ავტორებისგან არაერთხელ მსმენია საკუთარი ქმნილებების მიმართ გამოთქმული სენტიმენტალური ეპითეტები. ლექსებს, უმეტესად, შვილებს ადარებენ და გვერდზე გადასადებად არცერთი მათგანი (და არცერთი სიტყვა მათში) არ ეთმობათ. ჩემი აზრით, სწორედ ეს დამოკიდებულება აქცევს ავტორთა
(წინ)სვლას ადგილის ტკეპნად.
პირველადი შერჩევა მხოლოდ პირველადს ნიშნავს და მომავალში კიდევ რამდენჯერმე გახდება საჭირო არჩევანის გადახედვა. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ეს არც თუ ადვილია. ზოგადად, სიძნელე სენტიმენტების (ჩემ შემთხვევაში ყველა ლექსში "გაბნევით" გამოწვეული) მოცილება და რაც მთავარია – უცხო/კრიტიკული თვალით კითხვის შეძლებაა. ეს უკანასკნელი ჩემთვის ნაცნობ, სულ რამდენიმე ახალთაობელ ავტორს ახასიათებს. აქვე თამამად ვიტყვი, რომ არც მე მიჭირს მხოლოდ მკითხველის მანტიის მორგება, თუმცა ლექსების წიგნისთვის გადარჩევა მაინც ძნელად მომეჩვენა.
გადარჩევა თავისთავად ნიშნავს სათითაო ტექსტის წაკითხვას, რაც მათ მოწესრიგებასაც იწვევს – პუნქტუაციის ჩასწორებას და ხან მცირე რედაქტირებასაც, თუკი ამის საჭიროება დგას. თუმცა, გამოქვეყნებამდე, როგორც წესი, ამ ყველაფერს ვაკეთებდი. ალბათ გაჩნდება კითხვა: რატომ ახლაც. დროთა განმავლობაში მომატებულმა გამოცდილებამ და გამძაფრებულმა კრიტიკულმა დამოკიდებულებამ შეიძლება კიდევ აღმომაჩენინოს რაიმე; და რაკი ნაბეჭდ ტექსტში ხარვეზების ნახვა გულს დამწყვეტს, წინასწარ მეტი ყურადღებით ყოფნა მირჩევნია.
გადარჩევამ წიგნის სტრუქტურაზეც დამაწყებინა ფიქრი: ქვეთავების მიხედვით დავყო, თუ არა. თუ კი – ლექსების კიდევ უფრო ვიწრო, შინაარსის მიხედვით დახარისხება მომიწევს. ორივე შემთხვევაში აუცილებელი იქნება თანმიმდევრობის განსაზღვრა. თანმიმდევრობა ჰარმონიული უნდა იყოს. ავიღოთ ნებისმიერი მუსიკალური ალბომი – შემავალი ტრეკების რიგითობა არასდროს არის შემთხვევითი, ის ყოველთვის აწესრიგებს მსმენელის "მაჯისცემას".. ასევეა წიგნშიც.
კიდევ ერთი "თავსატეხი": პასუხისმგებლობა მემატება იმ ლექსების არჩევისას, რომლებიც იანვრის შემდეგ დავწერე და არსად გამომიქვეყნებია. წაკითხვა, შეძლებისდაგვარად, კიდევ უფრო მკაცრი თვალით მიწევს. განვიცდი მათ ბედს, თუმცა ათამდე მაინც მეგულება ისეთი, კრებულში რომ აუცილებლად მოხვდება (მეტი თუ არა).
ახლა კი, ამ გრძელი წერილის ერთგვარი რეზიუმე:
- ლექსები არ არიან შვილები და, მით უმეტეს, კალთაზე ჩამოკიდებულები :)
- კრიტიკული თვალი – პირველ რიგში არა ტექსტის მოსაწესრიგებლად, არამედ წიგნში მისი შეტანის აუცილებლობის განსასაზღვრად. მეორე რიგში გასაკეთებელი – უკვე წაკითხული წინადადების შემადგენელი ნაწილია.
- ხედვა – სივრცის და სივრცეში. ან ასე: მე მიყვარს შენობის დეტალების თვალიერება; ხოლო დეტალების ერთობლიობა ერთ მთლიანს ქმნის – სახლს, რომელშიც ადამიანები შევლენ..
და ბოლოს, პირველ წერილში ვთქვი, რომ ამ ზაფხულის გეგმებზეც დავწერდი. რაკი შერჩევა ერთი დამოუკიდებელი მოქმედებაა (თან, საკმაოდ ვრცელი ტექსტიც გამოვიდა), ამიტომ შემდეგ ნაბიჯზე და შესაბამისად, ზაფხულის გეგმაზე, მომდევნო წერილში მოვყვები.






