Wednesday, October 21, 2009

ყდა და სათაური

დღეს წიგნზე ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი: უკვე ვიცი, როგორი ყდა ექნება და რა ერქმევა. ვფიქრობ, აზრს აღარ შევიცვლი. ამას გარდა, ავიღე წიგნის ინდექსი. ახლა კი თანმიმდევრობით, პირველად – უფრო ემოციურით:

ფოტოს გადაღებამდე ერთი კვირით ადრე დასმულმა კითხვამ – ყდა მაქვს თუ არა, უცებ შემაშინა. მივხვდი, დრო რომ აღარ მრჩებოდა და ჩემი გონება მთლიანად ამ საფიქრზე გადაერთო. ამ ზაფხულს მოფიქრებულ ორ ესკიზს მაშინვე ეჭვით ვუცქერდი, თუმცა წიგნის წარმოსასახად არა უშავდათ. სხვათა შორის, მეორე ესკიზი ახლანდელი არჩევანის მატრიცად იქცა, კერძოდ: მაშინ ველოს ბორბალი დავხატე, მასში მზის სიმბოლოც გავაერთიანე. ბორბალი ზუსტად "იმდენი" ჩანდა, როგორც ახლა – ფოტოზე, ერთადერთი განსხვავება მიმართულება იყო. ქვედა, ჰორიზონტალური "სპიცის" ზემოთ სათაურის დაწერას ვაპირებდი. სფეროს, სათაურისა და გვარის ფერი მაშინვე გადავწყვიტე – შინდისფერი (ლექსის – "შინდების" გამო "ჩემს ფერად" არაერთი ადამიანი ასახელებდა). ყველა ამ სიმბოლოში ჩემი რამდენიმე ლექსი "იკითხებოდა". ახლა გადაღებული ფოტოც ლექსის ილუსტრაციაა, მე ვიტყოდი, ავტოპორტრეტი. გაუკვირდება ვინმეს, ავხსნი: ვისაც წაუკითხავს ლექსი "ჩვენ, ორი", ველოსიპედთან დაკავშირებით კითხვა აღარ გაუჩნდება. ლექსში ორი ველოა და რადგან ეს ფოტო ილუსტრაციაა, შემეძლო ორი ველოს გადაღებაც, მაგრამ ამ კადრში (ასეთი რაკურსით გადაღებულში) ორი ველოს ბორბალი ვერ მოთავსდება; ხოლო, რაკი "ავტოპორტრეტიც"...
გამიმართლა, რომ კედელი თითქმის წარმოსახულის მსგავსი იყო. კიდევ, ჰორიზონტალური ხაზი ვახსენე და უცნაურია: კადრში მოხვედრილი ფილაქანი სწორედ ასეთ კუთხეს ქმნის – სათაური მართლაც მის გასწვრივ დაიბეჭდება.
რადგან ყდა ჯერ კიდევ დასამუშავებელია, პოსტს ფოტოს ვერ დავურთავ, ამიტომ დაწვრილებით თხრობას გავაგრძელებ:

ფოტოს გადასაღებად წასულს კადრი ზუსტად მქონდა წარმოდგენილი. მოგვიანებით კი იმაზე მეღიმებოდა – ყდის გაფორმების გასაღებად სათაურს ვთვლიდი, მე კი ჯერ ფოტო გადავიღე და სათაურზე ფიქრი მერე დავიწყე–მეთქი. კომპიუტერის ეკრანზე თვალიერებისას ერთადერთი სიტყვა, რომელიც ამომიტივტივდა, "სვლა" იყო. მაგრამ ვერაფერი გადავწყვიტე. დღეს, ჩემმა მეგობარმა ფოტოს დანახვისას მითხრა: რაიმე ისეთი უნდა დაარქვა, სვლასთან, გეზთან რომ იყოს დაკავშირებულიო. "ჰოდა, იყოს სვლა", ვთქვი მე. მკითხველმა გადაწყვიტოს – საით. მე ვფიქრობ, რომ წინ, როგორ ამბიციურადაც არ უნდა ჟღერდეს. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს :) და ჩემი გავლილი "ეტაპებიც" იძლევა ამის თქმის საშუალებას.

ჯერჯერობით გადაწყდა, რომ სახელი და გვარი თეთრი ფერით დაიბეჭდება, სათაური – შინდისფრად (თავიდან პირიქით შევურჩიეთ ფერები, მაგრამ ფოტომ ვერ მოიხდინა).
ამას გარდა, შიდა გვერდების გასაფორმებელ ფოტოზეც ბევრი ვიფიქრეთ. ძალიან მახარებს, რომ იდეამაც და ფოტოებმაც მოწონება დაიმსახურა; რომ კრებულის დიზაინი ჩემია. არ ვიცი, მკითხველი როგორ მიიღებს, ზუსტად აღიქვამს თუ არა ჩემს ჩანაფიქრებს, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანმაც რომ მოახერხოს ეს, ძალიან დავაფასებ.
ამ საღამოს თვალები კიდევ ერთმა ფრაზამ გამინათა: მან ზუსტად ის ჩაილაპარაკა, რაც მე – ფოტოს გადაღების მერე: ისეთია, ადამიანს თავს გადააშლევინებსო. დღეს ჩემი ყდა კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა ნახა. მოიწონეს. ასევე დედას მოსწონს ძალიან, მეუბნება, რომ უცხოა და ასეთი არსად უნახავს... საინტერესო იქნება, სხვები რას მეტყვიან :)

აი, ასე – დღევანდელი საღამო მოლოდინიდან სიხარულამდე იყო.
მადლობის თქმა ბევრჯერ მომინდება მხარში ასე გულითადად მდგომი მეგობრისთვის..

პ.ს. წერილი გამიგრძელდა და ამიტომ წიგნის ინდექსზე შემდეგ პოსტში დავწერ.

2 comments:

ნასტასია said...

vai,ra kargia,ase yvelaferse she ro zrunav da mer eimas igeb,rag gindoda...
ragac mgonia,ro shvilivit unda giyavrdes sheni cigni. . .

:)

Keti said...

კიი, განსაკუთრებული გრძნობაა... არ ვიცი, სხვაგვარად ალბათ ვერც შევძლებდი, ყველაფერზე რომ არ მეზრუნა. თუმცა, მთლად მარტოს – დახმარების გარეშე გამიჭირდებოდა.
შეიძლება ითქვას, უკვე მიყვარს :)