Monday, March 15, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ვაკვირდები – როგორ მეცვლება გემოვნება (ან იქნებ უწინდელ განწყობებს ვერ ვპოულობ). მაგალითად, წელიწადზე მეტია, რენე მაგრიტი არ გამომიფენია, სამაგიეროდ ველასკესს ვუკირკიტებ ხშირად. სულ სხვა მიმდინარეობაა, სხვა ეპოქა... დღეს მას გამოვფენ.
დიეგო ველასკესზე ერთხელ უკვე დავწერე, ამიტომ ახლა მხოლოდ გამოსაფენ ნამუშევარზე:
"მრთველი ქალები" (Las Hilanderas, სხვა ვერსიით The Fable of Arachne) მხატვრის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შედევრად ითვლება. ის დონ პედრო დელ არკეს – მეფე ფელიპე IV–ის მონადირის – დაკვეთით შეიქმნა. კერძო დაკვეთის გამო გაურკვეველია ნახატის შექმნის თარიღი. სტილისტიკა თუ შინაარსი სპეციალისტებს ორ სხვადასხვა პერიოდზე აფიქრებს – 1657 წელზე ან 1644-1650 წლების მონაკვეთზე. თუმცა მთავარი კითხვები ტილოზე ასახულ თემას ეხება. ითვლებოდა, რომ ნახატზე სანტ–იზაბელის გობელენის სემინარზე მომუშავე ქალები იყვნენ გამოხატული. 1948 წელს კი გამოითქვა აზრი, რომ ველასკესმა რომაელი პოეტის, ოვიდიუს ნაზონის "მეტამორფოზებში" გადმოცემული მითიური ამბავი გააცოცხლა. არაკის მიხედვით, ლიდიელი გოგონა არაქნე ნისლის მსგავსი ძაფებით საუცხოოდ ქსოვდა. ის ხელსაქმეში ათენას გაეჯიბრა. მისი ნამუშევარი ათენას ნახელავს არაფრით ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ჩათვალეს, რომ არაქნემ ღმერთებისადმი უპატივისმცემლობა გამოხატა, რის გამოც დაისაჯა კიდეც: ათენამ ობობად აქცია.
ველასკესის ნახატზე ათენა, მოხუცის სახით შენიღბული, ნახატის მარცხენა მხარეს არის გამოსახული. მარჯვნივ, თეთრებში ჩაცმული არაქნე ზის. იქვეა სამი დამხმარეც. უკანა პლანზე დასრულებული გობელენი ჩანს – ამ შემთხვევაში ტიციანის ნამუშევრის ასლი, რომელიც ესპანეთის სამეფო კოლექციაში ინახებოდა.

15-21 მარტი.

4 comments:

babisa said...

mm ra saintereso istoria hqonia
tan rogor miyvars mitebi, obobis ambavi ar vicodi..
naxatic mshvenieria
da magriti <3

Keti said...

მეც მომწონს ეს მითი :) მაგრამ ძალიან მოკლედ კი დავწერე აქ...

Sophie שרה Golden said...

ზუსტად დღეს ვკითხულობდი ჰემინგუეიზე, რომელსაც ველასკესი უყვარდა და ახლა ვნახე, რომ შენი კედლის სტუმარიც ის ყოფილა. რაღაცნაირად გამიხარდა. რა კარგი შეგრძნებაა, როცა რაღაცაზე/ვიღაცაზე ფიქრობდი/კითხულობდი, შედიხარ ბლოგზე და ხედავ, რომ მასზე სხვაც ფიქრობდა.

Keti said...

კარგია, ასეთი დამთხვევები მეც მიყვარს :)