Tuesday, June 24, 2014

ტბების მხარე

დღეს უტენას ოლქზე მინდა დავწერო – ჩემთვის, უბრალოდ, ტბების მხარეზე. ვილნიუსიდან ორსაათნახევარი ვიმგზავრეთ. მთელი გზა ვიბრძოლეთ ღამენათევმა მემ და ძილმა და მაინც არ დავნებდი. ჰოდა, რა ხდებოდა გზაში: როგორც მძღოლს, გზებისა და მანქანების ამბებიც მაინტერესებდა. ვიმგზავრეთ არა ავტობანით, არამედ ჩვეულებრივი ორმხრივი გზით, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ-ში იყო დაშვებული (ავტობანებზე, ზამთარ-ზაფხულის სეზონების შესაბამისად, 110-130 კმ/სთ სიჩქარით შეიძლება მოძრაობა). ვიდრე ამას გავიგებდი, ვფიქრობდი, რა მშვიდი და წესრიგის მოყვარულები არიან ლიტველი მძღოლები-მეთქი. წესრიგის მოყვარულები ნამდვილად არიან, მაგრამ ჯარიმებსაც საკმაოდ უფრთხიან. ჩემთვის უხილავი რადარების წყალობით სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 100 ლიტიდან იწყება, რაც დაახლოებით 30 ევროა. ლიტვაში ავტოპარკი ჩვენზე უკეთესი აქვთ; ჩვენი მძღოლის თქმით, ყველაზე იაფად 8-9 წლის მანქანებს იყიდით.
გზისპირები კი, აი ასეთი იყო:
 
 
ლიტვურ სოფლებში ყველა სახლი (ძველი თუ ახალი აშენებული) მსგავსი არქიტექტურის არის, უმეტესად თეთრი ან ყვითელი, შემოუღობავი. ყველა მათგანს გვერდით უდგას ცელოფნით ან შუშით გადახურული პატარა სათბური. შეიძლება ტყისპირად მხოლოდ ერთი, ან ორი-სამი  სახლისგან შემდგარი დასახლება შემოგხვდეთ; მინდვრები უმეტესად დაუმუშავებელია (თუ არ ვცდები, უნაყოფო), თუმცა ამ შესანიშნავ საძოვრებზე საქონელსაც იშვიათად დაინახავთ. როგორც ამბობენ, ხალხი მესაქონლეობას აღარ მისდევს, რადგან ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის გასაღების საშუალება არ აქვთ. ამიტომ ჰყავთ თითო-ოროლა ცხენი, ან ძროხა – მხოლოდ ოჯახის საჭიროებისთვის.
არ შემიძლია, სასაფლაოს ფოტოც არ დავდო. ორი დღის მანძილზე რამდენჯერმე ავუარეთ გვერდი ამ მყუდრო და ლამაზ სასაფლაოს. მე მგონია, რომ სასაფლაოს, როგორც კულტურის ნაწილს, ადგილობრივებზე ძალიან ბევრის თქმა შეუძლია.


 სუდეიკიაი

სუდეიკიაის სახელი, როგორც მითხრეს, დამარილებულ თევზს უკავშირდება. რეგიონის ყველაზე დიდი ტბა ალაუშასიც აქ არის, რომელსაც კიდევ ორი მცირე ტბა უერთდება  (გარს შემოსავლელად 22 კილომეტრის გავლა მოგიწევთ). ესაც ტიპური ლიტვური სახლები და ეზოები:
ყვითელ სახლებს მომდევნო პოსტებშიც მივუბრუნდები
დასახლების კულტურის სახლი და მის წინ აღმართული თევზებიანი დროშა.
როგორც აფიშებიდან ჩანდა – მოწყენილები არ არიან
 
ბოსტნები ქუჩის პირას, ცხადია, შემოუღობავი.
ჩვენნაირი რკინა–ბეტონის გალავნები ლიტვაში არსად მინახავს; თუ მაინც და მაინც, გაზონებს სჯერდებიან.
 
ერთადერთი ეზო, სადაც ვაზი ვნახე. მანამდე მეგონა, რომ ლიტვაში ვაზი არ ხარობს:)

ვფიქრობდი, ტბა ალაუშასზეც აქ მომეყოლა, მაგრამ მგონი ძალიან გრძელი პოსტი გამოდის, ამიტომ ხვალისთვის გადავდებ.


4 comments:

თორნიკე said...

ფოტოებიდან რამხელა სიმშვიდე და სიმყუდროვე მოდის!ასეთი სივრცეები დაუვიწყარი შეგრძნებებით ავსებს ადამიანს.

Keti said...

რეალურად კიდევ მეტი სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდა დამიტოვა ამ ქვეყანამ, ვიდრე ფოტოებზე ჩანს.

Toma said...

Chventana asea saxlebi TItqmis shemougobavi. ha ha xis 60 santimetriani meseri naxo an kidev buchkebis gobe rogorc chven gvakvs saxlis cin mxares. Ukan voobshe araferi gvaqvs. giaa.

Keti said...

ისე მომეწონა ეს... იქაც ზუსტად ასე იყო – მაქსიმუმ ხის მესერი. ჩვენთან კიდევ სახლის ფასი ლამის გალავანი ჯდება:/