ამერიკელი მხატვარი ჯონ ვაით ალექსანდერი 1856 წელს პენსილვანიაში, ქალაქ ალეგენში (ახლ. პიტსბურგი) დაიბადა. ადრე დაობლებულს პაპა ზრდიდა. 12 წლიდან ტელეგრაფისტად მუშაობდა, ამავე ასაკიდან გამოავლინა მხატვრობის ნიჭი. 1874 წელს ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ყოველკვირეული გამოცემის, ჰარპერსის, ილუსტრატორად დაიწყო მუშაობა. ნიუ-იორკშივე მიიღო განათლება, ხოლო სამი წლის შემდეგ ევროპაში გაემგზავრა – მოიარა მიუნხენი, ვენეცია, ფლორენცია, ჰოლანდია და პარიზი, სადაც ფერწერასა და გრაფიკას ეუფლებოდა. ალექსანდერი ნიუ-იორკში 1881 წელს დაბრუნდა და წარმატებული ილუსტრატორისა და პორტრეტისტის სახელი მოიპოვა. 1890-1901 წლებში კვლავ პარიზში ცხოვრობდა. 1893 წელს აქვე გაიმართა მისი პერსონალური გამოფენაც, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა, ხოლო 1900 წელს ჩატარებულ "მსოფლიო გამოფენაზე" (ექსპო) ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1909-1915 წლებში ამერიკის დიზაინის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი იყო. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ მუზეუმშია დაცული.
ჯონ ვაით ალექსანდერი ძირითადად პორტრეტებს ხატავდა. მხატვრის ნამუშევრები ადვილი საცნობია ხელწერის წყალობით. მის ქალებს მკვეთრად გამოხატული განწყობა და მსუბუქი, თითქოს ნიავს აყოლილი სხეულები აქვთ, რომლებსაც ასეთივე ქსოვილებით იმოსავენ. ერთ მათგანს – ჩელისტ ქალს დღეს გამოვფენ. ნახატს
"მზის სხივი" ჰქვია (1898).
1–6 აგვისტო.
2 comments:
წინა კვირას ვერ მოვასწარი ნახვა. ძალიან ლამაზი ნახატია და მხატვრის ბიოგრაფიაც საინტერესო. ამერიკელ მხატვრებს ნაკლებად ვიცნობ (უფრო სწორად, მგონი, საერთოდ არ ვიცნობ. სამხრეთ ამერიკელებს არ ვთვლი, ისინი სულ სხვა სამყაროა).
კი, სამხრეთელები სულ სხვა ხალხია, შესაბამისად – მათი ხელოვნებაც :)
Post a Comment