Wednesday, December 2, 2009
!!!!!
წიგნი უკვე შინ მაქვს! არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო! უზომოდ მიხარია! ძალიან მომეწონა, ძალიან! და საოცარი გრძნობაა, ასე, დასრულებული რომ მიჭირავს ხელში...
ველოდი, რომ კარგი იქნებოდა, მოლოდინი კი გადაჭარბებით გამართლდა!
საღამოს, სტამბისკენ მიმავალს ცოტა არ იყოს, შემეშინდა; გული ისე მიცემდა... თან, გაღიმებული რომ ვიჯექი, ამას მგზავრების მზერით მივხვდი :)
და ახლა, ამ საღამოს, რამდენიმე ადამიანზე რომ არ დავწერო, შეუძლებელია!
პირველ რიგში კი მეგობარზე, ბლოგზეც რომ არაერთხელ ვახსენე, როცა წიგნისთვის გავლილ ეტაპებზე ვყვებოდი:
განსაკუთრებული მადლობა გიორგი კილაძეს ჩემთვის შეუფასებელი მხარდაჭერისთვის! აი, საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ... სულ თავიდან ვიტყვი: პირველი ლექსი მისი რჩევით, სამი წლის წინ, ფორუმ "ებლიტფოზე" გამოვაქვეყნე. რომ არა ეს ფორუმი, რომელიც გიორგიმ შექმნა, გარემო და განწყობა, რასაც ფორუმი გვთავაზობდა, ის რჩევა და გამხნევება – მე არ გავბედავდი გამხელას, რომ ვწერდი. იქნებ ეს უცნაურად ჟღერს კიდეც, მაგრამ ჩემი ხასიათის გამო ასე იქნებოდა. წიგნისთვის კი საოცრად დამიდგა გვერდში – მორალურად თუ საქმით! ყველა წვრილმანი მის ხელში... და მთელი ეს დრო შინაგანი სიმშვიდე, თავდაჯერებით მოლოდინი არ მომცილებია, ვიცოდი, რომ გული არ დამწყდებოდა. ასეც არის – შედეგი ძალიან კარგია! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! და ყველაფერში მხოლოდ ჩემ წიგნს არ ვგულისხმობ: ამ წლების მანძილზე ვხედავ სხვადასხვა თაობის ავტორების მიმართ მის ქომაგობას, ლიტერატურის სიყვარულს, უამრავ კარგ საქმეს... და მიხარია, რომ მას ვიცნობ!
რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა გამომცემლობა "მერიდიანს"! მის ხელმძღვანელს – ბატონ კახა რუსიძეს და თითოეულ თანამშრომელს – გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისთვის! დიზაინერს – დათო კუტუბიძეს, მაიკო კილაძეს, ასევე სტამბის თანამშრომლებს: ჯუმბერ (ჯუბა) მოთიაშვილს და მის დას – ლელას, შოთა დონაძეს, გოჩა ლაცაბიძეს და ყველა დანარჩენს – მათ სახელებს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ კეთილგანწყობას კი არასდროს დავივიწყებ! ძალიან გამახარეს შედეგით...
ასევე, დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე მხარში მედგა – გულით უხაროდა, ელოდა, მამხნევებდა. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის მხარდაჭერა. აქ, რა თქმა უნდა, თქვენ – ბლოგერებსაც გგულისხმობთ – ძალიან მახარებდა და მახარებს კეთილგანწყობა! ასევე რჩევები, არაერთხელ რომ შემომაშველეთ...
მოკლედ, ახლა ძალიან სენტიმენტალური ვარ :) და ისეთი განცდა მაქვს, რომ საკმარისად მაინც ვერ გამოვთქვი...
კიდევ... ვაცხადებ – მიყვარს ეს კრებული :)
მადლობა კიდევ ერთხელ!
Thursday, November 26, 2009
აკინძვამდე
"მერიდიანის" ყოველდღიური ტემპი – ალბათ ისეთი, როგორიც ჩემთვის ამ დღის იყო..
ახლა შემიძლია ვთქვა, წიგნის ყველა "კომპონენტი" მზად არის. ცოტა ხნის წინ მთელი ტირაჟის ნახვაზე ვწერდი და არ დავაკონკრეტე – ტექსტს ვგულისხმობდი. დღეს კრებულის გასაფორმებელი ფოტოები ამოვბეჭდეთ და ამ საღამოს გარეკანიც ვნახე! ძალიან კმაყოფილი ვარ.. ამ კვირაში წიგნი საბოლოო სახეს მიიღებს. მე კი, ისევ თავიდან – მომდევნო კვირის გასვლას გამძაფრებული მოლოდინით დავუცდი..
უცნაური ემოცია მაქვს: მგონი წიგნში შესულ ლექსებს მთლად გავუუცხოვდი, დამოუკიდებლები გახდნენ. აი, ახლა ვფურცლავ სასიგნალო ეგზემპლარს და ამას უფრო მეტად ვგრძნობ. სამაგიეროდ სხვა ინტერესი მემატება – ვინ წაიკითხავს კრებულს და როგორ აღიქვამს (ოღონდ მკითხველებს არ ვაკლასიფიცირებ. უბრალოდ, მგონია, მთლად უცნობებიც კი კარგი ნაცნობები გახდებიან, ცალმხრივი ნაცნობები. მახსოვს, ერთხელ ვთქვი, ყველა ლექსში ვარ გაბნეული-მეთქი. ჰოდა, ცალმხრივობის მიღმა გადახედვა მინდა). იქნებ სხვა დროს უკეთ ავხსნა..
მოლოდინზე ლექსშიც ვწერდი. თუმცა, მას მერე ერთი ემოცია უამრავად იქცა. თუნდაც იმად, რაც ზემოთ ვთქვი...
წარდგინების სავარაუდო თარიღი კი 9 დეკემბერია. უფრო ზუსტად მოგვიანებით დავწერ :)
Saturday, November 14, 2009
კადრი – ტირაჟი
სტამბაში ჩემი უკვე დაბეჭდილი წიგნი ვნახე! მთელი ტირაჟი...
ემოციებით ვარ სავსე!
ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი. აი, ხომ არის კადრები, რომლებიც არ გვავიწყდება? ასეთი კადრი იქნება ჩემთვის ერთად ნანახი ტირაჟი.
ხარისხი რომ კარგი იქნებოდა, ველოდი და ასეც არის. საოცარი ხალხია "მერიდიანის" თანამშრომლები, თბილი, ღიმილიანი და რაც მთავარია, თავის საქმის კარგი მცოდნეები. ამას მხოლოდ ჩემი წიგნის გამო არ ვამბობ, იქ სხვა წიგნებიც ვნახე...
მოკლედ, სტამბიდან სახეგაბადრული წამოვედი!..
...
დედამ კი ის მითხრა, რასაც ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე – რა იქნებოდა, მამას ენახა შენი წიგნი და შენ – ასე გახარებულიო. მამამ არ იცოდა, რომ ვწერდი...
რატომღაც მგონია, რომ ახლა იცის.
Sunday, October 25, 2009
გარეკანი
Saturday, October 24, 2009
მერიდიანი
მერიდიანი
ჩემი წიგნი ერთ–ერთ საუკეთესო გამომცემლობაში – "მერიდიანში" დაიბეჭდება. მე ის ეტაპი არ გამივლია, რასაც ავტორთა უმეტესობა გადის – სხვადასხვა გამომცემლობებში სიარულითა და დასაბეჭდი წიგნის მათთვის შეთავაზებით. თავიდანვე (რაც წიგნზე სერიოზულად ფიქრი და თანხის მოგროვებაც დავიწყე) ვფიქრობდი, რომ "მერიდიანში" გამოვცემდი. გადაწყვეტილებამდე, უფრო სწორედ – სურვილამდე, პირველ რიგში იმ პოეტურმა კრებულებმა მიმიყვანა, რომლებიც ამ გამომცემლობამ დაბეჭდა და ძალიან კარგი პოლიგრაფიული ხარისხით გამოირჩევა (რეზო გეთიაშვილის და გივი ალხაზიშვილის წიგნებს ვგულისხმობ, ერთ მათგანზე ადრე ვწერდი კიდეც).
"მერიდიანის" დიზაინერის მადლობელი ვარ – ფოტოები დასაბეჭდად მოამზადა და რაც ძალიან მაინტერესებდა (მისი გამოცდილების გამო) – ყდაც მოიწონა. მაკეტის ამობეჭდვამ ჩემი შიში გაფანტა და უკვე ადვილად გადავერთე შემდეგ ეტაპზე. შემდეგ ეტაპში ინფორმაციულ ნაკადს ვგულისხმობ – დღეს ხომ ამდენი რამ ვნახე.
სტამბა
სტამბის სუნი ჩავისუნთქე :) დღეს არა მხოლოდ ყდის მაკეტი ამობეჭდეს, სასიგნალო ეგზემპლარიც დამზადდა. საოცარია, როცა ხელში წიგნად აკინძული ლექსები გიჭირავს; იმის ნახვა, თუ როგორ იქცევა წიგნად – არანაკლები. თვალებგაფართოებული ვუცქერდი: ლექსებიანი ფურცლები როგორ დაიჭრა, როგორ მომზადდა ყდა – არაერთხელ გადაიზომა სიზუსტისთვის (აქ ხომ თითოეულ მილიმეტრს ითვალიწინებენ), სპეციალურ დანადგარებში გადაეკრა გამჭვირვალე ფენა იმ ეფექტის მისაღებად, მე რომ ასე მომწონს; წაესვა წებო, ჩამოიჭრა (მე შეიძლება შესაბამის ტერმინებს ვერ ვამბობდე, ეს ის არის, რასაც თვალით აღვიქვამდი). გულიანად გააკეთეს ჩემი პირველი...
აქვე, ბევრი მინდა ვთქვა ადამიანებზე, რომლებიც სტამბაში მუშაობენ. წიგნის ბეჭდვა რომ შრომატევადი საქმე იყო, კი ვიცოდი, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა ყველა წარმოდგენას გადააჭარბა: საოცრად შრომობს ეს ხალხი, ტირაჟის სათითაო ფურცელი მზადდება – ითვლიან, აწესრიგებენ, ასწორებენ, აკრავენ...
სტამბიდან ფურცლის შრიალის და ამ დანადგარების ხმა გამომყვა, კიდევ – კეთილი სახეები..
მთელი საღამოა, კრებულს ვათვალიერებ – კმაყოფილი ვარ.
ცოტა ხანში გარეკანს ბლოგზეც გამოვფენ.
წინ კი, მერიდიანის დირექტორთან შეხვედრა მელის. დღეს ორიოდე წუთით ვნახე – გავიცანი. ცოტა არ იყოს, განვიცდი ოფიციალურ მოლაპარაკებას, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა – ბოლო დროს ხშირად მაქვს განცდა, რომ მორიგი ბარიერი გადავლახე და შემდეგისკენ მივემართები... ბარიერები – ჩემშივე, ეს ყველაფერი ხომ პირველად ხდება.
Thursday, October 22, 2009
ინდექსი
UDK (უაკ) – უნივერსალურ ათწილად კლასიფიკაციას აღნიშნავს (Universal Decimal Classification). ეს არის მრავალენოვანი საძიებო სისტემა, რომელიც ცოდნის ყველა დარგს მოიცავს. მსაზღვრელები 0–დან 9–ის ჩათვლით ნაწილდება. გამოცემისთვის მინიჭებული ინდექსით შესაძლებელია დარგის ზუსტი განსაზღვრა. მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკები გამოცემებს სწორედ მისი საშუალებით ანიჭებენ კლასიფიკაციას, მათ შორის – ეროვნული ბიბლიოთეკაც (ვისაც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებით უსარგებლია, სისტემატური კატალოგიც ექნება გამოყენებული, მასში გამოცემები ამ მეთოდით არის დახარისხებული).
ჩემი კრებულის ინდექსია:
UDK (უაკ) 821.353.1-1
გ–468
821.353.1-1 აქ ყველა ციფრს თავისი დანიშნულება აქვს და კონკრეტულ დარგთან მივყავართ, ანუ ნაბიჯ–ნაბიჯ:
8 – ენათმეცნიერება. ლინგვისტიკა.
82 – ლიტერატურა. ლიტერატურათმცოდნეობა.
821 – მხატვრული ლიტერატურა ცალკეულ ენებზე.
821.35 – კავკასიური ლიტერატურა.
821.353.1 – ქართული ლიტერატურა.
821.353.1-1 – ქართული პოეზია. ლექსები, ოდები, პოემები, ბალადები და სხვა.
გ – გვარის ინიციალია, 468 – რიგითი ნომერი.
რაც შეეხება ISBN–ს: ინფორმაციის კოპირებამ რომ არ მომიწიოს, ბმულს დავდებ. ნომერს მე არ ავიღებ, გამომცემლობა მიანიჭებს (გამომცემლობა, რომელიც საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესოა და მასზე ვრცლად აუცილებლად დავწერ).
მომავალ ავტორებს მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა დასჭირდებათ, გამოცემისთვის ორივე ნომრის მინიჭება სწორედ აქ ხდება.
Wednesday, October 21, 2009
ყდა და სათაური
ფოტოს გადაღებამდე ერთი კვირით ადრე დასმულმა კითხვამ – ყდა მაქვს თუ არა, უცებ შემაშინა. მივხვდი, დრო რომ აღარ მრჩებოდა და ჩემი გონება მთლიანად ამ საფიქრზე გადაერთო. ამ ზაფხულს მოფიქრებულ ორ ესკიზს მაშინვე ეჭვით ვუცქერდი, თუმცა წიგნის წარმოსასახად არა უშავდათ. სხვათა შორის, მეორე ესკიზი ახლანდელი არჩევანის მატრიცად იქცა, კერძოდ: მაშინ ველოს ბორბალი დავხატე, მასში მზის სიმბოლოც გავაერთიანე. ბორბალი ზუსტად "იმდენი" ჩანდა, როგორც ახლა – ფოტოზე, ერთადერთი განსხვავება მიმართულება იყო. ქვედა, ჰორიზონტალური "სპიცის" ზემოთ სათაურის დაწერას ვაპირებდი. სფეროს, სათაურისა და გვარის ფერი მაშინვე გადავწყვიტე – შინდისფერი (ლექსის – "შინდების" გამო "ჩემს ფერად" არაერთი ადამიანი ასახელებდა). ყველა ამ სიმბოლოში ჩემი რამდენიმე ლექსი "იკითხებოდა". ახლა გადაღებული ფოტოც ლექსის ილუსტრაციაა, მე ვიტყოდი, ავტოპორტრეტი. გაუკვირდება ვინმეს, ავხსნი: ვისაც წაუკითხავს ლექსი "ჩვენ, ორი", ველოსიპედთან დაკავშირებით კითხვა აღარ გაუჩნდება. ლექსში ორი ველოა და რადგან ეს ფოტო ილუსტრაციაა, შემეძლო ორი ველოს გადაღებაც, მაგრამ ამ კადრში (ასეთი რაკურსით გადაღებულში) ორი ველოს ბორბალი ვერ მოთავსდება; ხოლო, რაკი "ავტოპორტრეტიც"...
გამიმართლა, რომ კედელი თითქმის წარმოსახულის მსგავსი იყო. კიდევ, ჰორიზონტალური ხაზი ვახსენე და უცნაურია: კადრში მოხვედრილი ფილაქანი სწორედ ასეთ კუთხეს ქმნის – სათაური მართლაც მის გასწვრივ დაიბეჭდება.
რადგან ყდა ჯერ კიდევ დასამუშავებელია, პოსტს ფოტოს ვერ დავურთავ, ამიტომ დაწვრილებით თხრობას გავაგრძელებ:
ფოტოს გადასაღებად წასულს კადრი ზუსტად მქონდა წარმოდგენილი. მოგვიანებით კი იმაზე მეღიმებოდა – ყდის გაფორმების გასაღებად სათაურს ვთვლიდი, მე კი ჯერ ფოტო გადავიღე და სათაურზე ფიქრი მერე დავიწყე–მეთქი. კომპიუტერის ეკრანზე თვალიერებისას ერთადერთი სიტყვა, რომელიც ამომიტივტივდა, "სვლა" იყო. მაგრამ ვერაფერი გადავწყვიტე. დღეს, ჩემმა მეგობარმა ფოტოს დანახვისას მითხრა: რაიმე ისეთი უნდა დაარქვა, სვლასთან, გეზთან რომ იყოს დაკავშირებულიო. "ჰოდა, იყოს სვლა", ვთქვი მე. მკითხველმა გადაწყვიტოს – საით. მე ვფიქრობ, რომ წინ, როგორ ამბიციურადაც არ უნდა ჟღერდეს. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს :) და ჩემი გავლილი "ეტაპებიც" იძლევა ამის თქმის საშუალებას.
ჯერჯერობით გადაწყდა, რომ სახელი და გვარი თეთრი ფერით დაიბეჭდება, სათაური – შინდისფრად (თავიდან პირიქით შევურჩიეთ ფერები, მაგრამ ფოტომ ვერ მოიხდინა).
ამას გარდა, შიდა გვერდების გასაფორმებელ ფოტოზეც ბევრი ვიფიქრეთ. ძალიან მახარებს, რომ იდეამაც და ფოტოებმაც მოწონება დაიმსახურა; რომ კრებულის დიზაინი ჩემია. არ ვიცი, მკითხველი როგორ მიიღებს, ზუსტად აღიქვამს თუ არა ჩემს ჩანაფიქრებს, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანმაც რომ მოახერხოს ეს, ძალიან დავაფასებ.
ამ საღამოს თვალები კიდევ ერთმა ფრაზამ გამინათა: მან ზუსტად ის ჩაილაპარაკა, რაც მე – ფოტოს გადაღების მერე: ისეთია, ადამიანს თავს გადააშლევინებსო. დღეს ჩემი ყდა კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა ნახა. მოიწონეს. ასევე დედას მოსწონს ძალიან, მეუბნება, რომ უცხოა და ასეთი არსად უნახავს... საინტერესო იქნება, სხვები რას მეტყვიან :)
აი, ასე – დღევანდელი საღამო მოლოდინიდან სიხარულამდე იყო.
მადლობის თქმა ბევრჯერ მომინდება მხარში ასე გულითადად მდგომი მეგობრისთვის..
პ.ს. წერილი გამიგრძელდა და ამიტომ წიგნის ინდექსზე შემდეგ პოსტში დავწერ.
Sunday, October 18, 2009
წიგნის დიზაინი
ორი დღის წინ ვწერდი, როგორ გამიხარდა წიგნის გაფორმებასთან დაკავშირებული იდეის მოწონება. ერთ–ერთ წინა წერილშიც ვახსენე ეს იდეა, მაგრამ რჩევა მჭირდებოდა – ტექნიკურად რამდენად შევძლებდი განხორციელებას.
ახლა კი, დაწვრილებით:
მომწონს აზრი, რომ წიგნში ჩემი გატაცება რამენაირად აისახოს. თანაც მშრალად, ცარიელ გვერდზე დაბეჭდილი ქვეთავის სათაურიც არ მხიბლავს. სულ სამი ქვეთავი იქნება და მათი საწყისი გვერდები ჩემი ფოტოებით მინდა, რომ გაფორმდეს. ორი ფოტო უკვე მქონდა და გუშინ, რაკი აზრი მომიწონეს, მესამეც გადავიღე. საერთოდ, დადგმულ ფოტოებს არ ვიღებ ხოლმე, მაგრამ ახლა იმდენად ზუსტად წარმოვიდგინე... ჩავილაგე ჩანთაში ძველი ფირები და ჩემს ქალაქგარე სახლში ფოტოსესია მოვაწყე :) კადრები ჯერ არ დამიმუშავებია, მაგრამ რასაც ვათვალიერებ, კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება ბეჭდვას, ეს ფოტოიანი გვერდები ცალკე ამოიბეჭდება და აკინძვისას თავ–თავის ადგილზე ჩაერთვება. ჩემთვის ესეც საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება, ძალიან ხელშესახები და ალბათ, ემოციურიც...
წიგნის საბოლოო მომზადებამდე ათიოდე დღე დამრჩა, შემდეგ გამომცემლობას უნდა ჩავაბარო. ალბათ ამ დღეებში არაერთი მოსაყოლი გამიჩნდება.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები: ყდა არ ვიცი, როგორი იქნება, რადგან სათაურიც ვერ მოვიფიქრე ჯერ. უფრო სწორედ, ვერ ამოვარჩიე. სათაურის მიხედვით ჩემი წარმოდგენები ყდის შესახებ უფრო კონკრეტული გახდება (როგორც შიდა გვერდების გაფორმებაზე), ამიტომ, ახლა პირველ რიგში ეს უნდა გადავწყვიტო.
ჩემ ფოტოებზე ზოგადად არაერთხელ მიფიქრია, მათი გამოყენება ყდების გასაფორმებლად შეიძლება–მეთქი. ახლაც ვუშვებ ერთი–ორ სავარაუდო ვარიანტს და ერთის გადაღებას დღესაც შევეცდები, ოღონდ სასურველი ობიექტი თუ ვიპოვე :)
ერთი რამ ზუსტად ვიცი, თუ ყდის გასაფორმებლად ფოტოს ავარჩევ, ის მხოლოდ ჩემი იქნება, თუ არა – პარალელურად ამაზე ფიქრიც მიწევს და, რა თქმა უნდა, იდეებს დიზაინის შესახებ ინტერესით გავეცნობი. რამდენიმე თვისწინანდელი ესკიზები ახლა აღარ მომწონს. საერთოდ კი, ყდა სადა წარმომიდგენია – მჭახე ფერების გარეშე...
ბოლო დროს ბევრი ყდა ვათვალიერე (აქვე, მადლობა ხატიას ყურადღებისთვის – ყდის დიზაინის შესახებ რამდენიმე საიტის მისამართი მომცა, საკმაოდ ინფორმაციული). ერთი რამ ყველგან გათვალისწინებულია: დიზაინი ზუსტად შეესაბამება სათაურს. ალბათ, ჩემი არჩევანის გასაღებიც ეს იქნება, ასე რომ, ვფიქრობ...
პ. ს.
დღეს სასურველი ობიექტი ვიპოვე :)
თითქმის ყველა სპორტული მაღაზია შემოვიარე, სადაც ველოსიპედები იყიდებოდა, მაგრამ ან ისეთ ადგილებზე იყო ეს მაღაზიები, რომ კედელს ვერ მოვძებნიდი ველოს მისაყუდებლად და ან სახემოქუფრულ გამყიდველებს ვერ ვუბედავდი თქმას – მერიდებოდა.
ბოლოს, ველოც ძალიან მომეწონა და მაღაზიის წინა კედელიც ჰგავდა წარმოსახულს, ჰოდა, გავბედე. სხვათა შორის, დიდი ინტერესითა და სიამოვნებით დამეხმარნენ გამყიდველი გოგოები. გამოვაგორეთ ველო. თან გულში ვფიქრობდი, რა იქნება, ახლა ამის ყიდვასაც ვახერხებდე–მეთქი.
მოკლედ, გადავიღე.
და ცნობისმოყვარე გამვლელების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხით გავიგე, რომ ეს ველო 700 ლარი ღირდა (და შეძენაზე ჯერ ისევ ოცნებას შევძლებდი).
ახლა ვათვალიერებ ფოტოებს და ძალიან მომწონს...
ანუ, ეს ამ ეტაპზე ყდის სასურველი ვარიანტია :)
Wednesday, August 19, 2009
დაკაბადონება
ამ მოულოდნელად გაჩენილ მოგონებასა და გაოცებას გვერდზე გადავდებ და ჩემს შემდეგ ნაბიჯზე დავწერ.
აკას ამბავი იმაზე ფიქრმა გამახსენა, რომ გამოუცდელი ადამიანი უფრო დიდ ხანს ანდომებს ყველაფერს. გვერდით გამოცდილი მრჩევლისა და გულშემატკივარის ყოფნა კი ძალიან ბევრს ნიშნავს. საბედნიეროდ, მყავს ასეთი მეგობარი..
ახლა კი, საქმეზე:
ფერისცვალების დღეს ჩემმა საქმემაც ფერი იცვალა – ახალ ეტაპზე გადავედი.
გადარჩევისა და ლექსებისთვის ადგილის მიჩენის შემდეგ საჭირო გახდა მათი ვორდის ფაილიდან გადატანა. რა თქმა უნდა, ამას დამკაბადონებელი აკეთებს, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე, ამ საქმესაც თავად შევეჭიდო. ერთ–ერთი მიზეზი ფინანსური მხარეც არის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარია – საკუთარ წიგნზე თვითონ ვიმუშაო. ერთი საკმაოდ ცნობილი პოეტის მაგალითმაც დამაფიქრა (დასახელებისგან თავს შევიკავებ; ამას წინათ, პირადად მირჩია, თუკი შეგიძლია, უკეთესია, თვითონ გააკეთოო). იმდენი ინერვიულა ხარვეზებით გამოცემული წიგნის გამო! მიუხედავად იმისა, რომ კორექტურას აკეთებდა და ყურადღებითაც იყო, მისმა დამკაბადონებელმა საბოლოო მითითებები არ გაითვალისწინა. ამას გარდა, გადაწყვეტილებისკენ დამკაბადონებლებთან მუშაობით მიღებულმა გამოცდილებამაც მიბიძგა. ადრე, როცა გაზეთ „ქართული წიგნის“ სარედაქციო კოლეგიის აქტიური წევრი ვიყავი, გაზეთის დაკაბადონებაზე დასწრება მიწევდა.
მისთვის, ვინც დღის მანძილზე უამრავი საქმით არის გადაღლილი და მხოლოდ ჩემთვის გამოყოფილ დროს დამითმობს, თითოეულ ჩასასწორებელზე (ან ახალ იდეაზე) თქმა და მერე მისი რეაქცია (თუნდაც უსიტყვო და შეჭმუხნული სახით) უხერხულობას შემიქმნის..
ერთი სიტყვით, ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, შემდეგი ეტაპის გადალახვას თვითონ ვცდი.
ტექსტს PageMaker-ის პროგრამაში დავაკაბადონებ. ჩემი ცოდნა არც თუ ღრმაა, მაგრამ ძირითად საქმეს თავს გავართმევ. რა თქმა უნდა, დამჭირდება საბოლოო გადახედვა და რჩევები, რაში თანადგომასაც მეგობარი, რომლის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, დამპირდა. თავიდან ვფიქრობდი, კრებულის შრიფტად Sylfaen ამერჩია, რადგან ინტერნეტის გამო თვალი მიჩვეული მაქვს და მუშაობაშიც ძირითადად მას ვიყენებ. აღმოჩნდა, რომ ეს შრიფტი PageMaker-ს არ აქვს და ტექსტის მასზე გადაყვანა გამომცემლობაში მოხდებოდა. ამასობაში გაჩნდა რჩევაც – „ლიტ.ნუსხური“. რამდენიმე კარგი პოეტური კრებული სწორედ ამ შრიფტით არის აწყობილი. გადმოვალაგე ყველა ეს გამოცემა და ვთქვი – რატომაც არა. მგონია, რომ ლამაზი შრიფტია. ასე რომ, წინ მხოლოდ ახალი ფაილის გახსნა მრჩებოდა, რაც ამ დილით გავაკეთე კიდეც. რაც შეეხება დაკაბადონებამდე სამუშაო შრიფტს – სჯობს ტექსტი "აკად.ნუსხურში" იყოს გადაყვანილი, რადგან შემდეგ ადვილად ხდება მისი სხვა, სასურველ შრიფტზე გადატანა. თუმცა, ზოგი წიგნს პირდაპირ ამ შრიფტითაც ბეჭდავს. მოკლედ, გემოვნების საკითხია.
აქვე ლექსების დალაგებაზეც ვიტყვი – გადავწყვიტე, კრებული ქვეთავებად დავყო. სავარაუდოდ სამი ქვეთავი იქნება, რომლებშიც ლექსები მათი შინაარსის და ფორმის მიხედვით გადავანაწილე. სამუშაო პერიოდში, რამოდენიმე ლექსს შეიძლება მინიჭებული ადგილი კიდევ შევუცვალო...
წიგნის ზომად 14x19,5 ავირჩიე. ასეთივე ზომა აქვს რეზო გეთიაშვილის კრებულს.
დღეს კიდევ ერთი იდეა მომივიდა თავში, რომელიც წიგნის შიდა გაფორმებას ეხება და მგონი ურიგო არ უნდა იყოს. მასზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, რჩევასაც ვიკითხავ (ტექნიკურად რამდენად შესაძლებელი იქნება განხორციელება) და დიზაინზე მუშაობისას, ვრცლად დავწერ..
ამჯერად სულ ეს არის.
შემდეგი ეტაპი ალბათ სექტემბერში დადგება. აი, ეს იყო ამ ზაფხულის გეგმა, რომელზეც წინა წერილში ვწერდი. ვფიქრობ, ზუსტად მოვახერხე დროის გადანაწილება. ამ ეტაპის გადასალახად წინ კიდევ ერთი თავისუფალი კვირა მაქვს, შემდეგ კი მეგობრის დახმარების დიდი იმედი :)
პ.ს. აქვე მინდა, ერთი სასიამოვნო ფაქტიც აღვნიშნო: წიგნის შესახებ დაწერილი ჩემი წინა წერილი მონოლოგად იქცა ("მონოლოგი პირველ კრებულზე") და ეროვნული ბიბლიოთეკის რიგით მე-5 ლიტერატურულ კრებულში დაიბეჭდება. კრებულს "მონოლოგები და პირისპირ" ჰქვია და მასში არაერთი თანამედროვე ქართველი მწერლის და პოეტის ორიგინალური, ექსკლუზიურად კრებულისთვის შექმნილი მონოლოგი და ლიტერატურულ საკითხებზე გამართული დიალოგი (რუბრიკით "პირისპირ") შევა.
ამ თემაზე მოგვიანებით დავწერ..
Wednesday, July 15, 2009
მოქმედება პირველი – შერჩევა
ავტორებისგან არაერთხელ მსმენია საკუთარი ქმნილებების მიმართ გამოთქმული სენტიმენტალური ეპითეტები. ლექსებს, უმეტესად, შვილებს ადარებენ და გვერდზე გადასადებად არცერთი მათგანი (და არცერთი სიტყვა მათში) არ ეთმობათ. ჩემი აზრით, სწორედ ეს დამოკიდებულება აქცევს ავტორთა
(წინ)სვლას ადგილის ტკეპნად.
პირველადი შერჩევა მხოლოდ პირველადს ნიშნავს და მომავალში კიდევ რამდენჯერმე გახდება საჭირო არჩევანის გადახედვა. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ეს არც თუ ადვილია. ზოგადად, სიძნელე სენტიმენტების (ჩემ შემთხვევაში ყველა ლექსში "გაბნევით" გამოწვეული) მოცილება და რაც მთავარია – უცხო/კრიტიკული თვალით კითხვის შეძლებაა. ეს უკანასკნელი ჩემთვის ნაცნობ, სულ რამდენიმე ახალთაობელ ავტორს ახასიათებს. აქვე თამამად ვიტყვი, რომ არც მე მიჭირს მხოლოდ მკითხველის მანტიის მორგება, თუმცა ლექსების წიგნისთვის გადარჩევა მაინც ძნელად მომეჩვენა.
გადარჩევა თავისთავად ნიშნავს სათითაო ტექსტის წაკითხვას, რაც მათ მოწესრიგებასაც იწვევს – პუნქტუაციის ჩასწორებას და ხან მცირე რედაქტირებასაც, თუკი ამის საჭიროება დგას. თუმცა, გამოქვეყნებამდე, როგორც წესი, ამ ყველაფერს ვაკეთებდი. ალბათ გაჩნდება კითხვა: რატომ ახლაც. დროთა განმავლობაში მომატებულმა გამოცდილებამ და გამძაფრებულმა კრიტიკულმა დამოკიდებულებამ შეიძლება კიდევ აღმომაჩენინოს რაიმე; და რაკი ნაბეჭდ ტექსტში ხარვეზების ნახვა გულს დამწყვეტს, წინასწარ მეტი ყურადღებით ყოფნა მირჩევნია.
გადარჩევამ წიგნის სტრუქტურაზეც დამაწყებინა ფიქრი: ქვეთავების მიხედვით დავყო, თუ არა. თუ კი – ლექსების კიდევ უფრო ვიწრო, შინაარსის მიხედვით დახარისხება მომიწევს. ორივე შემთხვევაში აუცილებელი იქნება თანმიმდევრობის განსაზღვრა. თანმიმდევრობა ჰარმონიული უნდა იყოს. ავიღოთ ნებისმიერი მუსიკალური ალბომი – შემავალი ტრეკების რიგითობა არასდროს არის შემთხვევითი, ის ყოველთვის აწესრიგებს მსმენელის "მაჯისცემას".. ასევეა წიგნშიც.
კიდევ ერთი "თავსატეხი": პასუხისმგებლობა მემატება იმ ლექსების არჩევისას, რომლებიც იანვრის შემდეგ დავწერე და არსად გამომიქვეყნებია. წაკითხვა, შეძლებისდაგვარად, კიდევ უფრო მკაცრი თვალით მიწევს. განვიცდი მათ ბედს, თუმცა ათამდე მაინც მეგულება ისეთი, კრებულში რომ აუცილებლად მოხვდება (მეტი თუ არა).
ახლა კი, ამ გრძელი წერილის ერთგვარი რეზიუმე:
- ლექსები არ არიან შვილები და, მით უმეტეს, კალთაზე ჩამოკიდებულები :)
- კრიტიკული თვალი – პირველ რიგში არა ტექსტის მოსაწესრიგებლად, არამედ წიგნში მისი შეტანის აუცილებლობის განსასაზღვრად. მეორე რიგში გასაკეთებელი – უკვე წაკითხული წინადადების შემადგენელი ნაწილია.
- ხედვა – სივრცის და სივრცეში. ან ასე: მე მიყვარს შენობის დეტალების თვალიერება; ხოლო დეტალების ერთობლიობა ერთ მთლიანს ქმნის – სახლს, რომელშიც ადამიანები შევლენ..
და ბოლოს, პირველ წერილში ვთქვი, რომ ამ ზაფხულის გეგმებზეც დავწერდი. რაკი შერჩევა ერთი დამოუკიდებელი მოქმედებაა (თან, საკმაოდ ვრცელი ტექსტიც გამოვიდა), ამიტომ შემდეგ ნაბიჯზე და შესაბამისად, ზაფხულის გეგმაზე, მომდევნო წერილში მოვყვები.
Saturday, July 11, 2009
სტარტი: ონლაინ
ამ იდეის აღწერამდე კიდევ ერთი ახალი ბლოგი რომ არ ვახსენო, არ შემიძლია. ანი ონლაინ აპირებს დისერტაციისთვის (რომლის თემაც ნიუ–მედია იქნება, კერძოდ ქართული ბლოგინგი) კვლევის ჩატარებას. მშვენიერი აზრია, ასევე – ორიგინალური. ჩემი გადაწყვეტილების ინსპირირება კი ფაქტია, დათოს ბლოგიდან წამოვიდა (რაც ცოტა ხნის წინ მეგობრის მიერ მენეჯმენტის ანა–ბანაზე ნათქვამი რამდენიმე სიტყვის გახსენებამაც გაამყარა). ალბათ ყველაფერი "სახლის" ბრალია..
რომელი სახლი? მაშ ასე:
ვიქნები პირველი, ვინც ონლაინ "დაბეჭდავს" წიგნს. ანუ: აღვწერ ყველა წვრილმანს, რისი გათვალისწინებაც კრებულის გამოცემისთვის გავლილ გზაზე მომიწევს. მთელი საღამო ვფიქრობდი ამ იდეაზე და პროცესის საჯაროდ წარმართვის დადებითი მხარეების შესახებ რამდენიმე დასკვნაც გავაკეთე. მგონია, რომ ეს:
- დაეხმარება ავტორებს, რომლებიც პირველი წიგნის გამოცემაზე ფიქრობენ და ვისაც, ჩემს მსგავსად, სიტყვის საქმედ გადაქცევის პროცესის ამუშავება აბურდულ გორგალში ძაფის წვერის ძებნას აგონებთ;
- რაც მთავარია, დამეხმარება მე, რადგან ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, იმ საქმის წამოწყება, რაშიც გამოუცდელი ვარ (და შესაბამისად, ძნელად მეჩვენება), მიჭირს. სტარტის საჯაროდ გამოცხადება კი, ჩემთვის უკვე ნიშნავს რეალური ნაბიჯის გადადგმას და იმასაც, რომ უკან ვეღარ დავიხევ :)
- გარკვეულწილად დამეხმარება კრებულის პიარისთვის. საკუთარი შემოქმედების რეალიზაციის შესახებ რამდენიმე ხნის წინ დაწერილ წერილში პირველ პუნქტად გამოტანილი ინტერნეტრესურსების გამოყენების საკმაოდ საინტერესო ხერხად (წარდგენის ერთ–ერთ ფორმად) ახლა წიგნის ონლაინ შექმნის იდეასაც ვთვლი.
რაკი კრებულის გამოცემაზე ფიქრს მთლად ნულიდან არ ვიწყებ, სულ ცოტა ხანში მოგიყვებით იმაზე, რაც აქამდე გავაკეთე; ასევე – სექტემბრამდე მოსაგვარებელ საქმეებზეც..













