Monday, December 7, 2015

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი

მეორე ნაწილი
(იხ.: პირველი ნაწილი)
ტექსტი შეიძლება შეიცავდეს სპოილერებს.
 


4 დეკემბერი:
„პაულინა“ (Paulina /La Patota) (2015)
ქვეყანა: არგენტინა /ბრაზილია/საფრანგეთი
რეჟისორი: სანტიაგო მიტრე (Santiago Mitre)

პაულინა წარმატებული ადვოკატია, თუმცა უარს ამბობს კარიერაზე და, მამისა და ბოიფრენდის წინააღმდეგობის მიუხედავად, არგენტინის ღარიბ რეგიონში სოფლის მასწავლებლად მიდის, სადაც ის სხვისთვის განკუთვნილი შურისძიების მსხვერპლი ხდება – აუპატიურებენ. მოძალადეებს შორის მისი მოსწავლეებიც არიან. პაულინა უარს ამბობს დამნაშავეების დასჯაზე, თუმცა მამის ჩარევის შედეგად, რომელიც გავლენიანი მოსამართლეა, ეს ხალხი ისჯება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ბოლომდე ვიყავი ჩართული, დარბაზი უკმარისობის განცდით დავტოვე. პაულინას გადაწყვეტილების მისეული ახსნა მაღალზნეობრივი გადმოსახედიდან გაკეთებულ ბანალურ განაცხადად აღიქმება, რომელსაც გაცილებით „მიწიერი“ მოსაზრებები (მამის, მეგობარი მასწავლებლის, ბოიფრენდის, დეიდის, ვივის) უპირისპირდება. 

6 დეკემბრის ფილმები:
ქვეყანა: ისლანდია /დანია
რეჟისორიგრიმურ ჰაკონარსონი (Grímur Hákonarson)

ყველაზე „ჩემი“ ფილმი წლევანდელ ფესტივალზე ნანახ ფილმებს შორის. ფილმი ეხება ისლანდიის მთიანეთში მცხოვრებ ფერმერ ძმებს – კიდის და გუმის, რომლებიც 40 წელია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ძმების ცხოვრების საზრისს ცხვრის ფარა წარმოადგენს – ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან საუკეთესო ცხვრების გამოყვანაში. ძმების ერთადერთი დამაკავშირებელი ძაღლია, რომელიც წერილებს დაატარებს მათ შორის; მაგრამ ყველაფერი იცვლება, როგორც კი ფერმერებს საყვარელი საქმის კეთებას უკრძალავენ, როცა აიძულებენ, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი, რაც მანამდე შეუქმნიათ. კომედიური მომენტებით გაჯერებულმა ამ დრამამ საბოლოოდ ისე იმოქმედა, რომ ძლივს გამოვაღწიე დარბაზიდან. არ ვაჭარბებ. ძალიან ბევრი სასოწარკვეთაა ამ ადამიანების ქმედებებში. ეს არის გადარჩენის იდეის გამო ბრძოლა მაშინ, როცა იმედი უზომოდ ცოტაა, როცა გრძელვადიანად არაფერია გათვლილი, როცა მთავარია ის, რომ შენი არსებობის საზრისის მცირე ნაწილი მაინც დარჩეს ცოცხალი და მასთან ერთად გააგრძელო სიცოცხლე. ისლანდიის პეიზაჟები ცალკე აღნიშვნას იმსახურებს.


ქვეყანა: ირანი
რეჟისორი: ამირ-ჰოსეინ საღაფი (Amir-Hossein Saghafi)

* ფილმი, რომელშიც სულ წვიმს:)
* ფილმი, რომელსაც რეფრენად გასდევს მონოლოგი შინაარსით: მასთან ყოფნა არ ისურვეს, მისი ლოცვა ვერ გაიგეს, ყველგან სიბნელეა გარდა ცისა.
* ფილმი, რომელზეც მოვიწყინე. ალბათ „ცხვრების“ მერე რომ ვნახე, ამანაც იმოქმედა. ეს განსხვავებული ესთეტიკის ფილმია, უნდა აღიქვა, როგორც პოეზია. თუმცა ეს არ იყო „ჩემი“ პოეზია. 

 
ფილმი ეხება მამა-შვილის ურთიერთობას და შეიძლება განზოგადდეს, როგორც მამებსა და შვილებს შორის აღმართული კედლის შესახებ მოთხრობილ ამბად. ერთ მხარეს არიან მშობლები, რომლებსაც არ სურთ მარტოობა, არ აძლევენ შვილებს მათი ფრთების საფარველიდან გასვლის საშუალებას და მეორე მხარეს – შვილები, რომლებსაც სურთ და უფლება აქვთ, თავისი ცხოვრება ჰქონდეთ – უბადრუკი, მაგრამ მაინც თავისი – და ამის გამო ტოვებენ მამისეულ სახლს. აქ ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. თანაბრად ვუთანაგრძნე სიკვდილის გზაზე დამდგარს და მას, ვინც იგივე გზაზე დადგომამდე საკუთარი ცხოვრების გავლას ითხოვს.


ჯამში, ამ ფესტივალის სამი ფილმი, რომლებიც ძალიან დამამახსოვრდა, არის:
1. "ცხვრები", 2. "შორიდან", 3. "აღთქმადადებული ქალწული".


რაც შეეხება ზოგადად ფესტივალს: როგორც ადრე, ახლაც არ ბრწყინავდა ქართულენოვანი სუბტიტრების ხარისხი: იყო ცუდი თარგმანი უამრავი შეცდომით; იყო შემთხვევა, როცა სუბტიტრების ჩართვა ვერ მოახერხეს და, საბოლოოდ, ფილმი 40 წუთის დაგვიანებით მხოლოდ ინგლისურენოვანი სუბტიტრებით ვნახეთ. მანამდე ბოდიშის მოხდით გვითხრეს, რომ შეგვეძლო ბილეთის ფულის დაბრუნება.
ერთი კომიკური მომენტიც: ბილეთების რიგში გამოირჩეოდა უშველებელი სიით მოსული ერთი ქალბატონი. „ამირანში“ იმ დღეს კომპიუტერის გაუმართაობის გამო ორივე სალარო
არ მუშაობდა და ამიტომ მთელი საათი ან მას ემსახურებოდნენ ან მიმდინარე საბავშვო ფილმისთვის მოსულებს. შვებით ამოსუნთქვის შემდეგ რიგში უნებლიე სიცილი გამოიწვია ამ ქალის მობრუნებამ დამატებითი ბილეთების შესაძენად. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. ეს ქალბატონი თავის ორ დაქალთან ერთად დაახლოებით 4 ფილმზე აღმოჩნდა ჩემ გვერდზე და წილად მხვდა ბედნიერება, მომესმინა ყველა ეპიზოდის განხილვა.
 

აქვე ერთი სურვილიც: რატომ არ შეიძლება რომელიმე კინოთეატრში თუნდაც პატარა დარბაზი დაეთმოს საავტორო ფილმებს ჩემნაირი მაყურებლებისთვის, ვინც კომპიუტერში უგემურად ნახულობს  ფილმებს, ან თითქმის ვერც ნახულობს სწორედ ამ უგემურობის გამო:( თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთგვარი შვებაა ჩემთვის. ასე რომ, ველი მეჩვიდმეტეს:)

2 comments:

Rode said...

"ცხვრებზე" გული დამწყდა, ჩავინიშნავ აუცილებლად, მადლობა ქეთი.

პირველ დღეს ვნახე "ბომბებზე ხმამაღლა". სუბტიტრები გაუფუჭდათ და ბოლომდე ინგლისურად ვუყურეთ, ეგ არაფერი. მერე ეს ხალხი კიდე, მოკლედ თავი დავანებე, დამეზარა სხვა დღეებზე სიარული. აი, შენგან ჩავინიშნავ რამდენიმეს და მერე ინეტის ამარად ვიქნები :დ

Keti said...

როდე, მადლობა გამოხმაურებისთვის:)
ე.ი. სუბტიტრების პრობლემა სხვა ფილმებზეც იყო:( ჰო, ხალხი, რომელიც საუბრობს ფილმის დროს; რომელიც დაწყებულ ფილმზე შემოდის და მაშინ ეძებს ადგილებს და ა.შ.