Monday, February 1, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ისეთი მზიანი დღე იყო! თანაც – ორშაბათი, ჰოდა მხატვარი, რომელიც გამახსენდა და ახლა წარმოგიდგენთ კიდეც, ამერიკელი ედვარდ ჰოპერია – ჩემთვის "სინათლისმწერი", თუ შეიძლება, ასე ვუწოდო. მისი ნამუშევრები სწორედ ამით გამოირჩევა – განსაკუთრებული განათებით. ამაზე ცოტა ქვემოთ.

ჰოპერი 1882 წელს, ნიუ–იორკში დაიბადა; აქვე, 1900-1906 წლებში, ხელოვნების სკოლაში რობერტ ანრისთან და კენეტ ჰეის მილერთან სწავლობდა. სწორედ ანრიმ ურჩია თანამედროვე ცხოვრებისეული სცენების ხატვაზე კონცენტრირება. 1910 წლამდე ჰოპერი პარიზში რამდენჯერმე ჩავიდა. იმპრესიონისტების ხელწერამ, მათი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი შუქის და ფერების შესწავლამ ედვარდის ნამუშევრებზეც იქონია გავლენა. ჰოპერი ცდილობდა, თავის ნახატებში ქალაქის და სოფლის ამერიკა გადაეტანა. სინათლე და თანამედროვე ქალაქური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მარტოობა ჰოპერის შემოქმედების მთავარ თემად იქცა.

მისი ადამიანები ხშირად დგანან ფანჯარასთან – მზეს მიფიცხებულები, ან სხედან – პირით სინათლის წყაროსკენ; ისინი მუდმივად ეძებენ შუქს. ღამის თემებიც საოცრად განათებულია, პერსონაჟები კი – ხშირად განმარტოებულები, თითქოს "კადრში" შემთხვევით მოხვედრილი არამთავარი გმირები არიან.

ჰოპერის ნამუშევრებში სინათლის წყარო მიზიდავს და მგონია, რომ მიუხედავად თვალითაღქმული სითბოსი, ამ შენობებსა თუ სივრცეებში ცივა. ხშირად, ჩვენს ცხოვრებაშიც ასე ხდება, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რეალურად, სასურველი სითბო წარმოსახვით ფანჯრებს მიღმა გვეგულება.
*
პირველს, რასაც გამოვფენ, "ზღვისპირა ოთახები" იქნება.
*
"თერთმეტი საათი".
ჰოპერი ხშირად ამახვილებს ყურადღებას დროებზე, კონკრეტული საათი იქნება ეს თუ დღის რომელიმე მონაკვეთი. განათება ყოველთვის შესაბამისია; ადამიანებიც მუდმივად
"გამოიმუშავებენ" სიცოცხლეს..
*
დღეს, რეალურად დათოვლილი პეიზაჟების შემყურემ, კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი სითბოსა და ფერების ნაკლებობა..
"კეიპ კოდის ნაშუადღევი" – ამ კვირის მესამე არჩევანი.

1-7 თებერვალი.

3 comments:

Toma said...

ყველა ადამაინს აქვს რაღაც თავისებური ”წიკი” და ჩემი ასეთი წიკი, სურატებთან დაკავშირებით არის ის რომ საშინალდ არ მსიამოვნებს ისეთი სურათები როლის კარიც ღიაა. მაშინებს ესეთი სურათები, გინდაც ლამაზი ზღვა ჩანდეს.

პ.ს. კარი თუ ღიაა, იმ ოთახში შანსი არაა ვერ დავიძინებ.

Keti said...

მე არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება ღია კართან. საერთოდაც, კარი ერთ–ერთი ისეთი დეტალია.. ფოტოც ხშირად გადამიღია, რა ვიცი :)

Lalena said...

მისი ადამიანები ხშირად დგანან ფანჯარასთან – მზეს მიფიცხებულები, ან სხედან – პირით სინათლის წყაროსკენ; ისინი მუდმივად ეძებენ შუქს


Zalian saintereso iyo, Cven gavugebT erTmaneTs :)))