ხეები ძალიან მიყვარს და სულაც არ ვთვლი მათ უსულოებად. აი, ერთ-ერთი მათგანი, ასე რომ მომწონს, მინდა, კიდევ დავხატო (როგორც ბავშვობაში), მის ტყეში ვიხეტიალო, ხელები შემოვხვიო – არყის ხე
გამჭვირვალობა ასეთი შთაბეჭდილება მრჩება: დღეს კარგი ტიპობაა იმის ღიად თქმა, რომ გეი ხარ ან ბი. ფეისბუკზე ვნახე: ჭიქებივით უჭახუნებდნენ ერთმანეთს თავის ორიენტაციებს და ამბობდნენ: – გაგვიმარჯოს! – გაგვიმარჯოს!
შოუ–ბიზნესი ტელევიზიით აჩვენეს მღვდელი, რომელსაც უთანხმებდნენ ეკლესიის საძირკვლის გაჭრის ცერემონიაზე წითელი ხალიჩის დაგების დეტალებს. ცერემონიას ჰყავს რეჟისორი. მონტაჟდება ეკრანები...
პარადოქსი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისთვის მშენებარე პირველ ტრასას შეეწირა 1500 ძირი ხე.
"როცა გაივლი იმ მეწვრილმანის ახლოს, თავისი დუქნის კართან რომ ზის, მეკარის ახლოს, ჩიბუხს რომ ეწევა მეეტლეების სადგომთან, მიჩვენე ეს მეწვრილმანე და მეკარე, მათი პოზა, მათი გარეგნული სახე, რომელიც შეიცავს აგრეთვე მათს ზნეობრივ ხასიათს, მიჩვენე ისე, რომ არ ავრიო არც ერთ სხვა მეწვრილმანესა ან მეკარეში, დამანახე – მხოლოდ ერთი სიტყვის დახმარებით, – რით განირჩევა ეს ცხენი ორმოცდაათი სხვა ცხენისაგან, რომლებიც მას უსწრებენ, თუ უკან მიჰყვებიან" – გუსტავ ფლობერი.
ბოლო დროს ორმა თანამედროვე ქართველმა მწერალმა თქვა – ფანტაზიას ვუჩივით (თუმცა ვაფასებთ ფანტაზიის მქონე მწერლებს) და რასაც ვწერთ, მხოლოდ ჩვენ თავს გადახდენილი ან ჩვენი ყურით მოსმენილი ამბებიაო. არ ვიცი, რატომ ჩათვალეს საჭიროდ ამის საჯაროდ აღნიშვნა, მაგრამ საერთო ფონზე ფიქრისას მათი ნათქვამი თავს იჩენს.
მე ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვე ქართულ პროზას კარგად ვიცნობ – ყველაფერს ვკითხულობ, ყველა ავტორს ვადევნებ თვალს, მაგრამ რაც წამიკითხავს, ძირითადად სწორედ ფანტაზიის ნაყოფია ხოლმე – გამოგონილი პერსონაჟები და ამბები (ხშირად უცხოელი მწერლების ნაწარმოებების გმირებისა და სიტუაციების ანარეკლები), ჩაკეტილი სივრცეები – მხოლოდ ემოციური მდგომარეობის საჩვენებლად. აქ, რა თქმა უნდა, შესაბამის ჟანრებს არ ვგულისხმობ, სადაც ფანტაზია მწერლის მთავარი საყრდენია.
ახალი თაობის ავტორების დიდ ნაწილს, მათი ნაწარმოებებიდან გამომდინარე, ეტყობა, რომ თავის საცხოვრებელ ადგილს იშვიათად ტოვებს, მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრეში ტრიალებს, არ ინტერესდება სხვადასხვა თაობის თუ სოციალური წრის ცხოვრებით, არ მოგზაურობს თუნდაც საკუთარ ქვეყანაში, იკვებება კლიშე შეხედულებებით, რომლებსაც თავს ახვევს კინო, ტელევიზია ან ინტერნეტი (ეს ცალკე ფენომენია და მასზე, იქნებ, სხვა წერილში), კითხულობს მოდურ მწერლებს... და ისე წერს. ერთი სიტყვით, მასისგან მათ მხოლოდ წერის სურვილი თუ გამოარჩევთ. ალბათ ამიტომ, ხშირად ხდება, რომ პერსონაჟებს ვერ დაინახავ: პორტრეტს არ აგიწერენ, არც გარემოს – სადაც გმირები მოქმედებენ. დასახლებული პუნქტი უმეტესად თბილისია (ნაწარმოებში ნახსენები რომ არც იყოს, იგულისხმება), ან წარმოსახვითი დიდი ქალაქი – ფილმებიდან თუ წაკითხულიდან მიღებულ შთაბეჭდილებათა ნაზავი; ხოლო ამ მოცემულობის შესაბამისად, აღწერილი ურთიერთობები, სიტუაციები, დიალოგებიც – დაშტამპული. თითქოს არავის აინტერესებს პერიფერია. ან იქნებ ცუდი ტონია არათბილისურ (არადიდქალაქურ) ამბებზე წერა? ფილმების გავლენა კიდევ ცალკე აღსანიშნი ამბავია: აკი, ერთ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილე მოთხრობებზე თქვეს კიდეც – ადვილად მიხვდები, მათ დაწერამდე რომელმა ავტორმა რომელი ჰოლივუდური ფილმი ნახაო.
მე მგონია, კარგი პროზაიკოსისთვის გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების ქონა ისეთივე აუცილებელია, როგორც წერის ტექნიკის ფლობა; ცხოვრებისეულ გამოცდილებაში ბევრის მნახველობას ვგულისხმობ, რაც თავისთავად დაკვირვების უნარსაც მოიცავს და რაზეც მიხეილ ჯავახიშვილი არაჩვეულებრივად წერს თავის ესეში "როგორ ვმუშაობ": "რა მასალა უფრო მშველის – ავტობიოგრაფია, დაკვირვება, წიგნი თუ ჩანაწერები? ყველა ერთად, ცალ-ცალკე კი არცერთი. ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა. თავისუფალი შემოქმედების მაგიერ ბრმა მიმბაძველობა გამოვა. დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიან დამეხმარა. პროზაიკოსისთვის იგი ფრთებს უდრის, უამისოდ ვერ გაფრინდება. შესაძლებელია მან ხალასი ფსიქოლოგიური რამ დასწეროს, მაგრამ ის ვერ შეჰქმნის ცოცხალ ტიპს, ვერ დაგვიხატავს პეიზაჟს, ვერ დაგვანახებს სულიერ-უსულო საგნების ურთიერთობას, ე. ი. ბუნებას, სიცოცხლეს, ცხოვრებას. მისი დანიშნულება კი სწორედ ეს არის და სხვა არაფერი... მარტო წიგნი და კარჩაკეტილობა პატიმრობას უდრის-მეთქი. მწერალმა, ნამეტან კი პროზაიკოსმა, ბევრი უნდა იმოგზაუროს, რათა ყველაფერი ნახოს, განიცადოს, გაიგოს, მოისმინოს და შეისრუტოს, თორემ ვისაც ბევრი არა მიუღია რა, ის ბევრს ვერც მოგვცემს" . აი, ბეგბედერის ენით რომ რომ ვთქვათ: "ყველა მწერალი ჩამშვებია, ყველა ლიტერატურა დამბეზღებელია". არ შეგაშინოთ ამ უსიამოდ მჟღერმა სიტყვებმა, – "გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები".
ყოველთვის მახალისებდა და მომწონდა yahoo-ს ანიმაციები და google-ს ლოგოები, იგივე გუგლ-დუდლები (google-doodles) რომლებსაც განსაკუთრებული თარიღებისთვის ქმნიან და მთავარ გვერდზე ათავსებენ. ეს არაერთხელ მითქვამს, ზოგიერთი შემინახავს კიდეც. დღეს მინდა დავწერო ადამიანზე, რომელიც გუგლის ლოგოებს ქმნის. ეს დენის ჰვანგია, იგივე ჰვანგ ჯეონგ-მოკი, გრაფიკაში მომუშავე არტისტი. ჰვანგი 1978 წელს ნოქსვილში (ტენესის შტატი, აშშ) დაიბადა. ხუთი წლის ასაკიდან კორეაში ცხოვრობდა. 2003 წელს ისევ ნოქსვილში დაბრუნდა. მის მიერ გუგლისთვის შექმნილი პირველი ლოგო "ბასტილიის დღე" იყო, რომელიც 2000 წლის 14 ივლისს გამოქვეყნდა. მას შემდეგ, ჰვანგი ყოველ წელს დაახლოებით 50 ლოგოს ხატავს. თუმცა, გუგლ-დუდლების ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო: პირველი ლოგო – "აალებული კაცის" (Burning Man) ფესტივალზე წარსადგენი კორპორატიული ემბლემა – გუგლის დამაარსებლებმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა, 1998 წელს შექმნეს. 2000 წლიდან კი, გუგლ-დუდლერის ხელმძღვანელობა დენის ჰვანგს მიანდეს – არტისტს, რომელიც დღეისათვის "ყველაზე ცნობილი უცნობი მხატვარია მსოფლიოში – მისი ნამუშევრები არ ინახება მუზეუმებში, თუმცა ასობით მილიონჯერ არის ნანახი".
იაჰუსგან განსხვავებით, რომელიც ანიმაციებს ძირითადი დღესასწაულებისთვის ქმნის, გუგლი გლობალურია: ის აღნიშნავს როგორც საყოველთაო თარიღებს (ახალი წელი, დედამიწის დღე, დედის და მამის დღეები, ოლიმპიური თამაშები...), ასევე მსოფლიოში ცნობილი ადამიანების დაბადების დღეებს (ვან გოგი, რენე მაგრიტი, კარლოს გარდელი, დიზი ჯილესპი, რეი ჩარლზი, ალფრედ ჰიჩკოკი,, მარტინ ლუთერ კინგი...). განსაკუთრებით მომწონს ის, რომ 50-ზე მეტი ქვეყნისთვის სპეციალურად იქმნება ლოგოები მათი დამოუკიდებლობის დღეებისა და სხვა საერო დღესასწაულების, წმინდანთა დღეების, საზოგადო მოღვაწეების დაბადების თარიღების, ქვეყნის "სავიზიტო ბარათად" ქცეული მოვლენების აღსანიშნად (კარგი იქნება, საქართველოც იყოს ამ ჩამონათვალში). 1998 წლიდან 1000-მდე დუდლია შექმნილი.
არქივის თვალიერებისას უმეტესი ლოგოს გამოფენა მომინდა. რა თქმა უნდა, ერთ პოსტში ეს გამიჭირდება, მაგრამ არ შემიძლია, გვერდი ავუარო მხატვრების, მუსიკოსების, მწერლების, მამის დღის, ესპანური და იაპონური დღესასწაულებისთვის შექმნილ ლოგოებს... ვიპოვნე ჩემი საყვარელი მხატვრები:
ნაციონალური ლოგოები კარგად გამოხატავს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. ლოგოები იაპონიისთვის გამორჩევით მომეწონა: ერთადერთი ერია, რომელსაც მოხუცებისა და ბებია-ბაბუის დღეების აღსანიშნი ლოგოები აქვს, რის გამოც კიდევ ერთხელ დავაფასე (ვვარაუდობ, რომ სხვა ქვეყნებში ამ დღეებს არ დღესასწაულობენ); გარდა ამისა, არსებობს იაპონელი მხატვრებისა და რეჟისორის, არჩევნების დღის ლოგოები.
ყველა უფლება დაცულია. ბლოგისმასალების კოპირება, ციტირება და გავრცელებაწყაროს (ბმულის) მიუთითებლად იკრძალება, ხოლო არაელექტრონული საშუალებებით გამოქვეყნებისას აუცილებელია ავტორთან შეთანხმება.
* მე არ ვიცვამ და არასდროს ჩავიცვამ ბუნებრივ ბეწვს. გააცნობიერეთ, რამდენი ცხოველი იხოცება და როგორ სტკივათ მათ ადამიანთა ახირების გამო. მოაწყეთ თქვენი მინიაქცია.