Friday, August 26, 2011

უბრალოდ: დღიურის ერთი ფურცელი

ორი დღეა, სამსახურში გამოვედი და უკვე მეორე პოსტს ვწერ შესვენებებზე. შინ წერის სურვილი არ მიჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით კომფორტულად ვზივარ, არც საქმე და ვალდებულებები მაჩქარებს. უცებ ფენ-შუი გამახსენდა – მგონი ჩემს შემთხვევასაც მოუძებნიდა ახსნას – აქ, ამ ადგილზე, ჩემთვის სიტყვები "იშოვება".
უცნაური დღეა: ერთდროულად მზე და კოკისპირული წვიმა. ცხელი ზაფხულის შესაბამისად მაცვია. არ ვეპუები დაკლებულ ტემპერატურას, თან დილაობით ოდნავი სუსხი მხრებზე ძალიან მსიამოვნებს.
ფეისბუკზე ერთი ფრენდის სტატუსმა დამაფიქრა. წერდა, უნდა ჩავიწერო, ვინ რა მაწყენინა, რადგან ვის რატომ არ ველაპარაკები, აღარ მახსოვსო. ვიფიქრე, კომენტარი დამეტოვებინა, მაგრამ თავი შევიკავე. მინდოდა მეთქვა, ეგ ძალიან მაგარია, შენ ქვეცნობიერად უკვე პატიობ და იმიტომ არ გახსოვს-მეთქი. მე მქონია შემთხვევები, როცა სხვებს უთქვამთ – გახსოვს, ამა და ამან ამ და ამ მიზეზით რომ გაწყენინაო და საოცრად ბუნდოვანი ყოფილა ჩემთვის მოყოლილი ეპიზოდი. ისიც მიფიქრია, ამ ადამიანს თავისი წყენის ამბები ალბათ ყველა წვრილმანის ჩათვლით ახსოვს-მეთქი. არ არის საჭირო წყენის ხშირად გახსენება, დეტალების აღდგენა. ბოღმად ქცევა იცის.
ჰო, დილით ავტობუსით ვიმგზავრე, იძულებით. როგორ ვიდექი, ვერ აღვწერ – ხალხის რაოდენობის გამო აუტანელი იყო. ამ აუტანლობას კიდევ უფრო ართულებდა ერთი ფსევდოინტელექტუალის 50 წუთიანი მონოლოგი, რომელიც იმ თანამგზავრის შეურაცხყოფით დაამთავრა, ვინც კომენტარი შებედა და მის აზრს არ დაეთანხმა. ჰოდა, დღეს უფრო დავაფასე მეტრო. იქ ტვინს არ ბურღავენ. იმდენად არ, რომ წიგნსაც წაიკითხავ.
სამსახურში გასვლასთან ერთად ჩემი მეტროში კითხვის სეზონიც გაიხსნა. ეს ერთადერთი ტრანსპორტია, სადაც გარემოსგან გათიშვას და კითხვას ვახერხებ. რა თქმა უნდა, გრძელი გზაც მიწყობს ხელს. ისე გამომიმუშავდა დილაობით კითხვის მოთხოვნილება, რომ შვებულების დროსაც, საუზმემდე კითხვის ნახევარსაათიან რიტუალს ვიცავდი. ამ “სეზონს” ბორის ვიანით ვხსნი. ვნახოთ, რას მეტყვის.

7 comments:

Anonymous said...

რა კარგია ესეთი პოსტები :)
თუკი გეწერინება რატომაც არა? :)
წყენაზე ვიხალისე, ე.ი. უკვე პატიობს მართლაც, თორე ზოგი ისეთია, მთელი ცხოვრება იმახსოვრებს ;დ

Keti said...

როდე :)
ჰო, რა ძნელია, როცა მთელი ცხოვრება ახსოვთ ის, რისგან გათავისუფლებაც შესაძლებელია :)

Toma said...

ვითომ პატიობს და მიტომ ავიწყდება? მე უფრო თავდაცვის მექანიზმი მგონია :) და არა პატიობა.

წერას რაც შეეხება, ჩემი აზირით კარგია ისეთი რამეების წერა რაც გარკვეულ გავლენას, შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე. გიდნაც დადებითი და გინდაც უარყოფითი.

Kate said...

უიმე. რა სისულელეა წყენების ჩამოწერა. პირიქით, დავიწყება ხომ უფრო მაგარია. თუმცა არსებობს ერთი გამოთქმა ასეთი შინაარსის: არ დაივიწყო, მაგრამ აპატიეო.

ხო, მეტროც მეც ძალიან მიყვარს. და კითხვაც. თუმცა მანდ კითხვის მეშინია. შეიძლება სადმე უფრო შორს გავყვე მატარებელს და ეგ არ არის მთლად კარგი ამბავი.

სხვის განსხვავებულ აზრებს რომ ვერ ეგუებიან, არ მესმის.

Keti said...

* ტომუშკა, ვისთვის როგორ. მე მაინც მგონია, რომ თუ არ ახსოვს, აპატია კიდეც :)
გეთანხმები, კარგია, როცა წაკითხული გვაფიქრებს და რაიმეს გვიტოვებს.


* ქეთ, გამახსენე ეს გამონათქვამი.

მე ჯერ არ მქონია შემთხვევა, რომ ჩემი სადგური ვერ შემემჩნია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ასეც მოხდეს :)

Sophie שרה Golden said...

ბორის ვიანი რას გეტყვის? ყველაზე კარგი თანამგზავრი გიპოვია, ქეთი, ნებისმიერ ტრანსპორტს უხდება, მაგრამ ზოგჯერ მარტო როცა ხარ, მაშინ ჯობია, რადგან ემოციებს ტრანსპორტში ისე ვერ გამოხატავ.
ოჰ, როგორ მომენატრა ჩემი ძველი მეგობარი ვიანი.

პ.ს. აუცილებლად დაწერე, გთხოვ, როგორ მოგეწონება და რომელი ნაწარმოები.

Keti said...

სოფი, კი, ემოციების გამოსახატად ტრანსპორტი თითქოს ცოტა შეუსაბამო ადგილია, მაგრამ რაკი ემოციები უცებ ჩნდებიან... ახლა გამახსენდა ერთი შემთხვევა – სიცილი რომ ვერ შევიკავე, სწორედ მეტროში :)
"გულსაგლეჯს" ვკითხულობ. თუ შევძელი დავწერ, ასე მგონია, რევიუების წერა არ გამომდის.