti said...

:)) :*

მეც ასე, აქამდე ვერ დავწერე, მეგონა საჭირო სიტყვებს ვერ ვიპოვიდი...

მადლობა, შენც ასევე! :*

Unknown said...

ძალიან კარგი და იშვიათი ნიჭი გაქვს ანოტაციების წერისა და ზოგადად წიგნებზე საუბრისა ) შენს ადგილას (თუ უკვე არ) რომელიმე გამომცემლობაში დავოწყებდი მუშაობას/

Tina Nadiradze said...

ვიზიარებ წინა გამომსვლელის მოსაზრებას! :)

საოცრად იცი გადმოცემა!

Keti said...

შარლოტ, დიდი მადლობა! მიხარია, თუ ასეა :) გამომცემლობაში კი არასდროს მიმუშავია



თიკო, მადლობა! :) :*

Rode said...

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რომანი.

Keti said...

როდე, მიხარია შენი გამოჩენა!

Toma said...

momdevno saintereso da chatrevadi anotacia. :)

Keti said...

ტომა :*

Sophie שרה Golden said...

Me filmi vnaxe da zaliam shemzra, amitom wignis wakitxvis survili ar gamchenia.

Saswaulad gaqvs agwerili.
Samwuxaroa, rom qartvelebistvis mtkivneuli da nacnobi temaa.

Keti said...

სხვათა შორის, ეს ფილმი წიგნისგან განსხვავდება. მე წაკითხვის მერე ვნახე, ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ წიგნი კიდევ სხვა იყო.

დიდი მადლობა, სოფი!

ჰო, სამწუხაროდ, ასეა. იელინეკის რაც წამიკითხავს, ჩვენთვის ნაცნობი თემებია სულ...