Monday, February 24, 2014

ფიქრები შესაძლო თეოკრატიის პირას

იმ სპექტაკლის შემდეგ, რაც მამა გაბრიელის გადასვენებასთან დაკავშირებით გათამაშდა, ვფიქრობდი: 
  • წმინდანები არაერთი გვყავს, მაგრამ არცერთის მიმართ ასეთი ფართომასშტაბიანი ამბები არ ხდება. რატომ? მამა გაბრიელის ასეთი აღზევება სასწაულების მოხდენასთან მისმა გაიგივებამ გამოიწვია. ადამიანები მას ერთგვარ „სანტა–კლაუსად“ თვლიან, რომელიც მოუტანთ მატერიალურ და სხვა სიკეთეებს (მაგალითად, გუშინ ტელესიუჟეტში მომლოცველი ქალი ამბობდა, რომ ბინის პრობლემა ჰქონდა და ამიტომ იყო იქ). აქვე შემიძლია გავიხსენო შედარებით მცირემასშტაბიანი აღტკინების ობიექტი – წმინდა ნინო და ბოდბეში განბანების რიტუალი. ანუ მორწმუნეებს სჭირდებათ, წმინდანისგან იმის მოლოდინი ჰქონდეთ, რომ რაღაც აუსრულდებათ, სასწაული მოხდება მათ თავს.

  • ცალკე თემაა ტრაგედია ადამიანებისა, რომლებსაც სასწაულების მოხდენის ლოდინის გარდა არაფერი დარჩათ. ეს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ტრაგედია.

  • დავუბრუნდები წმინდანებს. აი, მაგალითად, წმინდა ილია მართალი. მას ასე არ ეთაყვანებიან. და კიდევ კარგი. თუმცა, მეორე მხრივ, კარგი იქნებოდა, ილიას რაიმე სახის სასწაულის მოხდენას აწერდნენ, იქნება ამ ფაქტს მასები მისი წიგნებისკენ მიებრუნებინა და ილიას შემოქმედებიდან მხოლოდ ბოზბაშისა და ჩიხირთმის სასარგებლოდ გამართული დიალოგი არ ახსოვდეთ.

  • გაუგებარი იყო სახელმწიფოს პოზიცია და ნაბიჯები: მოსაწვევების დარიგება და საეკლესიო პროცესის თეატრალიზება (ნეტა ჩვენში ნამდვილი თეატრი უყვარდეთ ასე), ჯარის გამოყვანა, ქვეყნის მთავარი მაგისტრალის ორი დღით გადაკეტვა და მოქალაქეებისთვის  გადაადგილების მხრივ პრობლემების შექმნა. ასევე საინტერესოა, სახელმწიფო სხვა რელიგიის წარმომადგენლების რიტუალებისთვის თუ გამოყოფს ჯარს.

  • წუხანდელი შოკი: მომლოცველები, მათ შორის ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც საფლავის მიწით ტომრებს ავსებდნენ! საინტერესოა, რა უნდა უქნან ამ მიწას? გულზე დაიკიდებენ? ბალიშის ქვეშ დადებენ? სალოცავ კუთხეში მიუჩენენ ადგილს? ბაღში მიმოფანტავენ? (მით უმეტეს, როცა რაოდენობა შეიძლება ერთი ტომარა იყოს). აი, როგორ უნდა გამოიყენონ. ბავშვობაში, მახსოვს, უთქვამთ ჩემთვის – სასაფლაოდან არაფრის წამოღება არ შეიძლებაო (როცა მაგალითად ყვავილის მოწყვეტა მინდოდა). შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ რეალურად სასაფლაოს მიწა გაჯერებულია ბევრი ისეთი ბაქტერიით, რომ ჯობია, არ აფათურო შიშველი ხელები (რომლებზეც შეიძლება გვქონდეს ნაკაწრი, ნახეთქი და ა.შ.). ჰოდა, არ გამიკვირდება, ახლა სურვილების ასრულების ნაცვლად რაიმე დაავადებამ იფეთქოს. 

    სხვათა შორის, მღვდლებს, რომლებიც საფლავს თხრიდნენ, ხელთათმანები ეცვათ. ეს ხალხი კი ისე დაეხვა და თხარა შიშველი თითებით. იმედია, ზეთის მსგავსად, საფლავის მიწას ჭრილობებზე და მტკივან ადგილებზე არ დაიფენენ. 



    დღეს კიდევ ვნახე ფოტოები – მამა გაბრიელის ცარიელი საფლავი ჭილოფით გადაუხურავთ და ადამიანები ორმოში ჩადიან.

  • და ბოლოს, შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ასეთი აღტკინება თავად მორწმუნეთათვის. დღეს, სამწუხაროდ, რელიგიაში მთავარი რიტუალები და მათი შესრულება გახდა. ეს ხშირად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც რელიგია გვასწავლის. თავად შევსწრებივარ მორწმუნეთა ინტერესს წვრილმანებისადმი; მაგალითად, კურთხევისას ღვინის ბოთლს თავსახური ახადონ თუ არა. მათთვის მთავარი ეს თავსახურია, საკურთხის მრავალფეროვნება, სანთელის ბოლომდე ან სანახევროდ ჩაწვა და ა.შ.

13 comments:

Rode said...

საოცარი ისაა, რომ ყოველთვის, რაღაც მსგავსის მერე, ვფიქრობ ხოლმე "ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?" და რამდენიმე თვეში უარესიც ხდება. ადრე ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ახლა რაღაც იმუნიტეტისავით გამოვიმუშავე და მშვიდად ვხვდები ყველაფერს.
არ ვიცი, აზრზე არ ვარ რა უნდა გაკეთდეს და როგორ. პირველი მაინც, ლუსტრაციის კანონია საჭირო და რეფორმა ეკლესიაში.

Unknown said...

ამ შემთხვევაშიც ჩვენი ხალხის ხასიათის მთავარი შტრიხი იკითხება - რადიკალიზმი. ფანატიკური მიდგომა ყველაფრის მიმართ. არადა, უსაზღვრო სიკეთეც კი არ ვარგა, თუკი მან შეიძლება რაიმე სახით მავნე ზემოქმედება გამოიწვიოს (მაგალითად მეტისმეტად გააყოყოჩოს სიკეთის ქმნის ობიექტი).
მე მესმის ხალხის რწმენის, იმიტომ რომ მე მწამს, წმინდანთა მიმართ ლოცვა და პატივისცემაც მესმის, რადგან იგივეს მეც ვაკეთებ. მაგრამ ეს, რაც ახლა ხდება, ყველანაირ ზღვარს სცდება - ასე გაფეტიშება ისედაც "სუპერ-პოპულარული" წმინდანის. დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში სამღვდელოების და მორწმუნეთა დიდ ნაწილს, რომელიც იქ დადის, იესო საერთოდაც გადაავიწყდა, იმიტომ რომ თუ ახსოვდათ, მაშინ ისიც გაახსენდებოდათ, რომ არავინ და არაფერი არ უნდა გააკერპო და დააყენო ღმერთზე მაღლა. რა მნიშვნელობა აქვს, დახატულ ან გამოძერწილ კერპს ეთაყვანები თუ წმინდანის აშკარად გახრწნილ ნეშტს, რომელზეც ყველა რატომღაც გვიმტკიცებს რომ გაუხრწნელია. ძაან მერიდება ამ თემაზე მსჯელობა, ძალიან უხერხული თემაა ჩემთვის პირადად, მაგრამ მართლა გამაოგნებელია მთელი ეს პერფორმანსი, რომელიც არ ვიცი, რაში სჭირდება საპატრიარქოს.
და კიდევ ერთი რაც კატასტროფულად მაღიზიანებს ამ დღეებში - ჯანსაღი კრიტიკის დეფიციტი ამ თემის ირგვლივ. არის ორი რადიკალური ფრთა, ერთი რომელიც "გადაეკიდა" საბრალო წმინდანს და ტომრებით დარბის და მეორე - ზღვარსგადასული ცინიკოსების ფრთა, რომლებიც ქილიკით და დამცინავი შედარებებით ცდილობს საკუთარი მოდერნ-ინწელექტის აფიშირებას. მადლობა შენ, რომ ნორმალურად გამოხატე სათქმელი.

Keti said...

ბექა,
მეც რამდენჯერ მქონია მსგავსი მოლოდინი, მაგრამ ტყუილად. სულ ვცდილობ, აღარ შევეხო ხოლმე ამ თემას, მაგრამ გუშინ მიწით ავსებული ტომრების ნახვამ ისევ მათქმევინა.
ჰო, მაგრამ მეეჭვება რაიმე რეფორმა გატარდეს.



თაკო,
ყველაფერში გეთანხმები და უკვე მაშინებს ეს რეალობა – აქეთ ფანატიკოსები, იქით ცინიკოსები. ამიტომ ვცდილობ ხოლმე, ან არაფერი ვთქვა, ან თუ ვიტყვი – ზომიერად.
პირიქით, შენ მადლობა...

Toma said...

საქმე როცა რელიგიას და მასებს ეხება, იქ ჯანსაღი კრიტიკა არ არსებობს.

მე მაქვს პირადი მოსაზრება, მაგრამ არ მინდა მისი გაჟღერება გინდაც იმიტომ რომ არ მინდა იქ მისულ უამრავ ხალხს შეურაწყოფა მივაყენო, და კიდევ სხვა მრავალ ადამიანს რომლებმაც "ბაზარზე მოტხოვნადი" წმინდანისაგან, ფულის კეთება დაიწყეს.

მძიმე სიტუაციაა. ჩვენნაირ გაჭრვებულ ქვეყნებს ახასიათებთ რელიგიური რაგიკალიზმი, რომელსაც რელიასთან და რწმენასთან სინამდვილეში არავითარი საერთო აქვს.


ბოლო აბზაცში კი გეთანხმები ქეთი, ხალხს ტრადიციები და რიტუალი უფრო ადარდბეს ვიდრე რწმენა. რამოდენიმეჯერ კვერცხის შეღება ვერ მოვახერხე და გადამიარეს, ან ორი შევღებე და გადამიარეს. გეგონება რაიმე საერთო ქონდეს რამდენ კვკერცხს შეღებავ აღდგომის სასწაულთან, და კვერცს სართოდ თუ არ შევღებავ აღდგომის სასწაული თავის მნიშვნელობას დაკარგავს.

kuda said...

მგონი, ეს ამბები ბოლო წვეთი იყო ჩემი და ეკლესიის ურთიერთობაში, ყოველ შემთხვევაში ახლა ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი.
თან სამებასთან ვცხოვრობ და მთელი კვირაა სახლიდან გამოსვლის და უკან მიბრუნებისთვის საოცარი წრეების დარტყმა და საცობებში დგომა მიწევს.

Tina Nadiradze said...

ქეთი, ჩვენი ტაძარი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) სახელობისაა. მისი ღვაწლის გამო ეს წმინდანი ძალიან გვიყვარს. ასევეა წმინდა ილია მართალიც. სხვა დიდ საქმეებთან ერთად, მას უნდოდა, წერა–კითხვა ყველას სცოდნოდა, რადგან ცოდნა გადალახავს ყველა ბარიერს... (შენც ამის თქმა გინდოდა) მამა გაბრიელსაც ძალიან უნდოდა, რომ ჩვენს ხალხს ნამდვილი ცოდნა მიეღო. მისი ცხოვრებაც ამის დასტურია. შეეძლო, ერთ ადამიანთან მთელი დღე გაეტარებინა და მასთან ესაუბრა. ეს წმინდანი გამორჩეულად იმიტომ გვიყვარს, ჩვენი თანამედროვე რომაა, ჩვენსავით გაიარა კომუნიზმის ხანა, მოესწრო პარადებს, ტაძრების ბარბაროსულ ნგრევას, ეროვნულ მოძრაობას, ხალხის გამოფხიზლებას და აგერ ახლახანს (1995) გავიდა ამქვეყნიდან.

წმინდანთა კანონიზაცია მსოფლიო ტრადიციაა, საუკუნოვანი (ამის ცოდნაც კარგი იქნებოდა ბევრისთვის). ევროპაშიც, სადაც თავმომწონედ ვმოგზაურობთ, წმინდანები ტაძრებში არიან დასვენებული; იმიტომ, რომ წმინდანის მთავარი ფუნქცია ჩვენი ღმერთთან დაახლოებაა, ის ერთგვარი შუამავალია და ჩვენი ვედრება ღმერთამდე მიაქვს. ვესტმინსტერის სააბატო სხვა რა არის? წმინდანების და მონარქების აკლდამა. მსოფლიო ტურისტები აწყდებიან და არავინ დასცინის. სხვა ტურისტულ ადგილებს აღარ ჩამოვთვლი.

გაგახსენებთ ასევე ახალი დროის წმინდანს, მატრონა მოსკოველს. მანაც გამოიარა მეორე მსოფლიო ომი, კომუნიზმი, ყველაფერი... როცა გარდაიცვალა, დაასაფლავეს წესისამებრ. მის საფლავზე მიდიოდა ხალხი, მათ შორის ისინიც, ვინც სიცოცხლეშივე იცნობდა... თუ მარადიული სიცოცხლის გვჯერა, როგორც ცოცხალი გვისმენდა, ახლაც ისე მოგვისმენს, არა? ჩვენც ხომ ვესაუბრებით გულში გარდაცვლილ ახლობლებს? შემდეგ, წმინდა მატრონას წმინდა ნაწილები პოკროვის მონასტერში გადაასვენეს. წყაროები დაგარწმუნებთ, რომ იქ მორწმუნეთა რიგები არ მთავრდება.

ცინიკოსებს უბრალოდ ეზარებათ სულიერ საკითხებში გარკვევა და ასეთი პოზიცია უფრო ეადვილებათ. მათი საქმეა.

მე სიამოვნებით ვატარებ ჩემი საყვარელი მეგობრის ნაჩუქარ, მის ნახმარ ტანსაცმელს, რადგან მისი კეთილი ენერგია მოჰყვება, რაც ჩემთვის საჭირო და სასიამოვნოა. ასევე გულში ვიხუტებ გარდაცვლილი მშობლის/ნათესავის/ახლობლის ნივთებს, ნაწერებს, ტანსაცმელს. სადღეგრძელოებში ხომ ამბობენ (ჩვეულებრივ ადამიანზე), ნათელი დაადგეს მის საფლავსო? ჰოდა, არც წმინდანების წმინდა ნაწილებთან დაკავშირებით არ არის პრობლემა...

ისტორიულად, მტერი იმას მუსრავდა, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარდა და რასაც ემყარებოდა ჩვენი იდენტობა... ამით უნდოდა ჩვენი დამარცხება/გატეხა და ისე ნუ ვიზამთ, ჩვენს ღირებულებებს თავადვე დავცინოთ.

Keti said...

@ ტომა, მეც მაგას ვჩივი, რომ ძალიან რადიკალურები ვართ. აი, კვერცხის შეღებვის ამბის მსგავსი მაგალითები კი უამრავია და არ ილევა.


@ ნათი, სამწუხაროდ ბევრ ადამიანს აფიქრებინებენ ასე.


@ თიკო, წმინდანთა კანონიზაციის საწინააღმდეგო რა მექნება, ყველაფერს თავისი წესი აქვს, მაგრამ სხვა სახელმწიფოებში ამ პროცესის თეატრალიზება არ ხდება. მე ვერცერთ განვითარებულ ქვეყანაში წარმომიდგენია ხელისუფლების მიერ ორი დღით გადაკეტილი ქვეყნის მთავარი მაგისტრალი, ან მთავრობის წევრებისთვის მოსაწვევების დარიგება და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენ ზომიერების დაცვა არ ვიცით და ხშირად ამ ზედმეტობით მხოლოდ უარყოფით შედეგებს ვიღებთ.

Tina Nadiradze said...

https://www.youtube.com/watch?v=1FkLHV3aqW0

ეს ხალხი დაიწუწუნებდა გზის გადაკეტვაზე ? ესენიც ბნელები არიან?

:( ცოტა სირცხვილია ასეთი მიზეზის მოყვანა :(

Keti said...

მე სადმე ვინმეზე ვთქვი, რომ ბნელები არიან?

ახლა რაც შეეხება სერბეთის პატრიარქს. მისი ცხოვრების წესი ძალიან განსხვავდებოდა ჩვენი ეკლესიის მესვეურების ცხოვრების წესისგან. მან ხალხის ეს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა თავისი უბრალო ცხოვრებით:
http://cenzoriv.net/index.php?name=news&op=readfull&news=2675

და ბოლოს, მას ხალხი მიაცილებს და არა მოსაწვევებდარიგებული მთავრობის წევრები სახელმწიფო ჯარის თანხლებით. მთავარი გზის გადაკეტვა კი არ არის პატარა პრობლემა. წარმოიდგინე ხალხი, ვინც მიცვალებულს მიასვენებს დასავლეთში, ან სხვა რაიმე გადაუდებელი საქმის მქონე ადამიანები.
დარწმუნებული ვარ, მამა გაბრიელსაც არ მოეწონებოდა მთელი ეს თეატრი, რაც მისი სახელით მოაწყეს.

Lord Vader said...

მაგ ამბავში რაც მიუღებელი იყო, დავწერე ფბ-ზე და არ გავმეორდები.

მაგრამ არ შემეძლო არ მეთქვა სერბეთის პატრიარქ პაველზე.
პაველი ძაან პოპულარული გახდა ჩვენთან, იმიტომ რომ ტროლეიბუსით დადიაოდა და ღარიბულად ცხოვრობდა. ადარებენ ჯიპიანებს და აღფრთოვანებულები უყურებენ...
სტალინიც ღარიბულად ცხოვრობდა, ქრთამს არ იღებდა და ერთი კიტელი ჰქონდა სულ (ნუ ასე ამბობენ)...
პაველი იყო ერთ-ერთი იდეოლოგი ყოფილ იუგოსლავიაში ჩატარებული ეთნოწმენდისა, სულიერი მოძღვარი არკანის. და ა.შ.
მაპატიეთ, მაგრამ მკლავები აქვს სისხლში ხორვატების და ბოსნიელების.
ჰოდა სულ ფეხებზე მკიდია ავტობუსით ივლიდა თუ სამოკატკით.

Keti said...

პატრიარქ პაველის შესახებ ამდენი არ ვიცოდი. რაც ვნახე, იმით ძალიან განსხვავდებოდა ჩვენი მღვდლებისგან და მეც ეს აღვნიშნე. ძალიან ცუდი, თუ სისხლში აქვს ხელები და თუ ეს ზღვა ხალხიც იწონებს ამას.

Lord Vader said...

კი მაგით განსხვავდება, რომ ჯიპით არ დადიოდა, მაგრამ მეპირადად ჯიპი და ძვირფასი საათი ნაკლები პრობლემა მგონია. ერთადერთი - სახელმწიფო (ანუ ჩვენ ყველანი) რომ ვაფინანსებთ მაგ კუთხით, თორემ თუ ადამიანს ფული აქვს უნდა საათს იყიდის და უნდა არ იყიდის. მისი საქმეა. რელიგიურად როგორაა ფუფუნება ეგ კიდე მრევლმა განიკითხოს.

გაცილებით დიდი პრობლემაა ტაბურეტკით სირბილი. და პაველი ამ საქმეში ბარე ბევრს ჯობნიდა. :) იყო ტიპური იმპერიალისტი და მასა და კირილეს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ერთს ვაშერონ კონსტანტინი თუ რა საათი აქვს არ მახსოვს ის უყვარს და პაველს, ალბათ, 10 დოლარიანი ჩინური "შტამპოვკა" ჰქონდა.
და მეორე პლიუსი პაველის ისაა, რომ რევოლუცია რომ დაიწყო იქ და მილოშევიჩმა იაღაღი გამოიყენა, მოუწოდა ჯარს არ ესროლათ და მილოშევიჩს კიდე - გადადექიო.

Keti said...

რაც უნდათ იყიდონ თავიანთი ანაზღაურებით. ბიუჯეტიდან მიცემული ფული ან მრევლისგან ეკლესიისთვის გაღებული შეწირულობა არ არის პირადი მიზნებისთვის გამოსაყენებელი თანხა, ჩემი აზრით და გამაღიზიანებელია.

აი, პოლიტიკურ მოწოდებებს რომ აკეთებენ ხოლმე, მაგალითად ჯარს მოუწოდებენ არ ისროლოთ, ან დიქტატორს ეტყვიან რამეს, ესაც ისეთი რამ არის, დადებითში რომ ჩაეთვლებათ ყველა ვარიანტში, ასე ვთქვათ, "წინასწარ მოგებული საქმე" :)

ჩემთვის მთავარია ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორია მღვდელმსახური, უბრალო მოკვდავს რას ეუბნება, ანუ "ტაბურეტკის" ხმარებას ასწავლის თუ კაცთმოყვარეობას