Showing posts with label ინდექსი. Show all posts
Showing posts with label ინდექსი. Show all posts

Thursday, October 22, 2009

ინდექსი

ამ საღამოს ვწერდი, წიგნის ინდექსი ავიღე–მეთქი. თუ რა არის ინდექსი და ISBN–ის საერთაშორისო ნომერი, შევეცდები, მოკლედ მოვყვე. ნებისმიერ ოფიციალურ გამოცემას ახლავს ორივე. თუ გადაათვალიერებთ თქვენი ბიბლიოთეკის წიგნებს, მათში ამ ნომრებს აუცილებლად აღმოაჩენთ (რა თქმა უნდა, უძველესი ან არაოფიციალური გამოცემების გარდა). პროფესიიდან გამომდინარე ეს აღნიშვნები ჩემთვის უცხო არ არის. არ ვიცი, მკითხველისთვის რამდენად საინტერესო იქნება ამ თემაზე დაწერილი პოსტი, მაგრამ ეს ხომ წიგნის ბეჭდვის ონლაინ მიმდინარე პროცესია, ამიტომ ამ ეტაპს გვერდს ვერ ავუვლი; თანაც, თუ ვინმე წიგნის გამოცემას გადაწყვეტს, იგივე გზის გავლა მოუწევს.

UDK (უაკ) – უნივერსალურ ათწილად კლასიფიკაციას აღნიშნავს (Universal Decimal Classification). ეს არის მრავალენოვანი საძიებო სისტემა, რომელიც ცოდნის ყველა დარგს მოიცავს. მსაზღვრელები 0–დან 9–ის ჩათვლით ნაწილდება. გამოცემისთვის მინიჭებული ინდექსით შესაძლებელია დარგის ზუსტი განსაზღვრა. მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკები გამოცემებს სწორედ მისი საშუალებით ანიჭებენ კლასიფიკაციას, მათ შორის – ეროვნული ბიბლიოთეკაც (ვისაც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებით უსარგებლია, სისტემატური კატალოგიც ექნება გამოყენებული, მასში გამოცემები ამ მეთოდით არის დახარისხებული).

ჩემი კრებულის ინდექსია:
UDK (უაკ) 821.353.1-1
გ–468

821.353.1-1 აქ ყველა ციფრს თავისი დანიშნულება აქვს და კონკრეტულ დარგთან მივყავართ, ანუ ნაბიჯ–ნაბიჯ:

8 – ენათმეცნიერება. ლინგვისტიკა.
82 – ლიტერატურა. ლიტერატურათმცოდნეობა.
821 – მხატვრული ლიტერატურა ცალკეულ ენებზე.
821.35 – კავკასიური ლიტერატურა.
821.353.1 – ქართული ლიტერატურა.
821.353.1-1 – ქართული პოეზია. ლექსები, ოდები, პოემები, ბალადები და სხვა.

გ – გვარის ინიციალია, 468 – რიგითი ნომერი.

რაც შეეხება ISBN–ს: ინფორმაციის კოპირებამ რომ არ მომიწიოს, ბმულს დავდებ. ნომერს მე არ ავიღებ, გამომცემლობა მიანიჭებს (გამომცემლობა, რომელიც საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესოა და მასზე ვრცლად აუცილებლად დავწერ).
მომავალ ავტორებს მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა დასჭირდებათ, გამოცემისთვის ორივე ნომრის მინიჭება სწორედ აქ ხდება.